გერმანიის ნაკრები: ახალი ხალხი იოახიმ ლიოვისთვის

AutoSharing Option
89 გოლი 3 ტურში - ბუნდესლიგა გოლების წვიმით დაიწყო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გარდა იმ ფეხბურთელებისა, რომლებისგანაც გოლებს ველოდით, მეტოქეთა კარის ბადის შერხევა უკანა პლანზე მყოფმა გერმანელმა ტალანტებმაც მოახერხეს და გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის თვალთახედვის არეში მოხვდნენ.

საუბარია მაინცელ ნიკოლაი მიულერზე, გლადბახელ მაქს კრუზეზე, ჰოფენჰაიმელ კევინ ფოლანდსა და ნიურნბერგელ დანიელ გინჩეკზე. აი, ისინიც:

Sportall.Geნიკოლაი მიულერი - შიურლეს შემცვლელი
თავის დროზე "მაინცმა" ეს ფეხბურთელი, დიახაც, ანდრე შიურლეს შემცვლელად იყიდა - ფეხბურთელისა, რომელიც მაშინ "ლევერკუზენში" გადავიდა, ახლა კი ლონდონის
"ჩელსის" ფეხბურთელია. თუმცა ნიკოლაი მიულერმა "მაინცის" ფორმით ჩატარებულ პირველ სეზონში იმედები ვერ გაამართლა და მხოლოდ 4 გოლის გატანა შეძლო. ამ სეზონში კი ნიკოლაის 4 გოლი 3 ტურის მერე აქვს გატანილი.

ამრიგად, 25 წლის ნიკოლაი მიულერი "მაინცის" შესანიშნავი სტარტის სიმბოლოა და ფაქტია, რომ იდეალურ ფორმაშია, ერთმანეთზე უკეთესი გოლების გატანას ახერხებს. საუკეთესო მაგალითი "ვოლფსბურგის" კარში გატანილი ბურთია, რომელიც მან 18 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით შეაგდო.

თავად ფეხბურთელი თავმდაბლობს და ამბობს, გოლების გატანა იმიტომ მიადვილდება, რომ მთელი გუნდი შესანიშნავად თამაშობსო; "მაინცის" თავკაც თომას ტუხელს კი ნიკოლაის წარმატებების თავისი ახსნა აქვს:

"წინა სეზონში მას თავდაჯერება შეემატა, საკუთარ თავზე ძალიან ბევრი იშრომა და ახლა სწორედ ამ შრომის შედეგს იმკის. გერმანიის ნაკრებში გამოძახებამ კი მას დამატებითი მუხტი შემატა", - აცხადებს თომასი.

ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მიულერი ამას წინათ ამერიკულ ტურნეში წაიყვანა - ნიკოლაის დებიუტი ეკვადორთან შეხვედრაში შედგა. ახლა კი, რაკი "მაინცთან" ერთად სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, წესით, ლიოვი მასზე კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა ფიქრობდეს.

აქედან გამომდინარე, წესით, იოგი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, ხომ არ უხმოს მას ავსტრიასთან (6 ოქტომბერს) და ფარერებთან (10 ოქტომბერს) დაგეგმილი მატჩებისთვის.

მართალია, 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში გერმანიის ნაკრებს მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ ნიკოლაი მიულერის პლუსი ის არის, რომ მას გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია და ცენტრფორვარდობაც ეხერხება (მაგალითად, "ფრაიბურგთან" 2:1-ზე მოგებულ მატჩში სწორედ ცენტრალური თავდამსხმელი გახლდათ). ამ ადგილზე კი ლიოვს მხოლოდ მარიო გომესი და მიროსლავ კლოზე ჰყავს (შტეფან კისლინგს ხომ არა და არ იძახებს)...

Sportall.Geმაქს კრუზე - მრავალმხრივი შემტევი ფეხბურთელი
ლიოვს აშშ-ში მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" გადაბარგებული მაქს კრუზეც ჰყავდა წაყვანილი და რაკი ახალი სეზონი "გლადბახის" "ათიანმაც" შესანიშნავად დაიწყო, ავსტრიასთან და ფარერებთან მატჩისთვის ბუნდესგუნდში გამოძახების იმედი მასაც უნდა ჰქონდეს. თავად ლიოვი ქვესათაურში ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან ყველაზე ხშირად სწორედ კრუზეს შესახებ საუბრობს და როგორც ჩანს, მაქსს მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან ფეხბურთელთა შორისაც მოიაზრებს.

კრუზეს უმთავრესი პლუსი მისი მრავალმხრივობაა. მაქსს შეუძლია როგორც ცენტრფორვარდობა, ისე მეორე თავდამსხმელის ამპლუაში თამაში; ასევე, მარჯვენა ან მარცხენა გარემარბობა, ყველაზე უკეთ კი თავს გამთამაშებლის რანგში გრძნობს. მაგალითად, "ჰანოვერთან" შეხვედრაში კრუზე იმდენად ხშირად იცვლიდა პოზიციას და ბურთით თუ უბურთოდ ისე მოძრაობდა, რომ ვერ იტყოდით, კონკრეტულად რომელ პოზიციაზე ირჯებოდა ფეხბურთელი, რომელსაც მიონხენგლადბახში ახალი გიუნტერ ნეტცერი შეარქვეს.

სწორედ ასე თამაშობდა კრუზე წინა სეზონში "ფრაიბურგშიც" და შეგახსენებთ, რომ ის სეზონი მისთვის ბუნდესლიგაში სადებიუტო იყო. იმასაც გაგახსენებთ, რომ კრუზემ კრისტიან შტრაიხის გუნდისთვის 11 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. სწორედ ასეთი სეზონის მერე დაინტერესდა მისით ლიოვი.

მართალია, იოგის 25 წლის კრუზე პარაგვაისთან დაგეგმილი შეხვედრისთვის არ გამოუძახია, მაგრამ გერმანიაში არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მაქსს გერმანიის ნაკრებში მომავალი აქვს. ამისათვის საჭიროა, რომ კრუზემ ფორმა შეინარჩუნოს.

ეს თავად მაქსმაც იცის:

"გერმანიის ნაკრებში შემტევი ფეხბურთელების უდიდესი არჩევანია და ბუნდესგუნდის შემადგენლობაში მოხვედრა ურთულესი საქმეა, მაგრამ "გლადბახში" ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ნაკრებში თავი დავიმკვიდრო".

Sportall.Geდანიელ გინჩეკი - ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი
დანიელ გინჩეკი აქამდე ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი იყო, თუმცა წინა სეზონში მეორე ბუნდესლიგაში, "ზანკტ პაულის" ფორმით 18 გოლი გაიტანა და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა "ნიურნბერგში". როგორც ჩანს, გინჩეკს არც გერმანიის საფეხბურთო ელიტაში თამაში უჭირს - პირველ ოთხ ოფიციალურ მატჩში მან უკვე ორი გოლი გაიტანა, ხოლო "ჰერტასთან" შესანიშნავი საგოლე პასიც გააკეთა.

როდესაც გინჩეკი მეტოქის საჯარიმოშია, მოწინააღმდეგე მცველებს ყოველთვის უმძიმესი წნეხის ქვეშ ამყოფებს - პირველ რიგში იმიტომ, რომ 1.91 მეტრი სიმაღლისაა. სწორედ სიმაღლისა და ფიზიკური სიძლიერის გამო დანიელი სტანდარტული სიტუაციების დროს სერიოზული იარაღია. გარდა ამისა, აქვს ძლიერი დარტყმაც, რაც "ბაიერნთან" შეხვედრაშიც დაამტკიცა, როცა მიუნხენური გრანდის მეკარე მანუელ ნოიერმა 22 წლის გინჩეკის უძლიერესი დარტყმა ძლივს მოიგერია.

თუმცა ლიოვი გინჩეკს 2014 წლის მუნდიალისთვის, ალბათ, მაინც არ მოიაზრებს. სამაგიეროდ, თუ ასე გააგრძელა, მას ნაკრებში თავის დამკვიდრების შანსი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მიეცემა. გარდა ზემოთ ხსენებული პლუსებისა, გინჩეკი თავის სიმაღლესთან შედარებით, საკმაოდ სწრაფიცაა და ორთაბრძოლების უმეტესობას იგებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გინჩეკი დორტმუნდის "ბორუსიას" სკოლის აღზრდილია, რაც პირველ რიგში იმაზე ეტყობა, რომ ბურთის დაკარგვის შემდეგ ყოველთვის მის დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებს. ამრიგად, გინჩეკს აქვს ყველაფერი, რაც თანამედროვე ცენტრფორვარდს სჭირდება.

Sportall.Geკევინ ფოლანდი - ჰოფენჰაიმის იმედი
კევინ ფოლანდი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია იმისა, რომ "ჰოფენჰაიმმა" სეზონი მშვენივრად დაიწყო. 21 წლის კევინის ანგარიშზე უკვე ორი გოლი და ამდენივე საგოლე პასია.

აღსანიშნავია, რომ მან მესამე გოლიც გაიტანა (ნიურნბერგთან), რომელიც უმიზეზოდ არ ჩაუთვალეს.

თავად ფოლანდიც არ მალავს, რომ უკვე გაცილებით მაღალი ამბიციები გაუჩნდა.

"როცა კლუბში კარგად თამაშობ, ახალი მიზნების დასახვის დრო დგება. ჩემთვის ახალი მიზანი, რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრებში თამაშია", - ამბობს ფოლანდი და ცხადია, რომ სწორ გზას ადგას.

"ფრაიბურგთან" მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, "ჰამბურგთან" 5:1-ზე მოგებულ შეხვედრაში კი გოლთან ერთად, ორი საგოლე პასიც მიითვალა. ფოლანდი რობერტო ფირმინოსთან ერთად შესანიშნავ დუეტს ქმნის და "ჰოფენჰაიმის" კარგი სტარტი სწორედ ამ ორი ფეხბურთელის დამსახურებაა.

კევინის უმთავრესი პლუსი ისაა, რომ ბევრს და სწრაფად დარბის; ამასთან, საკმაოდ ტექნიკურია და მცველებისთვის განსაკუთრებით საშიშია ერთი-ერთზე სიტუაციებში. ცნობილია, რომ მის მიმართ ინტერესს "შალკე" და "დორტმუნდი" გამოხატავენ, თუმცა ამ სეზონს ფოლანდი აუცილებლად "ჰოფეში" გაატარებს.

კევინი გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებში მუდმივად თამაშობდა - ხან რომელიმე ფლანგზე ამწესებდნენ, ხანაც ცენტრფორვარდის პოზიციაზე. მართალია, სიმაღლეში მხოლოდ 1.79 მეტრია, რითაც ცენტრალური თავდამსხმელის ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, მაგრამ საგოლე ალღო აქვს, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია.

ამრიგად, თუ ფორმას შეინარჩუნებს, იოახიმ ლიოვი ადრე თუ გვიან მასაც დაურეკავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული