გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტურის შეჯამება და სიმბოლური: გელზენკირხენის პრინცი და დორტმუნდის გმირი

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" ამ სეზონში პირველად ვერ მოიგო და ქულებთან ერთად, ლიდერობაც დაკარგა. ოთხი ტურის შემდეგ ოთხივე თამაში მხოლოდ ერთ კლუბს, დორტმუნდის "ბორუსიას" აქვს მოგებული და შესაბამისად, ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად სწორედ იურგენ კლოპის გუნდი ჩაუდგა.

თუმცა გერმანიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში სხვაც ბევრი რამ იყო საინტერესო: მაგალითად ის, რომ "შტუტგარტმა" ახალი მწვრთნელით "ჰოფენჰაიმი" 6:2 გაანადგურა. პირველი გამარჯვებები იზეიმეს "ჰამბურგმა" და "შტუტგარტმაც".

ამასთან, 4 ტურის შემდეგ მოგების გარეშე სამი გუნდია (ფრაიბურგი, ნიურნბერგი და ბრაუნშვაიგი), წაგება კი მხოლოდ "დორტმუნდს" და "ბაიერნს" არ
აქვთ. წარმოგიდგენთ ბუნდესლიგის მე-4 ტურის პოზიტივებსა და ნეგატივებს.

პოზიტივები
- "შტუტგარტის" პირველი და ძალიან ხმაურიანი გამარჯვება არა მარტო ახალი მწვრთნელის, თომას შნაიდერის, არამედ ბოსნიელი თავდამსხმელის, ვედად იბიშევიჩის დამსახურებაცაა, რომელმაც "ჰოფენჰაიმთან" ჰეთ თრიკი შეასრულა, უკვე ხუთი გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა რეიტინგს მაინცელ ნიკოლაი მიულერთან ერთად ლიდერობს.

- "შტუტგარტის" დარად, ასევე 4-ბურთიანი სხვაობით და პირველად მოიგო "ჰამბურგმაც" - ტორსტენ ფინკის გუნდმა ღრმა კრიზისიდან გამოსვლა აუტსაიდერ "ბრაუნშვაიგის" განადგურებით (4:0) დაიწყო. შესაბამისად, ჰამბურგში ფინკის გაგდებაზე და ფელიქს მაგათის მიყვანაზე საუბრები შეწყდა - დროებით თუ დიდი ხნით, ამას მომავალი გვიჩვენებს.

- "ჰამბურგის" გამარჯვებას ორი მთავარი გმირი ჰყავდა: ბუნდესლიგის "უკანასკნელი დინოს" "მფარველი ანგელოზი" რაფაელ ვან დერ ვაარტი, რომელმაც გოლიც გაიტანა და თითქმის ყველა შეტევაში მონაწილეობდა და ახალგაზრდა თურქი შემტევი ჰაქან ჩალჰანოღლუ, რომელმაც დუბლი შეასრულა. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, მომავალი ჩალჰანოღლუსიაო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავად ჰაქანმა გერმანიის ნაკრებზე უარი თქვა და თავისი მომავალი თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუკავშირა.

- "შალკეს" ბლიც-ახალწვეულმა კევინ-პრინს ბოატენგმა "ლევერკუზენთან" (2:0) საკმაოდ კარგად ითამაშა, მაგრამ ფაქტია, რომ მეტი შეუძლია. გელზენკირხენული კლუბისთვის ამაზე მნიშვნელოვანი სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვება იყო და კიდევ ის, რომ ბოატენგი მოედანზე უკვე ლიდერივით იქცეოდა. "შალკეს" მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა კი პირდაპირ მიაკრა გუნდის ახალი ლიდერის იარლიყი.

- "გლადბახი" კარგად ათამაშდა და "ვერდერი" 4:1 დაამარცხა. გმირები მაქს კრუზე და რაფაელი გახდნენ, რომელთა ანგარიშზე თითო გოლი და თითო საგოლე პასია. ლუსიენ ფავრის გუნდს უკვე 10 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით 4 ტურის შემდეგ მხოლოდ "ჰოფენჰაიმს" (12 გოლი) ჩამორჩება. ცნობისათვის: "ბაიერნის" ანგარიშზე 7 გოლია, "დორტმუნდმა" კი 9 გოლის გატანა მოახერხა.

- მიონხენგლადბახელებმა გრანიტ ჯაკა თავის დროზე დიდი იმედებით გადაიბირეს და მასზე უდიდესი ავანსები გასცეს, მაგრამ შვეიცარიელი იმედებს ვერა და ვერ ამართლებდა. "ვერდერთან" კი, როგორც იქნა, ისე ითამაშა, როგორც მისგან ელოდებოდნენ და ხუან არანგოს 60-მეტრიანი, უზუსტესი პასით გოლი გაატანინა. საინტერესო ის არის, რომ ეს ჯაკას პირველი საგოლე პასი იყო ბუნდესლიგაში...

- "აინტრახტთან" მატჩის წინ "დორტმუნდის" თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა, ჰენრიხ მხითარიანი მაგარი იარაღიაო და ფრანკფურტელები ამ მოსაზრების სისწორეში ორგზის დარწმუნდნენ: სომეხმა გამთამაშებელმა კვირას "აინტრახტს" ორი ეფექტური გოლი გაუტანა და "დორტმუნდს" მეოთხე თამაშიც მოაგებინა.

- "ჰანოვერი" საკუთარ მოედანზე კვლავ უძლეველია: მირკო სლომკას გუნდმა მესამე საშინაო შეხვედრაც მოიგო და თან საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი "მაინცი" დაამარცხა (4:1). "წითლებს" 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვთ, რაც "ჰანოვერისთვის" 1965 წლის შემდეგ საუკეთესო სტარტს ნიშნავს.

- "მაინცის" თავდამსხმელმა ნიკოლაი მიულერმა მეოთხე ტურშიც შეძლო გოლის გატანა, თუმცა მისი გუნდი 1:4 დამარცხდა.

- "ჰანოვერისა" არ იყოს, საკუთარ მოედანზე "ვოლფსბურგიც" კარგად გამოიყურება. "მგლებმა" მეორე საშინაო შეხვედრაც მოიგეს (2:0 "ჰერტასთან") და წინა სეზონსაც თუ მივათვლით, "ფოლკსვაგენ-არენაზე" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

- "აუგსბურგმა" ნიურნბერგში ბოლო 37 წლის მანძილზე პირველად მოიგო (1:0).

- მე-4 ტურის ერთ-ერთი უმთავრესი პოზიტივი კი "ფრაიბურგი" გახლდათ. კრისტიან შტრაიხის ახალგაზრდულმა გუნდმა წინა სამშაბათს "ბაიერნთან" ფრე გაახერხა.

ნეგატივები
- ბრემენის "ვერდერმა" პირველ სამ ტურში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და ის-ის იყო, საფეხბურთო გერმანიაში ნელ-ნელა ალაპარაკდნენ, რობინ დუტმა "ვერდერის" დაცვა დაალაგაო, რომ "მუსიკოსებმა" მე-4 ტურში "გლადბახისგან" 4 გოლი მიიღეს...

- 4 თამაში, 4 წაგება, მხოლოდ 1 გატანილი ბურთი: უკვე ცხადად გამოჩნდა, რომ "ბრაუნშვაიგის" ადგილი ელიტაში მართლა არ ყოფილა. საქმე იმაშიცაა, რომ არც "ჰამბურგი" უქნია ღმერთს და ბრაუნშვაიგელები უმაქნის "ჰამბურგთანაც" კი განადგურდნენ (0:4). ასეთ წაგებას მეკარე დანიელ დავარიმაც შეუწყო ხელი, როცა ბურთი ხელებს შორის გაუძვრა, მწვრთნელმა ტორსტენ ლიბერკნეხტმა კი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მშვენიერი სპექტაკლი დადგა:

"ბრაუნშვაიგს" თავად "ბრაუნშვაიგის" ფეხბურთელებიც კი არ სცემენ პატივს. კლუბს, რომელიც მათ ხელფასებს უხდის, სწორედ ისე აშარდავენ, როგორც დღეს მოხდა და რა გასაკვირია, რომ მსაჯებიც არაფრად ჩაგვაგდებენ," - ყვიროდა ლიბერკნეხტი ჯერ გასახდელში და მერე პრესკონფერენციაზეც.

- "ჰოფენჰაიმი" წინა სეზონთან შედარებით აშკარად უკეთესი გუნდია, მაგრამ მხოლოდ იმით, რომ თავდამსხმელები თამაშობენ გაცილებით ეფექტურად. დაცვაში კი "სოფლელები" ვერა და ვერ დალაგდნენ. 4 ტურის შემდეგ "ჰოფეს" უკვე 12 გოლი აქვს მიღებული - ყველაზე მეტი ამ დროისთვის. სამაგიეროდ, "ჰოფენჰაიმს" ყველაზე მეტი, ასევე 12 გოლი აქვს გატანილი. "შტუტგარტთანაც" (2:6) სწორედ დაცვა ჩავარდა და მეკარე კოენ კასტეელსიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.

- "ნიურნბერგის" მწვრთნელი მიხაელ ვიზინგერი უფრო და უფრო მძიმე წნეხის ქვეშ ექცევა. მისი გუნდი ფრანკენ-შვაბენ-დერბიში "აუგსბურგთან" 0:1 დამარცხდა, რაც ზედიზედ მეორე წაგება გახლდათ და 4 ტურის შემდეგ ვიზინგერის გუნდს მხოლოდ 2 ქულა აქვს.

- "გლადბახის" საყრდენმა ნახევარმცველმა ჰავარდ ნორდტვეიტმა 6 მეტრიდან თავური დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა, მაგრამ ცუდი ის იყო, მან საკუთარი კარი დალაშქრა. თუმცა საბოლოო ჯამში ამაზე თავად ნორდტვეიტიც ბევრს გაიცინებდა, რადგან "გლადბახმა" "ვერდერს" 4:1 მოუგო.

- "ლევერკუზენის" სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი ამბობდა, ჩვენი მცველი იომერ თოფრაქი შესანიშნავ ფორმაშიაო და მართალიც იყო, ოღონდ მანამ, სანამ "ლევერკუზენი" "შალკეს" არ ესტუმრა. გელზენკირხენში თოფრაქმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და "შალკემ" ანგარიში სწორედ მისი შეცდომის შემდეგ გახსნა.

- "ვოლფსბურგისა" და "ჰერტას" მატჩში (2:0 "მგლების" სასარგებლოდ) მსაჯმა რობერტ ჰარტმანმაც უპატიებელი შეცდომა დაუშვა: "ვოლფსბურგის" ბრაზილიელი გამთამაშებლის, დიეგოს სიმულაციაზე წამოეგო და "ჰერტას" კარში პენალტი დანიშნა, რომლის შედეგად ანგარიში 2:0 გახდა.

IV ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
(4-1-4-1)

Sportall.Ge

IV ტურის გმირი
ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი)

სხვა ვინ უნდა დაგვესახელებინა ტურის გმირად, თუ არა "შტუტგარტის" გოლეადორი ვედად იბიშევიჩი, რომელმაც "ჰოფენჰაიმს", ანუ თავის ყოფილ გუნდს, 3 გოლი გაუტანა?!

ბოსნიელისთვის ეს ბუნდესლიგაში რიგით მესამე ჰეთ თრიკი იყო (პირველი "ჰოფენჰაიმის" რიგებში "ჰერტასთან" შეასრულა, მეორე "შტუტგარტში" 2012 წელს, "შალკესთან"). სხვათა შორის, ვედოს 9 ოფიციალურ მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, ზოგადად კი, შვაბებისთვის 49 შეხვედრაში 28 გოლის გატანა მოახერხა.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 4 1.67
2. ფილიპ ლამი ბაიერნი 4 2.00
3. ალექსანდრუ მაქსიმი შტუტგარტი 2 2.00
4. არიენ რობენი ბაიერნი 3 2.00
5. რაფაელ შეფერი ნიურნბერგი 4 2.13
6. მაქს კრუზე გლადბახი 4 2.25
7. კევინ ფოლანდი ჰოფენჰაიმი 4 2.25
8. ნიკოლაი მიულერი მაინცი 4 2.38
9. პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი 4 2.50
10. ტონი კროოსი ბაიერნი 4 2.50

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 4 3 3 6
2. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 4 5 0 5
3. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 4 2 3 5
4. ალექსანდრუ მაქსიმი შტუტგარტი 2 2 3 5
5. ნიკოლაი მიულერი მაინცი 4 5 0 5
6. სიდნი სემი ლევერკუზენი 4 3 2 5
7. კევინ ფოლანდი ჰოფენჰაიმი 4 3 2 5
8. რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰამბურგი 4 3 1 4
9. მაქს კრუზე გლადბახი 4 2 2 4
10. მამე დიუფი ჰანოვერი 4 2 2 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტური: ჰენრიხის ორი გასროლა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული