თურქული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, „გალათასარაის“ „ვოლფსბურგის“ ბრაზილიელი თავდამსხმელის, ბუნდესლიგის 2008/2009 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირის, გრაფიტეს გადაბირება უნდა. როგორც ირკვევა, თურქებმა გერმანელებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. მათი მიზანია, რომ გრაფიტემ „გალათასარაის“ იანვარში მიაშუროს.
როგორც იცით, ზაფხულში „გალათასარაიმ“ „ვოლფსბურგიდან“ ბოსნიელი გამთამაშებელი ზვიეზდან მიშიმოვიჩი იყიდა, ახლა კი, თურქებს გრაფიტეს წაყვანაც უნდათ. ბრაზილიელის ყიდვა „გალას“ ხელმძღვანელებისთვის ყველაზე პრიორიტეტული ტრანსფერია, რადგან თურქულ გრანდს მთავარი გოლეადორი მილან ბაროში მძიმედ დაუშავდა. ისე, ბაროშს დიდი ხანია, ტრავმები აწუხებს და მისმა მორიგმა დაშავებამ კლუბის ბოსები სერიოზულად დააფიქრა. მთავარ მწვრთნელ გეორგე
„ვოლფსბურგი“ კი გრაფიტეს 5 მილიონ ევროდ აფასებს. აღსანიშნავია, რომ „გალათასარაის“ გრაფიტეს გადაბირება იმ დროიდან უნდა, როცა ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ფრანგულ „ლე მანში“ თამაშობდა.
ბავარიელები ბოსინგვას აკვირდებიან
ამ უქმეებზე „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა კიდევ ერთხელ თქვა, იანვარში მაღალი კლასის მარჯვენა მცველი უნდა ვიყიდოთ, ჯერ ერთი, ფილიპ ლამის შემცვლელი არ გვყავს და მეორეც, მე მინდა, რომ ფილიპი დაცვის მარცხენა ფლანგზე გადავიყვანოო. ამიტომაც იმყოფებოდა „ბაიერნის“ მენეჯერი კრისტიან ნერლინგერი ლონდონში, სადაც „ჩელსისა“ და „ფულჰემის“ მატჩს დაესწრო. ნერლინგერი ჟოზე ბოსინგვას აკვირდებოდა. შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელის შეძენა მიუნხენელებს შარშანაც სურდათ. პორტუგალიელმა მარჯვენა მცველმა მოედანზე 89 წუთი გაატარა და მაინცდამაინც კარგად არ უთამაშია. მას ჯერ კიდევ ეტყობა იმ ტრავმის კვალი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი გამოატოვებინა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მიუნხენელები „ბორდოს“ მარჯვენა მცველ ბენუა ტრემულინაზეც სერიოზულად ფიქრობენ.
კაჩარისთვის პირველი წრე დამთავრდა
„ჰამბურგის“ ნახევარმცველი გოიკო კაჩარი პარასკევს, ბუნდესლიგის მე-12 ტურის მატჩში (დორტმუნდის „ბორუსიასთან“, 0:2) დაშავდა და ექიმების დიაგნოზი მისთვის ძალიან არასახარბიელოა: სერბი ნახევარმცველისთვის გერმანიის ჩემპიონატის წრე უკვე დამთავრებულია, კაჩარი ლაზარეთში მინიმუმ ერთ თვეს დაჰყოფს. ამრიგად, „ჰამბურგს“ კიდევ ერთი საკადრო პრობლემა დაემატა და ჩრდილოგერმანული კლუბის მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდა. დღესდღეობით „ჰამბურგის“ მწვრთნელ არმინ ფეეს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს დამტვრეული, მათ შორის პირველი მეკარე ფრანკ როსტი, გოლეადორი რუუდ ვან ნისტელროი, მარცხენა მცველი მარსელ იანსენი და გარემარბი ელჯერო ელია.
ბობიჩი: დაგვიბრუნეთ შიბერი!
„შტუტგარტის“ სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი აცხადებს, რომ შვაბები მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აუცილებლად დაიბრუნებენ თავდამსხმელ იულიან შიბერს, რომელიც ახლა განათხოვრების წესით „ნიურნბერგში“ თამაშობს. ეს უკანასკნელი კარგად თამაშობს: განვლილ 12 ტურში სამი გოლის გატანა და შვიდი საგოლე პასის გაკეთება მოასწრო. „ნიურნბერგის“ მენეჯერი მარტინ ბადერი ბედს შეგუებულია და აცხადებს, ის ხომ მაინცაა კარგი, რომ ზაფხულამდე საკმარისი დრო გვაქვს, რათა შიბერის ღირსეული შემცვლელი ვიპოვნოთო. ერთ-ერთი კანდიდატი მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „აუგსბურგის“ თავდამსხმელი შტეფან ჰაინია.