გერმანია. ბუნდესლიგა. V ტური: "დორტმუნდი" ბობოქრობს [VIDEO]

AutoSharing Option
მეხუთე ტურმა ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში სამი ლიდერი გამოკვეთა: ასპროცენტიანი "დორტმუნდი", რომელსაც ხუთივე თამაში მოგებული აქვს, "ბაიერნი", რომელიც "ბორუსიას" 2 ქულით ჩამორჩება და "ლევერკუზენი".

გამოცოცხლდა "შალკეც", რაც დიდწილად კევინ-პრინს ბოატენგის დამსახურებაა.

ვენდეტა შედგა! დორტმუნდის "ბორუსიამ" "ჰამბურგზე" შარშანდელისთვის (2:3 და 1:4) ჯავრი იყარა, ტორსტენ ფინკის არასტაბილური და ქაოსური გუნდი 6:2 გაანადგურა.

ეს გამარჯვება "დორტმუნდისთვის" იმას ნიშნავს, რომ იურგენ კლოპის გუნდს ახალი სეზონის ხუთივე სასტარტო მატჩი მოგებული აქვს, რაც თავის მხრივ, "ბორუსიას" ისტორიაში ახალი რეკორდია. "ჰამბურგს" კი ასეთი ტენდენციით გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს.

კლოპმა
მატჩის წინ თქვა, "ჰამბურგთან" ანგარიში გვაქვს გასასწორებელი, ჩვენს ქომაგებს კი ბოდიში უნდა მოვუხადოთ იმისათვის, რაც წინა სეზონში ამ გუნდთან დაგვემართაო.

იურგენის შეგირდებმა მწვრთნელის დავალება იდეალურად შეასრულეს, რაც სხვებთან ერთად, პირველ რიგში, "ბორუსიას" ბრწყინვალე ახალწვეულების, პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და ჰენრიხ მხითარიანის დამსახურებაა. ობამეიანგის ანგარიშზე ამ შეხვედრიდან ორი გოლი და ორი საგოლე პასია, სომეხმა გამთამაშებელმა კი ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ დიდი ანგარიშით გამარჯვება "დორტმუნდს" თავად "ჰამბურგმა" გაუადვილა. სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, ფინკმა მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ წარმატების მიღწევა ახალი ტაქტიკური სქემით სცადა და გუნდს თამაში 3-5-2 ტაქტიკური სქემით დააწყებინა, რამაც სასტიკად არ გაამართლა - ფინკი კი შეცდომას მალევე მიხვდა და 20 წუთის შემდეგ გუნდი ისევ რომბისებური ნახევარდაცვის მქონე 4-4-2-ზე გადააწყო.

დორტმუნდელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო მატს ჰუმელსიც, რომელსაც ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებდნენ (მატსი გერმანიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობიდანაც ამოვარდა). შაბათს ჰუმელსმა "დორტმუნდის" ღირსება მე-200 შეხვედრაში დაიცვა და შეუვალი იყო.

"შეტევაში გრანდიოზული ფეხბურთი ვაჩვენეთ. ასეთი თამაშით ჩვენ ყველას შიშის ზარს დავცემთ. კარგად ვითამაშეთ დაცვაშიც - თუ არ ჩავთვლით სტანდარტულებს, რაშიც ჰამბურგელები აშკარად გვჯობნიან," - აღნიშნა თამაშის შემდეგ კლოპმა.

იურგენის შეგირდებს ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი ელით ნეაპოლში, ხოლო "ჰამბურგს" ერთ კვირაში "ვერდერთან" ჩრდილოეთის დერბი მოუწევს და თუ ის თამაშიც წააგო, დიდი შანსია, რომ ფინკი უმუშევარი დარჩეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბაიერნმა" მოიგო, ზამერი მაინც ყვირის
"ბაიერნს" ჰანოვერთან ცუდად არ უთამაშია და რაც მთავარია, მიუნხენელებმა 2:0 მოიგეს, მაგრამ მატჩის შემდეგ რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი მათიას ზამერი "სქაის" პირდაპირ ეთერში მაინც ყვიროდა.

46 წლის ფუნქციონერი ხმას ძალიან ხშირად იმაღლებს ხოლმე, რათა ფეხბურთელებს შემოუძახოს და გამოაფხიზლოს, მაგრამ ამ შემთხვევაში "მოტცკიმ" ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

"კარგია, რომ მოვიგეთ, მაგრამ ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომა არ მომწონს. თუ მალე არ დავივიწყებთ იმას, რომ "ბაიერნმა" წინა სეზონში ჰეთ თრიკი შეასრულა, პრობლემები შეგვექმნება.

უმეტესად ლეთაგრიულ, უემოციო ფეხბურთს ვთამაშობთ, ბიჭები თითქოს, უბრალოდ, მოვალეობას ასრულებენ და ასე შორს ვეღარ წავალთ.

ფეხბურთელები კომფორტული ზონიდან უნდა გამოვიდნენ და ერთმანეთი შეაგულიანონ. არ ვამბობ, რომ რომელიმე მოთამაშეს სირბილი ეზარება ან უკეთ თამაში არ უნდა, მაგრამ ემოციის გარეშე წარმატება გამორიცხულია.

ასე მგონია, რომ ყველა მწვრთნელის უკან იმალება. არ მსურს არაფრის მოსმენა ტაქტიკის ან სისტემის შესახებ,"
- თქვა ზამერმა.

"ბაიერნის" ფეხბურთელებს ზამერის განცხადებაზე რეაგირების შანსი 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მიეცემათ - რეკორდმაისტერმა მოსკოვის ცსკა-ს უნდა უმასპინძლოს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბოატენგი უკვე "შალკეს" გმირია
როგორც ჩანს, "შალკეს" სწორედ კევინ-პრინს ბოატენგი აკლდა, რადგან ამ უკანასკნელთან ერთად გელზენკირხენულმა კლუბმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და ქვესკნელიდან ამოვიდა.

ბოატენგი "ლევერკუზენთანაც" (2:0) საუკეთესო იყო, თუმცა გოლი არ გაუტანია, "მაინცში" კი "შალკემ" სწორედ მისი გოლით მოიგო - გოლით, რომელიც კევინმა შესანიშნავად შეასრულა. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ გელზენკირხენელებს "მილანისთვის" ბოატენგის სანაცვლოდ გადახდილი 10 მილიონი ევრო წყალში არ გადაუყრიათ - პრინცად კი არა, "შალკეს" ფანებმა ბოატენგი ლამისაა მეფედ გამოაცხადონ.

აღსანიშნავია, რომ კევინს ბუნდესლიგაში ბოლო გოლი 2007 წელს ჰქონდა გატანილი - მაშინ, კერძოდ 2007 წლის 19 მაისს, მან "ჰერტას" ფორმით "აინტრახტს" გაუტანა.

"მინდოდა, ფანებისთვის მადლობა გადამეხადა იმისათვის, რომ ასე თბილად მიმიღეს და მიხარია, რომ ეს გამარჯვების გოლით მოვახერხე," - აღნიშნა ბოატენგმა მატჩის შემდეგ, რომელსაც გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვიც დაესწრო, მაგრამ კევინი მას არაფერში არგია - ძმისგან, ჟერომ ბოატენგისგან განსხვავებით, კევინმა ბუნდესგუნდზე უარი თქვა და მშობლიურ განის ნაკრებში თამაშობს.

მაინცელები, თავის მხრივ, არდანიშნულ პენალტზე წუხდნენ - მწვრთნელმა თომას ტუხელმა თქვა, ის, რაც მატიპმა ოკაზაკის გაუკეთა, მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში ჯარიმით ისჯება და არ მესმის, თერთმეტმეტრიანი რატომ არ დაგვინიშნესო. რომ არა ბოატენგი, თამაში ალბათ 0:0 დამთავრდებოდა, რადგან არც "შალკეს" ჰქონია სხვა რეალური მომენტები, მაინცელებმა კი ტიმო ჰილდებრანდის კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყეს.

"ლევერკუზენი" ფორმაშია
5 ტურის შემდეგ "დორტმუნდს" (15 ქულა) და "ბაიერნს" (13) ხეირიანად მხოლოდ "ლევერკუზენიღა" მისდევს.

სამი ჰიიპიას "ბაიერმა" "ვოლფსბურგი" 3:1 დაამარცხა და 12 ქულა აქვს. წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა შტეფან კისლინგმა დუბლი მიითვალა და უკვე 4 გოლი აქვს, "ვოლფსბურგიდან" კი იუბილარმა ივიცა ოლიჩმა იხეირა - ხორვატი შაბათს 34 წლის გახდა.

"ვერდერმა", რომელსაც სეზონი ორი მოგებით ჰქონდა დაწყებული, ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია (0:3 "აინტრახტთან") და მდგომარეობა დაიმძიმა, "აუგსბურგმა" კი გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "ფრაიბურგთან" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა (2:1) და ცხრილში საკმაოდ ზემოთ აიწია.

გერმანია. ბუნდესლიგა. V ტური
ჰერტა-შტუტგარტი 0:1
გოლი: 0:1 გენტნერი (49)
ჰერტა (4-1-4-1): კრაფტი - პეკარიკი, ლუსტენბერგერი, ბრუკსი, ვან დერ ბერგი - ჰოსოგაი - ჩიგერჩი (76. ვაგნერი), სკიელბრედი (76. ნ. შულცი), რონი, ბენ-ჰატირა (84. ალაგუი) - რამოსი.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - გ. საკაი, შვააბი, რიუდიგერი, ბოკა - კვისტი, გენტნერი - ლაიტნერი (89. კაკაუ), მაქსიმი (58. ტრაორე), ტი. ვერნერი (66. ჰარნიკი) - იბიშევიჩი.
გაფრთხილება: რონი - იბიშევიჩი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 19(8)-8(5); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 46 624

ბაიერნი-ჰანოვერი 2:0
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (51), 2:0 რიბერი (64)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, ჟ. ბოატენგი (68. დანტე), ალაბა - ლამი, ტ. კროოსი (86. კირხჰოფი) - რობენი, თ. მიულერი, რიბერი (80. შაჩირი) - მანჯუკიჩი.
ჰანოვერი (4-4-2): ცილერი - ჰ. საკაი, მარსელო, სანე, პოკონიოლი - ბიტენკური, ანდრეასენი (74. კ. შულცი), შტინდლი, პრიბი (82. შლაუდრაფი) - ია კონანი (67. შმიდებახი), ა. ზობიეხი.
გაფრთხილება: რიბერი, ტ. კროოსი, ჟ. ბოატენგი - მარსელო, პრიბი, ბიტენკური
კუთხური: 13-4; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 18(8)-13(2); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 71 000

ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 3:1
გოლები: 1:0 სემი (24), 1:1 ოლიჩი (39), 2:1 კისლინგი (65), 3:1 კისლინგი (92)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - ჰილბერტი (74. დონატი), ვოლშაიდი, სპაჰიჩი, ბიონიში - რაინარტცი - კასტრო, როლფესი - სემი (88. რ. კრუსი), სონი (81. ჩანი) - კისლინგი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, კნოხე (82. კუჩკე), როდრიგესი - კოო (59. მედოიევიჩი), ლუის გუსტავო - ვიეირინია, დიეგო, მ. შეფერი (71. პერიშიჩი) - ოლიჩი.
გაძევება: ლუის გუსტავო (85. ვოლფსბურგი)
გაფრთხილება: ვოლშაიდი, სემი - ნალდო, ვიეირინია
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 14(7)-14(5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 27 149

ვერდერი-აინტრახტი 0:3
გოლები: 0:1 კადლეცი (14), 0:2 კადლეცი (34), 0:3 პრიოდლი (77-საკ. კარში)
ვერდერი (4-4-2): მილიტცი - ფრიტცი, პრიოდლი, ლუკიმია, კალდიროლა - ელია, ფ. კროოსი (46. გებრე სელასიე), მაკიადი, ექიჩი (46. იგნიოვსკი) - დი სანტო, ჰანტი (77. პეტერსენი).
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა (85. ჯაპკა) - როდე, რუსი - აიგნერი, ბარნეტა, ინუი (61. ფლუმი) - კადლეცი (81. ლაკიჩი).
58-ე წუთზე ჰანტმა (ვერდერი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაძევება: დი სანტო (26. ვერდერი)
გაფრთხილება: კალდიროლა, მაკიადი.
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 12(4)-14(6); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 40 060

მაინცი-შალკე 0:1
გოლი: 0:1 კ. ბოატენგი (34)
მაინცი (4-2-3-1): ჰ. მიულერი - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, პარკი - ბაუმგარტლინგერი, მორიტცი (76. დ. შაჰინი) - ნ. მიულერი, სოტო (76. გაისი), ჩუპო-მოტინგი - ოკაზაკი (57. პოლტერი).
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო - ჰიოგერი (69. ჯონსი), ნოიშტედტერი - ფარფანი (91. მ. მაიერი), კ. ბოატენგი (82. გორეტცკა), დრაქსლერი - სალაი.
გაფრთხილება: სვენსონი - უჩიდა, მ. მაიერი, მატიპი
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 14(0)-10(5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 34 000

აუგსბურგი-ფრაიბურგი 2:1
გოლები: 0:1 მეჰმედი (46), 1:1 ჰალილ ალთინთოფი (62), 2:1 ტო. ვერნერი (89)
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, ფოგტი (58. მორავეკი), ჰალილ ალთინთოფი (86. ფეტში), ჰოლცჰოიზერი (74. ტო. ვერნერი) - მიოლდერსი.
ფრაიბურგი (4-4-2): ბაუმანი - ჰიოფლერი (46. ჰიონი), დიანიე, გინტერი, ზორგი - შმიდი, ფერნანდესი, შუსტერი, კოკელინი - გუედე (46. მეჰმედი), ფრაისი (76. ჰანკე).
გაფრთხილება: მიოლდერსი - გუედე, ჰიოფლერი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 16-21; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14(6)-5(1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 28 453

დორტმუნდი-ჰამბურგი 6:2
გოლები: 1:0 ობამეიანგი (19), 2:0 მხითარიანი (22), 2:1 ჟ. ლამი (26), 2:2 ვესტერმანი (49), 3:2 ობამეიანგი (65), 4:2 ლევანდოვსკი (73), 5:2 როისი (74), 6:2 ლევანდოვსკი (81)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი (61. სოკრატისი), ჰუმელსი, შმელცერი (79. დურმი) - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ობამეიანგი, მხითარიანი (79. ი. ჰოფმანი), როისი - ლევანდოვსკი.
ჰამბურგი (3-4-1-2): ადლერი - ლ. ზობიეხი (46. ირაჩეკი), ჯურუ, ვესტერმანი - დიკმაიერი, არსლანი, რინკონი (68. ჩალჰანოღლუ), ჟ. ლამი - ვან დერ ვაარტი (85. ლასოგა) - ბაისტერი, ზუა.
გაფრთხილება: რინკონი, ვან დერ ვაარტი, დიკმაიერი, არსლანი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 11-19; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 32(14)-4(2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 80 645

ჰოფენჰაიმი-გლადბახი 2:1
გოლები: 1:0 მოდესტე (45), 2:0 ვოლანდი (54), 2:1 ჰრგოტა (75)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტელსი - ბეკი, აბრაამი, ვესტერგაარდი, ჯონსონი - რუდი (54. ზიულე), პოლანსკი - ვოლანდი, ჰერდინგი (56. შტრობლი), ელიონუსი - მოდესტე (72. შიპლოკი).
გლადბახი (4-4-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დომინგესი, დაემსი - ჰერმანი (66. ჰრგოტა), კრამერი (70. ლ. დე იონგი), ჯაკა, არანგო (70. იუნესი) - რაფაელი, კრუსე.
გაფრთხილება: აბრაამი, ბეკი, მოდესტე - იანტშკე, ჯაკა
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 18-9; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 10-16 (8-8); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 29 447

ბრაუნშვაიგი-ნიურნბერგი 1:1
გოლები: 0:1 ჰლუშეკი (28), 1:1 ელაბდელაუი (70)
ბრაუნშვაიგი (4-4-2): პეტკოვიჩი - კესელი, ბიკაკჩიჩი, დოგანი, რაიშელი - ელაბდელაუი, კალიჯური, ტოიერკაუფი, ბოლანდი (72. ადემი) - ბელარაბი (80. პერთელი), კუმბელა (87. კრუპკე).
ნიურნბერგი (4-2-3-1): შაფერი - ჩანდლერი, ნილსონი, პოგატეცი, პლატენჰარდტი - ჰასებე, ბალიტში - დრმიჩი (61. ფრანცი), კიოტაკე, ჰლუშეკი - გინჩეკი.
გაფრთხილება: კესელი, რაიშელი, კუმბელა - გინჩეკი (83. პეკჰარტი), ჰასებე (90. სტარკი).
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 20-20; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 23-9 (11-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 22 570

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 5 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), ნიკოლაი მიულერი (მაინცი).

მომდევნო ტური
20 სექტემბერი
გლადბახი-ბრაუნშვაიგი

21 სექტემბერი
ჰანოვერი-აუგსბურგი, ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი, ნიურნბერგი-დორტმუნდი, მაინცი-ლევერკუზენი, ჰამბურგი-ვერდერი, შალკე-ბაიერნი.

22 სექტემბერი
ფრაიბურგი-ჰერტა, შტუტგარტი-აინტრახტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფრანკ რიბერი: ნაკრებიდან დაბრუნების მერე ყოველთვის გვიჭირს [VIDEO]
იურგენ კლოპი: ჩვენ კიდევ გვაქვს მომატების რეზერვი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული