ადლერი კარში ბრუნდება!

AutoSharing Option

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა დღეს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის (ბუნდესგუნდი გიოტებორგში შვედეთს ხვდება) ძალიან ბევრი ახალი და ამავე დროს ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიცე-კაპიტანი ბასტიან შვაინშტაიგერი ამბობს, ჩვენ ფავორიტები ვართ, რაც უშუალოდ მატჩის დროსაც უნდა გამოჩნდეს და შედეგშიც უნდა აისახოსო. შვაინის, რომელიც კაპიტნის პოსტზე დღეს მიხაელ ბალაკის პირველ შემცვლელ ფილიპ ლამს ცვლის, არ უნდა, რომ გერმანიის ნაკრებმა 2010 წელი წაგებით დაასრულოს - როგორც ეს 2008 წლის მიწურულს მოხდა, როცა ბუნდესგუნდი ინგლისთან 1:2 დამარცხდა.

„გერმანიის ნაკრები შვედეთთან ფავორიტია,

რაც იმას ნიშნავს, რომ თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მართალია, გუნდში ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელია გამოძახებული, მაგრამ ეს არაფერს ცვლის და ვერც ჩვენი გუნდის წარუმატებლობას გაამართლებს, - თქვა შვაინშტაიგერმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე და იქვე დასძინა, - რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათ ბუნდესნაკრებში თამაში ნამდვილად დაიმსახურეს და ორი აზრი არ არსებობს, გუნდში ბევრ დადებით სიახლეს შემოიტანენ.

დარწმუნებული ვარ, რომ მათი ნაკრებში ინტეგრირება ძალიან სწრაფად და უმტკივნეულოდ მოხდება. დღესდღეობით ჩვენ იმდენი შესანიშნავი ტალანტი გვყავს, რომ შეგვიძლია თამამად ვიამაყოთ. არცერთ სხვა ნაკრებს არ ჰყავს ამდენი და ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები. იოახიმ ლიოვს მათი არჩევა უკვე ძალიან უჭირს, რადგან მართლაც ბევრნი არიან.“

საქვეყნოდ ცნობილი ამბავია, რომ „ბაიერნის“ ფეხბურთელები დორტმუნდის „ბორუსიას“ მოთამაშეებისადმი მტრულად არიან ხოლმე განწყობილები, რის გამოც, სხვათა შორის, ლიოვს ადრე არაერთხელ წამოაძახეს, დორტმუნდელებს ჩაგრავო. ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა შვაინშტაიგერს ამ თემაზეც ჩამოუგდეს სიტყვა, რაზეც ბასტიანმა ირონიული პასუხი გასცა: „დორტმუნდელ ფეხბურთელებს ვუსურვებ, რომ შვედეთთან რაც შეიძლება დიდხანს ითამაშონ, რათა მომავალ უქმეებს დაღლილები შეხვდნენ და „ბორუსიამ“ ბუნდესლიგაში ვეღარ მოიგოს.“

ახალგაზრდა დორტმუნდელთაგან (გიოტცე, შმელცერი, ჰუმელსი, გროსკროიტცი), ჟურნალისტების წინაშე ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი წარსდგა, რომელმაც სიამოვნებით ისაუბრა იმაზე, რომ გერმანიის ნაკრებში თამაში გამოძახება სულ სხვა განცდაა და ათი თავით სჯობია 21-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებას. ბანალური კომენტარის ბოლოს კი თქვა, რომ არ იცის, ითამაშებს თუ არა დღეს ძირითად შემადგენლობაში.

სამაგიეროდ, მეკარე რენე ადლერმა გუშინვე იცოდა, რომ დღეს მოედანზე 90 წუთს გაატარებს. ეს „ლევერკუზენის“ კარის დარაჯისთვის პირველი მატჩი იქნება გერმანიის ნაკრებში მარტის შემდეგ - ადლერმა ბოლოს არგენტინასთან (0:1) იასპარეზა, რის შემდეგაც ტრავმა მიიღო, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი, გერმანიის ნაკრების კარი მანუელ ნოიერმა დაიცვა, რომელიც გახდა კიდეც ბუნდესგუნდის პირველი მეკარე. ადლერი ახლა მეორე ნომერია, მაგრამ ლიოვი მას დაჰპირდა, რომ შვედეთთან თავიდან ბოლომდე ათამაშებს.

„ფეხბურთი ასეთია, უმძიმესი ტრავმა გადავიტანე, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ წავედი და ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებ,“ - თქვა ადლერმა და კითხვაზე, როგორ ეგუება მეორე მეკარის როლს, ასე უპასუხა: „მანუელს ყოველთვის წარმატებებს ვუსურვებდი, თუმცა პირველობა მეც მინდა. ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება ხოლმე. დღეს ნოიერია პირველი კიპერი და აბსოლუტურად ლოგიკურადაც, რადგან მუნდიალზე ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ სამომავლოდ ყველაფერი შესაძლებელია.“

რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს - მთავარი ამბავი ის არის, რომ შვედები ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე იასპარეზებენ. ზლატანმა კვირას მილანური დერბის ბედი გადაწყვიტა და გერმანიის ნაკრებისთვისაც სურდა გოლის გატანა, მაგრამ შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰამრენმა მის სამსახურზე მოულოდნელად უარი თქვა. ჰამრენის თქმით, იბრაჰიმოვიჩი ძალიან გადაღლილია და დასვენება ესაჭიროება. „ეს რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყოს და საქმე ქულებს ეხებოდეს, მაშინ იბრა აუცილებლად იასპარეზებდა,“ - თქვა ჰამრენმა.

არადა, ზლატანს თამაში უნდოდა. ახლა კი, მის ნაცვლად, შვედეთის ნაკრების წინა ხაზში ერთადერთ ცენტრფორვარდად (ჰამრენი უპირატესობას 4-2-3-1 ტაქტიკური სქემას ანიჭებს) სავარაუდოდ, მარკუს ბერგს ვიხილავთ, რომელიც გერმანული „ჰამბურგის“ ფეხბურთელია, მაგრამ ამჟამად „ეინდჰოვენშია“ განათხოვრებული. იბრაჰიმოვიჩის გარდა, შვედეთის ნაკრებში ვერ ვნახავთ გამოცდილ მცველ ოლოფ მელბერგს - „ოლიმპიაკოსის“ მცველი ტრავმირებულია.

სავარაუდო შემადგენლობები
შვედეთი (4-2-3-1): ისაკსონი - ლუსტიგი, გრანკვისტი, მაისტროვიჩი, საფარი - ვერნბლუმი, ა. სვენსონი - ლარსონი, ტოივონენი, კალსტრიომი - ბერგი.
გერმანია (4-2-3-1): ადლერი - ბოატენგი, მერტეზაკერი, ვესტერმანი, შმელცერი - ხედირა, შვაინშტაიგერი - მარინი, კროოსი, გროსკროიტცი - გომესი.
არბიტრი: ველასკი კარბალიო (ესპანეთი)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული