თომას ტუხელი: რა ვქნა, თამაში აღარ უნდათ!

AutoSharing Option
ხუთი წაგება ბოლო ექვს შეხვედრაში, 286-წუთიანი უგოლო სერია საკუთარ მოედანზე, მესამე ადგილამდე ჩამოქვეითება ბუნდესლიგაში და მარცხი გერმანიის თასზეც - „მაინცმა“ მიმდინარე სეზონში შესანიშნავი სტარტი კი აიღო, მაგრამ უკვე დაეწყო ჩავარდნა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კრიზისი გაუღრმავდება და სეზონის აღმოჩენა პირველ წრეს ვერ დაასრულებს ისე, როგორც დაიწყო. გუნდის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი საგონებელშია ჩავარდნილი და როგორც ამბობს, დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, როგორ გამოიყვანოს გუნდი კრიზისიდან.

„წელიწადნახევარია, რაც „მაინცს“ ვწვრთნი, შარშან სასწაულები ნამდვილად არ მოგვიხდენია, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ
ჩემი გუნდი არასდროს ყოფილა ისეთი თავდაუჯერებელი, როგორც დღესაა, - თქვა ტუხელმა „ჰანოვერთან“ თამაშის შემდეგ, რომელიც მაინცელებმა საკუთარ მოედანზე 0:1 წააგეს და იქვე დასძინა, - ბიჭებს აგრესიულობა აკლიათ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ ფეხბურთის თამაში აღარ უნდათ. ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ძველებურად ავთამაშდეთ. თუ საჭირო გახდა, წამყვანი ფეხბურთელების აბსოლუტურ უმრავლესობას დავსჯი და თუ საჭირო გახდა, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მეორე გუნდის ფეხბურთელებს ვათამაშებ.“

ტუხელის აზრით, მაინცელებზე უარყოფითად იმოქმედა იმ ამბავმა, რომ მთელი გერმანია (და არა მარტო გერმანია) მათზე საუბრობდა, მაგრამ გუნდს მაინც ეყო ინერცია საიმისოდ, რომ ლიდერობა და შემდეგ უკვე მეორე ადგილი მაინც დიდხანს შეენარჩუნებინა, ახლა კი პოზიციებს ცხრილშიც კარგავს. როგორც ჩანს, გუნდზე ცუდად იმოქმედა იმ ფაქტმაც, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებებში გამოიძახეს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული