ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ დიტერ ჰიონესი კიაერის ტრანსფერზე ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა. სატრანსფერო თანხა ოფიციალურად გაისაიდუმლოებულია, მაგრამ "კიკერის" ინფორმაციით, "ვოლფსბურგს" 21 წლის უკანახაზელის ტრანსფერი დაახლოებით 10-12 მილიონი ევრო დაუჯდა. გუნდის ახალი მწვრთნელი სტივ მაკლარენი დარწმუნებულია, რომ კიაერი არის ფეხბურთელი, რომელიც "ვოლფსბურგისთვის" იდეალური მოთამაშე იქნება. სხვათა შორის, კიაერმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ მატჩში იასპარეზა - ჰოლანდიასთან (0:2) და კამერუნთან (2:1). იაპონიასთან მატჩში კი, რომელიც დანიელებმა 1:3 წააგეს, ახალგაზრდა მცველს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.
ფრიდრიხისა და კიაერის ტრანსფერების შემდეგ, გაიზარდა იმის შანსი, რომ "ვოლფსბურგი" იტალიელმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ დატოვოს. ამ უკანასკნელს "მგლებთან" კონტრაქტი 2011 წლამდე აკავშირებს და ჰიონესმა თქვა, რომ საინტერესო წინადადების შემთხვევაში, ბარძალის კალთებს არ დაახევს. იტალიელს სათადარიგოთა სკამის ხეხვის პერსპექტივა არ ხიბლავს და ალბათ "ვოლფსბურგიდან" წავა.
გოტფრიდ ლენცი