ბაიერნით ვცხოვრობ, ბაიერნი მიყვარს!

AutoSharing Option

ფილიპ ლამი კარიერის ბოლომდე „ბაიერნის“ ერთგული იქნება


ბასტიან შვაინშტაიგერის მომავალი გაურკვეველია, ფილიპ ლამმა კი გადაწყვიტა, რომ თავისი ბედი კარიერის ბოლომდე მიუნხენის „ბაიერნს“ დაუკავშიროს - ფლანგის მცველი რეკორდმაისტერთან კონტრაქტს 2016 წლამდე აგრძელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუნხენიდან მისი აბარგება უკვე საბოლოოდ გამორიცხულია და ლამი ბუცებს ლურსმანზე „ბაიერნის“ ფეხბურთელის რანგში ჩამოკიდებს. „ბილდმა“ ფილიპს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა.


- ჰერ ლამ, შევიტყვეთ, რომ გერმანიისა და შვედეთის მატჩში მონაწილეობაზე უარი თქვენთვითონ თქვით. რატომ?
- იოახიმ ლიოვმა დამირეკა და მკითხა, თავს როგორ გრძნობ, გსურს თუ

არა შვედეთთან თამაშიო და მეც ვუთხარი, თუ დიდად აუცილებელი არ არის, რომ ვითამაშო, უმჯობესია, დავისვენო-მეთქი. ვფიქრობ, ამით არაფერი დაშავებულა. პირიქით, დასვენება ნაღდად მჭირდებოდა, რადგან ყველა ტურნირის ყველა მატჩში პირველიდან ბოლო წუთამდე ვთამაშობ ხოლმე.

- რატომ თამაშობს „ბაიერნი“ ბუნდესლიგაში ასე ცუდად?
- ვფიქრობ, რომ აჭარბებთ. „ბაიერნის“ მდგომარეობა ნამდვილად არ არის დრამატული. ჩემპიონთა ლიგაში იდეალურად ვთამაშობთ, გერმანიის თასზეც ყველაფერი კარგადაა. რაც შეეხება ბუნდესლიგას, პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ჩემპიონობის შანსი - თანაც ძალიან კარგი. თუ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, „ბაიერნი“ ახალი სეზონის პირველ ნახევარში არასდროს ბრწყინავდა ხოლმე. მართალია, ლიდერ დორტმუნდის „ბორუსიას“ უკვე 12 ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ დამერწმუნეთ, მაინც შეგვიძლია ჩემპიონობა.

- ასე დარწმუნებული რატომ ხართ?
- ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ „დორტმუნდი“ 2-3 თამაშს წააგებს? ნამდვილად წააგებს და მერე მდგომარეობა ისევ დაიძაბება. აი, მაშინ კი, როცა ვითარება დაიძაბება, დორტმუნდელები აფორიაქდებიან და „ბაიერნს“ მიცემა შანსი, რომ ამით ისარგებლოს. ერთი ვნახოთ, როგორ ხასიათზე იქნებიან „ბორუსიას“ ფეხბურთელები მას მერე, რაც 2-3 თამაშს წააგებენ და რამდენად შეძლებენ კრიზისის დაძლევას. ფაქტია, რომ ჩავარდნა აუცილებლად ექნებათ, რადგან „ბორუსიას“ ზედმეტად ახალგაზრდული და გამოუცდელი გუნდი ჰყავს. კრიზისის დროს „დორტმუნდს“ გამოცდილი ფეხბურთელები დასჭირდება, ასეთები კი ფაქტობრივად არ ჰყავს.

- არა მარტო დორტმუნდის „ბორუსია“, „ბაიერნს“ სხვა გუნდებიც უსწრებენ...
- ჰო, მაგრამ მოდით, ერთად ვაღიაროთ, რომ „ბორუსიას“ და ჩვენს გარდა, ჯერ არ ჩანს გუნდი, რომელსაც რეალურად შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა. აგერ, „მაინცს“ რვა ტურის შემდეგ რვავე თამაში მოგებული ჰქონდა, მაგრამ ამ გუნდს სათვალავში მაინც არავინ აგდებდა. ახლა კი, ხომ ხედავთ, კრიზისი დაეწყოთ და უკვე მესამე ადგილზე არიან. მეტსაც გეტყვით: „მაინცი“ ევროპის ლიგის საგზურსაც ვერ მოიპოვებს. ჩვენ კი ბუნდესლიგაში ყველაზე ძლიერი გუნდი გვყავს. ფრანკ რიბერი უკვე გამოჯანმრთელდა, მალე არიენ რობენიც ფეხზე დადგება და მერე უკვე ვეღარავინ შეგვაჩერებს. მთავარია, რომ ქულები აღარ დავკარგოთ და ზამთრის შესვენებამდე „დორტმუნდს“ როგორმე მივუახლოვდეთ.

- რამდენად მნიშვნელოვანია „ბაიერნისთვის“ ის, რომ „ვერდერს“ და „შალკესაც“ მძიმე დროება უდგათ?
- მოდით, სხვანაირად ვიტყვი: ჩვენ რომ ცხრილის შუაში ვართ, ეს ნამდვილად არ არის კარგი, „დორტმუნდი“ რომ 12 ქულით გვისწრებს, ესეც ცუდია, მაგრამ „ვერდერი“ ან „ლევერკუზენიც“ 14-15 ქულით რომ გვისწრებდეს, აი, მაშინ კი მართლა შემეშინდებოდა...

- თემა შევცვალოთ: უკვე გადაწყვეტილია, რომ უახლოეს მომავალშიუ „ბაიერნთან“ ახალ, ძალიან ხანგრძლივ კონტრაქტს გააფორმებთ. ნიშნავს, თუ არა ეს იმას, რომ ფილიპ ლამი „ბაიერნს“ აღარასოდეს დატოვებს?
- რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მართლაც ასეა: ჩემს ახალ ხელშეკრულებას ვადა 2016 წლამდე ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ვადის ამოწურვის დროს უკვე 32 წლის ვიქნები, ეს კი უცხოეთში წასვლისთვის უკვე ძალიან ცუდი ასაკია. შესაბამისად, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ოდესმე სხვა კლუბში გადავიდე. თანაც, ასეთ ხანგრძლივ კონტრაქტს ტყუილად ხომ არ გავაფორმებდი? ეს სწორედ იმის ნიშანია, რომ აქტიური სპორტული კარიერის დამთავრება „ბაიერნში“ მინდა.

- კონტრაქტში მისი გაწყვეტის პუნქტიც კი არ დევს?
- არა! ასეთი რაღაცები არ მჭირდება, რადგან „ბაიერნში“ დარჩენა იმიტომაც გადავწყვიტე, რომ ეს გუნდი ჩემი ცხოვრების ნაწილია. მე „ბაიერნით“ ვცხოვრობ, „ბაიერნი“ მიყვარს. თუკი დღეს რამეს წარმოვადგენ და ვინმე მაფასებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ „ბაიერნის“ დამსახურებაა. შესაბამისად, მეც ლოიალური და რეკორდმაისტერის დიდად მადლიერი ვარ. ესეც რომ არ იყოს, აბა, სად უნდა წავიდე? მიუნხენის „ბაიერნი“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია - ტოპ-ხუთეულში შედის. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ყველაფერი წინ მიდის, გუნდი პროგრესირებს. სხვაგან რა მინდა?

- მაგრამ ხელშეკრულება ოფიციალურად ჯერ არ გაგიფორმებიათ...
- მერე რა? მე სიტყვა ვთქვი, რომელსაც არ გადავუხვევ.

- რას ელით „ბაიერნისგან“ საპასუხოდ? ცხადია, იმ მილიონების გარდა, რასაც ხელფასის სახით მიიღებთ...
- ველი მხოლოდ იმას, რომ აქ ყველა თავდაუზოგავად იშრომებს იმისათვის, რომ „ბაიერნმა“ ყოველთვის ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძოლოს. დღეს ნამდვილად ასეა და მე ეს ძალიან მიხარია.

- რა როლი აქვს ამ კონცეფციაში ლუის ვან გაალს?
- არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც კონტრაქტს მწვრთნელის გამო აფორმებენ ხოლმე და ეს კითხვა თქვენც ამიტომ დამისვით. არა, მე ასეთთა რიცხვს არ განვეკუთვნები - ფილიპ ლამი „ბაიერნთან“ ახალ ხელშეკრულებას არა ვან გაალის, არამედ „ბაიერნის“ გამო აფორმებს. ვფიქრობ, საიდუმლოს არც ის ამბავი წარმოადგენს, რომ მე და ლუის ვან გაალი ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ.

- ამას წინათ, პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ჰოლანდიელი ძალიან მაგრად გააკრიტიკა - სიტყვებს აღარ გავიმეორებთ...
- მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ლუისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, ერთმანეთს აზრს ვეკითხებით და ა.შ. როცა რაღაც მაკლია ან რაღაც მინდა, ყოველთვის პირდაპირ მივმართავ ხოლმე და ვფიქრობ, რომ ლუისი ჩემს მოსაზრებებს ინტერესით ისმენს და ზოგ შემთხვევებში ითვალისწინებს კიდეც. ამასთან, თამამად შემიძლია, მთელი გუნდის სახელით ვთქვა, რომ ვან გაალთან „ბაიერნის“ არცერთ ფეხბურთელს არ აქვს პრობლემები.

- მაშინ რატომ შეუტია ულიმ ლუისს ასე მწარედ და რატომ დააბრალა მას ის, რომ თითქოს ფეხბურთელების მოტივირებისთვის არაფერს აკეთებს და ა.შ.
- ხომ იცით, „ბაიერნში“ ყოველთვის დუღდა სიცოცხლე და ეს ნამდვილად არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელმძღვანელობამ მწვრთნელი გააკრიტიკა, ან პირიქით. იქნებ, ჰიონესს ამით ვან გაალის და მთელი გუნდის გამოფხიზლება სურდა? იქნებ უცებ მთელი საფეხბურთო გერმანიის ყურადღების მიქცევა უნდოდა? ერთი სიტყვით, ეს კითხვა თვითონ ჰიონესს უნდა დაუსვათ.
- კაპიტანი მარკ ვან ბომელი ტრავმირებული იყო და სანამ გამოჯანმრთელდებოდა, ძირითად შემადგენლობაში, მის ნაცვლად უკრაინელი ანატოლი ტიმოშჩუკი თამასობდა. როცა ჰოლანდიელი ფეხზე დადგა, უკრაინელს პირველივე ვარჯიშზე აგრძნობინა, რომ ბოსი ის არის - უკნიდან სასტიკად მოცელა და მინდორზე დააგდო. როგორ ფიქრობთ, ასეთი რამ კარგია „ბაიერნისთვის“?
- ზოგადად ფეხბურთელისთვის აუცილებელია ის, რომ წნეხი იგრძნოს. წნეხის ქვეშ მოქცევის საუკეთესო ვარიანტი კი კონკურენციაა. ვან ბომელმა ტიმოშჩუკს კონკურენცია აგრძნობინა...

- რის შემდეგაც, მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ 2:1-ს იგებდით და მატჩი 3:3 დამთავრდა...
- ჰო, „გლადბახთან“ ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა არაკონცენტრირებული იყო. ზოგადად კი, „ბაიერნის“ ჩავარდნაზე უარყოფითად იმანაც იმოქმედა, რომ არაერთი წამყვანი ფეხბურთელი დაგვიშავდა.
- ისე ლაპარაკობთ, როგორც ნამდვილ კაპიტანს შეეფერება, მაგრამ მხოლოდ ვიცე-კაპიტანი ხართ. ალბათ ძალიან გინდათ, რომ მომდევნო სეზონში კაპიტნის სამკლავური თქვენ გეკეთოთ...

- ფეხბურთელი, რომელიც იტყვის, რომ კაპიტნობაზე არ ოცნებობს, დამიჯერეთ, სასტიკად იტყუება. ვის არ უნდა ძლიერი გუნდის მთავარკაცობა?
- გერმანიის ნაკრებშიც ვიცე-კაპიტანი ხართ და გვიპასუხეთ, აქვს კი ნაკრების ვიცე-კაპიტანს იმის უფლება, რომ შვედეთთან მატჩში მონაწილეობის მიღებაზე ასე უბრალოდ თქვას უარი?

- თუკი მწვრთნელთან შეთანხმდება, რატომაც არა?
- გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი „შალკეში“ უკმაყოფილოა, „ბაიერნის“ 36 წლის კიპერი ჰანს-იორგ ბუტი კი ნაღდად არაა ახალგაზრდა...
- როცა იქნება, აუცილებლად დაისმება კითხვა: „რა უნდა ვქნათ, როცა ბუტი კარიერას დაამთავრებს?“ ორი აზრი არ არსებობს, ნოიერი ძალიან კარგი მეკარეა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ეს მან მსოფლიოს ჩემპიონატზეც დაამტკიცა. მანუელი ნებისმიერი გუნდისთვის მისწრება იქნებოდა, მათ შორის, ჩვენთვისაც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული