კლოპი უკვე დაისაჯა, მაკლარენი განაჩენს ელის

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-12 ტურმა, როგორც ყოველთვის, ბევრი გაახარა და ბევრიც დაამწუხრა, მაგრამ ყველაზე მეტად ორი მწვრთნელი განრისხდა. ერთი უკვე დააჯარიმეს, მეორე კი განაჩენს ჯერ კიდევ ელოდება. ვგულისხმობთ დორტმუნდის ”ბორუსიას“ დამრიგებელ იურგენ კლოპს და ”ვოლფსბურგის“ თავკაც სტივ მაკლარენს.

კლოპის ამბავი
იურგენი „ჰამბურგთან“ მატჩის 41-ე წუთზე განრისხდა და თანაც იმდენად, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ თვითონვე მოიხადა ბოდიში, რადგან მიხვდა, რომ აშკარად გადაამეტა. იმის გამო, რომ მარიო გიოტცეს წაქცევისთვის (ასპროცენტიანი ჯარიმა არც ყოფილა) მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა, იურგენმა ჯერ მთავარ არბიტრს უქნია ხელ-ფეხი,
მერე კი მეოთხე მსაჯს მისდგა, სახე სახესთან მიუტანა და ისე შეუღრინა, საკვირველია, კბილები რომ არ დაიმტვრია. მატჩის შემდეგ კი კლოპმა თქვა: „იდიოტი ვარ. მომენტი განმეორებით ვნახე და საკუთარი თავის შემეშინდა. მსაჯს ბოდიშს ვუხდი.“

საინტერესო ისაა, რომ არბიტრთა ბრიგადამ ბოდიში მაშინვე მიიღო - საჩივარი კი არ დაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლოპს სასჯელი არ ემუქრებოდა. თუმცა გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომისიამ ეს ამბავი მაინც განიხილა - კლოპს 10 000 ევროს გადახდა დააკისრეს.

მაკლარენის ამბავი
„შალკესთან“ თამაშის (2:2) დასრულების შემდეგ, „მგლების“ დამრიგებელი მოედანზე შევარდა და მსაჯ ვოლფგანგ შტარკს ირონიული ღიმილით ტაშს უკრავდა. მიზეზი: გელზენკირხენელთა თავდამსხმელმა კლაას-იან ჰუნტელაარმა ანგარიში მას მერე გაათანაბრა, რაც ბურთი ხელით გაისწორა. მაკლარენი: „ტაშს არ ვუკრავდი, უბრალოდ ვუჩვენებდი, რომ ჰუნტელაარს ბურთი ხელზე მოხვდა“. ინგლისელი სპეციალისტი ამას იმიტომ ამბობს, რომ დისკვალიფიკაციის ეშინია.

ფაქტი ისაა, რომ მსაჯების დამკვირვებელმა ლუტც-მიხაელ ფრიოლიხმა პროტოკოლში მაკლარენის ამბავი ჩაწერა და „ვოლფების“ მწვრთნელს სავარაუდოდ დისკვალიფიკაციას მიუსჯიან. სხვათა შორის, ამ მატჩში შტარკმა მაკლარენის ასისტენტი პიერ ლიტბარსკი მოედნიდან გააძევა - ტრიბუნაზე უკრა თავი. მიზეზი: ლიტბარსკი მეოთხე მსაჯს ეჩხუბებოდა. მოკლედ, მაკლარენს ან ფულს გადაახდევინებენ, თუ არა და „ვოლფსბურგის“ მომდევნო მატჩის დროს (ზანკტ პაულისთან) ტრიბუნაზე მოუწევს ჯდომა.


პინოლამ შვაინშტაიგერს შეაფურთხა
ბავრიული დერბის შემდეგ, რომელიც „ბაიერნმა“ 3:0 მოიგო, ბასტიან შვაინშტაიგერმა წუწუნი მორთო. მიუნხენელთა ნახევარმცველი „ნიურნბერგის“ მარცხენა მცველ ხავიერ პინოლაზე იყო გაბრაზებული. „თავზე დამაფურთხა! ასეთი რამ ჩემს კარიერაში პირველად მოხდა. დასაჯეთ ეს იდიოტი!“

შვაინშტაიგერს ტელეკომპანია „სქაის“ პირდაპირ ეთერში ფრანც ბეკენბაუერმაც აუბა მხარი. კაიზერ-ფრანცმა ლამის იყვირა: „მე რომ შვაინშტაიგერის ადგილზე ვყოფილიყავი, პინოლას პანღურს ამოვარტყამდი, თანაც, ისე ძლიერად, რომ სტადიონიდან გაფრენილიყო!“

შვაინშტაიგერის პასუხი: „მეც მინდოდა საკადრისი პასუხის გაცემა... კარგი იქნება, თუ პინოლა მეტად იაზროვნებს, მაგრამ როგორც ჩანს, უტვინოა.“

აღსანიშნავია, რომ შეფურთხებამდე შვაინშტაიგერი და პინოლა ერთმანეთს რამდენჯერმე წაეკიდნენ. „ნიურნბერგის“ მენეჯერი მარტინ ბადერი ამბობს, დავინახე, როგორ ჩაარტყა შვაინშტაიგერმა პინოლას უდაყვიო. პინოლა: „შვაინშტაიგერს შეუძლია, ილაპარაკოს, რაც უნდა. მეტს არაფერს ვიტყვი.“ ფაქტი ის არის, რომ გამეორებაზე კარგად ჩანს, როგორ შეაფურთხა არგენტინელმა შვაინის, რის გამოც პინოლას დისკვალიფიკაცია ემუქრება.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ უშუალოდ „ბაიერნშიც“ დაფიქსირდა ერთი დაპირისპირება: ჰამით ალთინთოფი მწვრთნელ ლუის ვან გაალზე გაბრაზდა. მიზეზი ის იყო, რომ ლუისმა თურქი ნახევარმცველი თომას მიულერით შეცვალა, რის შემდეგაც, ალთინთოფი ჰოლანდიელ სპეციალისტს დიდხანს ეკამათა. ვან გაალს კი ჰამითზე არაფერი უთქვამს, სამაგიეროდ, მარიო გომესი გააკრიტიკა - თავდამსხმელი, რომელმაც დერბიში დუბლი შეასრულა და თან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ლუისმა თქვა: „დაუჯერებელია, როგორ ვერ გაიტანა პენალტი. ფაქტია, რომ ამის მერე გომესს თერთმეტმეტრიანის დარტყმა დიდხანს აღარ მოუწევს.“

...და სხვათა შორის, ვან გაალმა „დორტმუნდსაც“ გაჰკრა კბილი, „ბორუსიას“ ამ ეტაპზე ძალიან მაგრად უმართლებსო...


ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 4-2-2-2)
ოლივერ ბაუმანი (ფრაიბურგი) - ფილიპ ლამი (ბაიერნი), მარკო რუსი (აინტრახტი), ნევენ სუბოტიჩი (ბორუსია დ), მარსელ შეფერი (ვოლფსბურგი) - კრისტიან ტიფერტი (კაიზერსლაუტერნი), მაიკლ ბრედლი (ბორუსია მ) - შინჯი კაგავა (ბორუსია დ), რენატო (ლევერკუზენი) - რაულ ბობადილია (ბორუსია მ), მარიო გომესი (ბაიერნი)

12 ტურში ექვსჯერ მოხვდე სიმბოლურ ნაკრებში, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და თუ ასე გააგრძელებს, დორტმუნდის „ბორუსიას“ იაპონელი გამთამაშებელი შინჯი კაგავა აუცილებლად სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. კაგავა ყველა მატჩში უდიდესი აღმაფრენით თამაშობს და იმ ექვს ტურშიც კი, როცა სიმბოლურში ვერ მოხვდა, უმეტესად ძალიან ახლოს იყო ტურის რჩეულთა შორის მოხვედრასთან. კაგავა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის უდავოდ გამორჩეული ფეხბურთელია. მის გარდა, სიმბოლურ ნაკრებში თითქმის ყველა პირველად მოხვდა. ტურის რჩეულთა შორის ყოფნა აქამდე მხოლოდ „ფრაიბურგის“ მეკარე ოლივერ ბაუმანს და „ბაიერნის“ თავდამსხმელ მარიო გომესს ჰქონდათ დაგემოვნებული - ისიც თითო-თითოჯერ.

ტურის გმირი
რაულ ბობადილია (ბორუსია მ)

მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ არგენტინელმა თავდამსხმელმა როგორც იქნა, დაამტკიცა, რომ მასაც შეუძლია გოლების გატანა. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკიც ქარცეცხლში არაერთხელ იქნა გატარებული და ამას წინათ, „გლადბახის“ მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ ფრონტცეკმა ცუდი ყოფაქცევისთვის განაცხადიდანაც კი ამოიღო, მიონხენგლადბახელი ქომაგების თვალში მან „კიოლნთან“ შესრულებული დუბლით სრულფასოვანი რეაბილიტაცია მოახდინა, რადგან „კიოლნი“ „გლადბახისთვის“ მოსისხლე მტერია და ამ გუნდის კარში გატანილი თითოეული გოლი ორმაგად ფასობს. გარდა ორი გოლისა, ბობადილიამ საგოლე გადაცემაც მიითვალა.

საუკეთესო ფეხბურთელები
12 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.42
2. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.46
3. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.61
4. მანუელ ნოიერი შალკე 2.67
5. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.71
6. კრისტიან ვეტკლო მაინცი 2.71
7. თეოფანის გეკასი აინტრახტი 2.73
8. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.75
9. ტომ შტარკე ჰოფენჰაიმი 2.75
10. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.75

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
1. თეოფანის გეკასი აინტრახტი 11 2 13
2. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 10 0 10
3. იულიან შიბერი ნიურნბერგი 3 7 10
4. დემბა ბა ჰოფენჰაიმი 6 3 9
5. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 7 2 9
6. ედინ ჯეკო ვოლფსბურგი 8 1 9
7. ლუის ჰოლტბი მაინცი 2 7 9
8. ჩიპრიან მარიკა შტუტგარტი 2 7 9
9. მარიო გომესი ბაიერნი 7 1 8
10. გრაფიტე ვოლფსბურგი 7 1 8

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული