30 000 000 შვაინშტაიგერისთვის

AutoSharing Option

ბასტიან შვაინშტაიგერს „ინტერში“ ეპატიჟებიან


გუშინ ვწერდით, რომ „ბაიერნის“ თავდამსხმელ ივიცა ოლიჩის გამოჯანმრთელება ზაფხულამდე ვერ მოესწრება. ექიმებმა მას რვათვიანი პაუზა გამოუწერეს, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ხორვატი ფორვარდი რეკორდმაისტერს ამ სეზონში ვეღარ დაეხმარება. შესაბამისად, გაჩნდა ლოგიკური კითხვა: მიუნხენელები იანვარში ახალ თავდამსხმელს ხომ არ იყიდიან? ფაქტი ის არის, რომ ლუის ვან გაალის განკარგულებაში ახლა მხოლოდ ერთი ნომინალური ცენტრფორვარდია (მარიო გომესი), რადგან მიროსლავ კლოზეც დაშავდებულია. მართალია, ეს უკანასკნელი მალე უნდა გამოჯანმრთელდეს, მაგრამ „ბაიერნისთვის“, რომელიც სამ ფრონტზე (ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის თასი) იბრძვის, ორი

თავდამსხმელი ძალიან ცოტაა.

რეკორდმაისტერის მენეჯერი კრისტიან ნერლინგერი მიუნხენერ თაგესცაითუნგისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბავარიელები იანვარში ახალ ფორვარდს არ შეიძენენ. „ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. მიგვაჩნია, რომ მეორე წრეში გომესი და კლოზე საკმარისია,“ - აცხადებს ნერლინგერი.

ისე, მისთვის ორი თვის წინ რომ გეთქვათ, ოლიჩი ასეთ მძიმე ტრავმას მიიღებსო, ასე დამაჯერებლად არ იტყოდა, რომ იანვარში ახალი თავდამსხმელის შეზენას არ აპირებს, რადგან მაშინ მარიო გომესი ძალიან ცუდ ფორმაში იყო. ახლა კი, სუპერმარიომ გოლების გატანა გაიხსენა და შესანისნავად თამაშობს. მეორე მიზეზი, თუ რატომ არ ყიდულობენ ბავარიელები ახალ თავდამსხმელს, ის არის, რომ ვან გაალმა ბოლო ორ მატჩში ბასტიან შვაინშტაიგერი წინ წასწია და 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში გამთამაშებლად გაამწესა, სადაც თომას მიულერი თამაშობს ხოლმე. ამ უკანასკნელს კი ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციების შესრულებაც ეხერხება და თანაც, ძალიან კარგად.

ამასობაში, შვაინშტაიგერის მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაციები ვრცელდება - ოღონდ, არა გერმანიიდან, არამედ იტალიიდან. „გაძეტა დელო სპორტი“ გუშინდელ ნომერში იუწყებოდა, რომ მილანის „ინტერის“ შეფი მასიმო მორატი, რომელიც შვაინის დიდი ფანია, მზადაა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ბაიერნს“ შვაინშტაიგერში 30 მილიონი ევრო გადაუხადოს. ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ მორატი გერმანელ ნახევარმცველს ძალიან მაღალ ხელფასს, წელიწადში 5 მილიონ ევროს (ნეტო) ჰპირდება. იმავე „გაძეტას“ ცნობით, შვაინისთვის „რეალიც“ იბრძვის.

თვითონ ბასტიანი რეკორდმაისტერთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს და ამას წინათ თქვა, ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს მხოლოდ გაზაფხულზე დავიწყებო. როგორც იცით, მის კონტრაქტს ვადა 2012 წელს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ზაფხულამდე ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, „ბაიერნი“ იძულებული გახდება, შვაინშტაიგერი ზაფხულში გაყიდოს, თუ არა და 2012 წელს ბასტიანი მიუნხენიდან ისე წავა, რომ ბავარიელები ტრანსფერიდან ფინანსურ სარგებელსაც ვეღარ ნახავენ. ფაქტი ერთია: მიუნხენში ყველას ძალიან უნდა, რომ 26 წლის შვაინშტაიგერმა „ბაიერნთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული