მაგათი "ჰამბურგში"? - მაგ ბედოვლათებს მხოლოდ დესპოტი ფელიქსი თუ უშველისო...

AutoSharing Option
3:3 "შალკესთან", 1:5 "ჰოფენჰაიმთან", დასჯილი ფეხბურთელები, საგონებელში ჩავარდნილი ფანები, უიდეო მწვრთნელი და სასოწარკვეთილი ხელმძღვანელები - "ჰამბურგი", როგორც ყოველთვის, თავის სტიქიაშია.

ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ დასჯილი ფეხბურთელების რაოდენობა ქულების რაოდენობაზე მეტია...

"ჰოფენჰაიმთან" განადგურების შემდეგ მწვრთნელმა ტორსტენ ფინკმა ფეხბურთელები ორი დღით დაასვენა, მარცხენა მცველი დენის აოგო კი მაშინვე მალიორკაზე გაფრინდა და მაგრად გაერთო, რის გამოც 26 წლის ფეხბურთელი ფინკმა დასაჯა - დროებით გუნდიდან მოკვეთა.

მასთან ერთად, დასჯილია 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი თომას რინკონიც, რომელიც ასევე მალიორკაზე იმყოფებოდა.

"როგორც ჩანს, ეს
ფეხბურთელები ვერ მიხვდნენ და დღემდე ვერ ხვდებიან, რაც ნიშნავდა "ჰამბურგისთვის" ის წაგება. მწვრთნელმა ფეხბურთელებს ორი თავისუფალი დღე იმისათვის კი არ მისცა, რომ მალიორკაზე გაფრენილიყვნენ, არამედ იმისათვის, რომ ყველაფერზე კარგად დაფიქრებულიყვნენ",
- ეს "ჰამბურგის" ბოსის, კარლ იარხოვის სიტყვებია.

თუმცა "ჰამბურგი" რისი "ჰამბურგია", ყველაფერს ასე უმტკივნეულოდ რომ ჩაევლო: 22 აგვისტოს ფინკმა ყველასათვის მოულოდნელად თქვა, აოგოს დასჯა მე არ გადამიწყვეტიაო.

მოგვიანებით მენეჯერ ოლივერ კროიცერსა (რომელიც ფინკის მეგობარია) და იარხოვს შორის შეხვედრა შედგა, რომელზეც გადაწყდა, რომ აოგო დისკვალიფიცირებულია.

როგორც ჩანს, მწვრთნელსა და ხელმძღვანელობას შორის უკვე უთანხმოებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერლინში და "ბრაუნშვაიგთან" წარუმატებლობების შემთხვევაში, დიდი შანსია, ფინკი გააგდონ.

ამასობაში პრობლემებია პაულ შარნერთან დაკავშირებით - 33 წლის მცველი კონტრაქტის გაწყვეტაზე უარს აცხადებს, რადგან არ უნდა, რომ ახალი კლუბის პოვნის შემდეგ საკომპენსაციო თანხა, რაც 450 000 ევროს შეადგენს, "ჰამბურგს" უკან დაუბრუნოს.

ფელიქსი მხსნელად?
ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, უკვე რამდენიმე დღეა, "ჰამბურგის" კულუარებში ხშირად ახსენებენ 60 წლის ფელიქს მაგათის გვარს, რომელიც აქტიური სპორტული კარიერის საუკეთესო წლებში სწორედ ჩრდილოგერმანული კლუბის ფეხბურთელი იყო.

მაგათი "ჰოფენჰაიმთან" თამაშსაც დაესწრო და რაც მთავარია, "დესპოტი ფელიქსი" უმუშევარია.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ჰამბურგის" ბოსები რამდენიმე ვარიანტზე ფიქრობენ: მაგათი მთავარ მწვრთნელად, მაგათი მწვრთნელ-მენეჯერად და მაგათი სპორტულ დირექტორად.

ზოგადად, ცნობილია, რომ ფელიქსი "ჰამბურგის" პრეზიდენტობაზე ოცნებობს.

ფაქტი ერთია: "ჰამბურგში" წლების მანძილზე სრული ქაოსია და ამ გუნდში სიტუაციას სწორედ "დესპოტი ფელიქსი" თუ დაალაგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა იდეინია ეს ავტორი, გოტფრიდ ლენცი რო დაირქვა, საინტერესოა სამეგობროში ვინმე ოტო კოსტერიც ხო არ მოეძებნება :D
000
27 აგვისტო 2013 17:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული