ახალი გერმანელები

AutoSharing Option
ხვალ, გერმანიის ნაკრები შვედეთს ამხანაგურად გაეჯიბრება და ამ მატჩს ძალიან საინტერესოს ხდის ის ფაქტორი, რომ ბუნდესგუნდში არაერთ ახალ სახეს ვიხილავთ. ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა 2010 წლის უკანასკნელი თამაშისთვის რამდენიმე ახალი, თანაც, ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიძახა. დორტმუნდელები მატს ჰუმელსი, მარიო გიოტცე, მარსელ შმელცერი და კევინ გროსკროიტცი, ასევე მაინცელები ლუის ჰოლტბი და ანდრე შიურლე - ისინი შეეცდებიან, დაამტკიცონ, რომ უკვე არიან გერმანიის ნაკრებში თამაშის ღირსნი.

ლიოვმა კარგად იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია შვედეთთან თამაში თითოეული ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის და ხვდება, რომ ყველას უნდა მისცეს თავის გამოჩენის
შანსი. ზემოთ ჩამოთვლილი ექვსეულიდან დებიუტანტი ოთხია (18 წლის გიოტცე, 20 წლის შიურლე, 22 წლის შმელცერი და 20 წლის ჰოლტბი), მაგრამ თამამად უნდა ვთქვათ, რომ ჰუმელსი და გროსკროიტციც პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე დგანან, რადგან ექვსი თვის წინ, მალტასთან ტესტ-მატჩისთვის რომ იყვნენ გამოძახებულები, მაშინ მხოლოდ მესამეხარისხოვანი როლი ჰქონდათ.

გერმანიაში ამ ბიჭებზე უკვე დიდი დისკუსიაა დაწყებული - ყველა იმაზე ბჭობს, თუ რომელი ან რამდენი მათგანი მოახერხებს ლიოვისთვის თავის მოწონებას. ვინც გამოვიძახე, ყველას იმედი მაქვსო, ამბობს ლიოვი, რომლის გუნდის განაცხადი ლუკას პოდოლსკის ტრავმის შემდეგ 21 ფეხბურთელამდე შემცირდა. „კიკერის“ ორშაბათის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ექვსივე ახალგაზრდა მოთამაშის პერსპექტივებზეა საუბარი.

მარიო გიოტცე
ერთადერთი საკითხი, რაშიც იოახიმ ლიოვი და მისი მტერი, გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი მათიას ზამერი ყოველგვარი დისკუსიის გარეშე თანხმდებიან, დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალგაზრდა ნახევარმცველის, მარიო გიოტცეს ნიჭიერებაა. ორივე ამბობს, რომ გიოტცე უდიდესი ტალანტია. 18 წლის ნახევარმცველს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს და ამას თავი რომ დავანებოთ, იმდენად კარგად თამაშობს, უკვე ძალიან ბევრის საყვარელი ფეხბურთელი გახდა.

თუკი ლიოვი ხვალ გიოტცეს ათამაშებს (და ალბათ ათამაშებს), მარიო უვე ზეელერის შემდეგ, რომელსაც გერმანიის ნაკრებში დებიუტი 17 წლისა და 345 დღის ასაკში ჰქონდა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ბუნდესგუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდება. გიოტცე 18 წლისა და 167 დღისაა - როგორც ხედავთ, ლეგენდარული ზეელერის რეკორდამდე ძალიან ცოტა აკლდება. ერთი რამ აშკარაა: გიოტცე ამ ექვსეულში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია.

ლუის ჰოლტბი
„შალკედან“ „მაინცში“ განათხოვრებული ახალგაზრდა ნახევარმცველი სეზონის დასაწყისში საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო - დიდი თუ პატარა, გერმანიაში ყველა მასზე ლაპარაკობდა. არცაა გასაკვირი: ჰოლტბის ანგარიშზე პირველ რვა ტურში ხომ ორი გოლი და შვიდი საგოლე პასი იყო. აი, ბოლო დროს კი მოუკლო და თანაც იმდენად, რომ ახლა "მაინცშიც" კი არ სჯერათ მისი სერიოზული წარმატებებისა გერმანიის ნაკრებში. ჰოლტბი სტატისტიკურადაც ძალიან გაუარესდა. თვითონ განსაჯეთ: ბოლო ხუთ ოფიციალურ მატჩში არცერთი გოლი არ გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, „კიკერის“ საშუალო შეფასება კი ბოლო ხუთ თამაშში 4.7 ბალია. ეს ყველაფერი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ შესანიშნავი სტარტის შემდეგ, ჰოლტბის ჩავარდნა დაეწყო, რაც მოსალოდნელიც იყო. ვნახოთ, იქნებ ბუნდესგუნდში თამაშმა „შეასხას ფრთები“.

ანდრე შიურლე
ზუსტად ისე, როგორც ჰოლტბიმ, სეზონი მისმა თანაკლუბელმა შიურლემაც ბრწყინვალედ დაიწყო და ისიც „მაინცის“ ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, მაგრამ მანაც ჰოლტბის ბედი გაიზიარა - ისევე, როგორც მთელ „მაინცს“, შიურლესაც კრიზული პერიოდი უდგას. მიუხედავად ამისა, გერმანიაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ანდრე შიურლესგან, რომელსაც ახალ რუდი ფიოლერს უწოდებენ, დიდი ფეხბურთელი დადგება. სხვათა შორის, მან უკვე გააფორმა კონტრაქტი „ლევერკუზენთან“ და სეზონის დასრულებისთანავე რანგით „მაინცზე“ გაცილებით დიდ გუნდში გადავა.

მარსელ შმელცერი
დორტმუნდის „ბორუსიას“ მარცხენა მცველი ბავშვობაში დედეს ფორმით თამაშობდა ხოლმე, მერე კი მოხდა სასწაული და შმელცერმა მისთვის სამაგალითო ფეხბურთელი „ბორუსიას“ ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო. შმელცერის დამსახურებაა ის, რომ დორტმუნდელ ფანებს დედეს არსებობა ფაქტობრივად აღარც კი ახსოვთ. მას უდავოდ დიდი მომავალი აქვს - მარსელის მთავარი პლუსები ორთაბრძოლებში თამამი შესვლა, სისწრაფე და საფეხბურთო აზროვნების უნარია.

ახლა კი შმელცერს გერმანიის ნაკრებში თავის დამკვიდრების მართლაც შესანიშნავი შანსი აქვს, რადგან ბუნდესგუნდში ამ პოზიციაზე თამაში განაღდებული არავის აქვს. პირიქით, ლიოვი მუდმივ ძიებაშია და დაცვის მარცხენა ფრთაზე ხან ვის ათამაშებს ხოლმე, ხანაც ვის. ხშირად კი იძულებული ხდება, რომ მარცხენა მცველად ფილიპ ლამი გაამწესოს, რომელსაც მარჯვნივ ურჩევნია თამაში.

კევინ გროსკროიტცი
გროსკროიტცი „დორტმუნდში“ უმეტესად ნახევარდაცვის მარცხენა ფრთაზე თამაშობს და შმელცერის პარტნიორია. კევინი ძალიან მებრძოლი, თავდაუზოგავი ფეხბურთელია ბევრი დადებითი თვისებით, მაგრამ მისი მთავარი პლუსი მაინც უნივერსალობაა. გროსკროიტცს მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში და ნახევარდაცვის ცენტრშიც - როგორც საყრდენად, ისე გამთამაშებლადაც. ექვსი თვის წინ, მალტასთან ამხანაგურ მატჩში გროსკროიტცმა 33 წუთი ითამაშა და ლიოვს დორტმუნდელი ძალიან მოეწონა - კევინმა ლუკას პოდოლსკის ორი საგოლე პასი მისცა (გერმანიამ ის თამაში 3:0 მოიგო).

მატს ჰუმელსი
როგორც იქნა, მისი დროც დადგა. ეს არის ცენტრალური მცველი, რომელიც ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ მასზე უკვე ძალიან დიდი ხანია, ლაპარაკობენ. უკვე ორი წელია, რაც ჰუმელსი მასზე გაცემულ ავანსებს ამართლებს - თამაშობს ყოველთვის, თანაც, სტაბილურად კარგად. ექსპერტების საკმაოდ დიდ ნაწილს მიაჩნდა, რომ მატსი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებას იმსახურებდა და ლიოვს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ სამხრეთ აფრიკაში წაიყვანა შტუტგარტის მცველი სერდარ ტასკი და არ წაიყვანა ჰუმელსი, რომელმაც წინა სეზონიც უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ახლაც შესანიშნავ ფორმაშია.

გერმანიის ნაკრების დაცვის ცენტრში დიდი კონკურენციაა, მაგრამ თვით პერ მერტეზაკერიც კი აღარ არის ხელშეუხებელი...



 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული