ოლიჩმა ხელი ჩაიქნია

AutoSharing Option

იღბალს ყოველთვის მოსდევს უიღბლობა და პირიქით... წინა სეზონი ნაღდად „ბაიერნისა“ და ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელ ივიცა ოლიჩის სეზონი იყო, როცა ბევრის მიერ არაფრადჩაგდებულმა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგაში გაიბრწყინა და ლამის მთელი ევროპა მასზე აალაპარაკა. ოლიჩისგან ამას არავინ ელოდა და ბევრი დღემდე ფიქრობს, რომ მას უბრალოდ ძალიან უმართლებდა. მაგრამ ახლა ამაზე მსჯელობას აზრი არ აქვს. დაიწყო ახალი სეზონი და ხორვატმა მაშინვე ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო - იმდენად მძიმე, რომ ახლა უკვე აღარ სჯერა თუნდაც იმის, რომ სეზონის ბოლომდე გამოჯანმრთელდება.

„ექიმებმა გულახდილად მითხრეს, უფრო

სწორად მირჩიეს, რომ ბურთს უახლოესი რვა თვის განმავლობაში არ გავეკარო. შესაძლოა, ხუთი თვის მერე ვარჯიშის დაწყება შემეძლოს, მაგრამ მითხრეს, ეს სარისკოაო, მე კი რისკზე არაფრისდიდებით არ, უფრო სწორად აღარ წავალ. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ალბათ ვეღარ ვითამაშებ, რაც ძალიან სამწუხაროა,“ - უთხრა ჩვენს გერმანელ კოლეგებს ოლიჩმა. მან ოპერაცია აშშ-ში, კერძოდ კოლორადოში, მუხლის ცნობილ სპეციალისტ რიჩარდ სტიდმენთან გაიკეთა და მიუნხენში კვირას დაბრუნდა.

დაუმი კიოლნს დახმარებას სთავაზობს

კრისტოფ დაუმმა უმძიმეს კრიზისში მყოფ „კიოლნს“ დახმარების ხელი გაუწოდა. „თხების“ ყოფილმა დამრიგებელმა „კიოლნერ ექსპრესს“ განუცხადა, რომ მზადაა კიოლნელებს, რომლებიც ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში თორმეტი ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე არიან, როგორმე დაეხმაროს.

„ცხადია, მზად ვარ, რომ „კიოლნს“ დავეხმარო,“ - თქვა დაუმმა. ჩვენი გერმანელი კოლეგების მტკიცებით, კრისტოფი თავის თავს გუნდის მრჩევლის რანგში უფრო ხედავს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებას კი გამორიცხავს. გაგახსენებთ, რომ დაუმი „კიოლნის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან 2009 წლის ზაფხულში თვითნებურად გადადგა, მიზეზად კი პერსპექტივის არქონა დაასახელა. მანამდე დაუმმა „კიოლნი“ ბუნდესლიგაში დააბრუნა.

დაუმი ახლა უმუშევარია - კრისტოფი „ფენერბაჰჩედან“ ზაფხულში გაათავისუფლეს. ცოტა ხნის წინ კრისტოფმა განაცხადა, რომ გერმანიაში კლუბს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაწვრთნის, თუ დაახლოებით ისეთ თანამდებობას შესთავაზებენ, როგორიც „შალკეში“ ფელიქს მაგათს აქვს - ანუ, მწვრთნელიც ის უნდა იყოს და მენეჯერიც.


პინოლამ შვაინის მოუბოდიშა

„ბაიერნის“ პრესსამსახურის უფროსმა მარკუს ჰიორვიკმა გუშინ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნიურნბერგის“ მარცხენა მცველმა ხავიერ პინოლამ რეკორდმაისტერის ნახევარმცველ ბასტიან შვაინშტაიგერს მოუბოდიშა. გუშინდელ ნომერშიც ვწერდით, რომ კვირას, ბავარიულ დერბიში არგენტინელმა პინოლამ შვაინის შეაფურთხა, რის გამოც ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ჰიორვიკის განცხადებით, პინოლამ ბასტიანს დაურეკა და ბოდიში სატელეფონო საუბარში მოუხადა, შვაინშტაიგერმა კი ბოდიში მიიღო.
გოტფრიდ ლენცი


მარტო ფული რას უშველით
ბრემენის „ვერდერს“ სპორტული თვალსაზრისით საქმეები ძალიან ცუდად მისდის, სამაგიეროდ, ფინანსების მხრივ „მუსიკოსებში“ კარგად, მეტიც, იდეალურადაა. გუშინ ბრემენულ კლუბში „წიწილები დაითვალეს“ და დადგინდა, რომ კლუბის ბიუჯეტი 126.4 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც „ვერდერისთვის“ სარეკორდო მაჩვენებელია. შარშან ამ დროს, „ვერდერში“ 120-მილიონიანი ბიუჯეტი დააფიქსირეს, ერთი წლის შემდეგ კი თანხა 26.4 მილიონით გაიზარდა. „მუსიკოსების“ სპორტული დირექტორის, კლაუს ალოფსის თქმით, ბიუჯეტის ასეთი გაზრდა ტრანსფერებიდან მიღებული დიდი შემოსავლების დამსახურებაა.

რუუდიც, ელიაც, როსტიც...

„ჰამბურგს“ ლაზარეთიდან თავდამსხმელი რუუდ ვან ნისტელროი და ნახევარმცველი ელჯერო ელია დაუბრუნდნენ. ჰოლანდიელმა გოლეადორმა და გარემარბმა ვარჯიში გუშინ განაახლეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, „ჰანოვერთან“ ითამაშებენ. სამაგიეროდ, ხსენებულ მატჩში სავარაუდოდ იასპარეზებს მეკარე ფრანკ როსტი, რომელიც ასევე დაშავებული იყო. თუკი 37 წლის მეკარე შაბათამდე ტრავმას ბოლომდე მოიშუშებს, იაროსლავ დრობნი, ვინც როსტს ცვლიდა, ისევ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული