ხედირას რეალი და ჩელსი უმიზნებენ

AutoSharing Option
მიხაელ ბალაკის ტრავმამ სამი ხედირას წისქვილზე დაასხა წყალი. "შტუტგარტის" ახალგაზრდა ნახევარმცველი მსოფლიოს ჩემპიონატზე
გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში სწორედ ბალაკის ადგილზე თამაშობს და ძალიან კარგადაც ასპარეზობს, რის გამოც ყურადღების ცენტრშია მოქცეული. გავრცელდა ცნობები, რომ ხედირას ისეთმა გრანდებმა დაუმიზნეს, როგორებიც არიან მადრიდის "რეალი" და ლონდონის "ჩელსი". ფაქტია, რომ თუ ამ კლუბების დაინტერესება დაკონკრეტდა, "შტუტგარტის" ხელმძღვანელები ხედირას შვაბურ კლუბში ვერ გააჩერებენ. შესაბამისად, გუნდის მთავარი მწვრთნელი კრისტიან გროსი იძულებულია, იფიქროს, რა უნდა მოიმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ ხედირა მის გუნდს დატოვებს.

"შტუტგარტი" ახალი სეზონისთვის დონაუეშინგენში
ემზადება და გროსმა პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი სეზონისთვის მას ფლანგის ორი ახალი ფეხბურთელი სჭირდება, ოღონდ იმისათვის, რომ ახალი მოთამაშეები შეიძინოს, ჯერ ფულის შოვნაა საჭირო. შესაბამისად, გროსი ხედირას გაყიდვას არ გამორიცხავს, ოღონდ ამბობს, რომ ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ მსურველი მის სანაცვლოდ დიდ თანხას გადაიხდის.

"არ მინდა, რომ ხედირამ დაგვტოვოს, მაგრამ ჩვენ მას ვერ შევაჩერებთ," - აცხადებს გროსი. 23 წლის ფეხბურთელს "შტუტგარტთან" კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ახლა არ გაყიდეს და ვერც ახალი ხელშეკრულება გაუფორმეს, შვაბებს გაისად ხედირას უფასოდ დათმობა მოუწევთ. "შტუტგარტის" სპორტული დირექტორის, იოხენ შნაიდერის თქმით, მას "რეალიდან" ან "ჩელსიდან" ხედირას თაობაზე ფაქსიც კი არ მიუღია. მოკლედ, "შტუტგარტის" შეფები ისე ლაპარაკობენ, რომ ფაქტია, სამი ხედირა ტრანსფერზეა დაყენებული.

"შტუტგარტისთვის" ფულის მოტანა გერმანიის ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ცენტრალური მცველის, სერდარ ტასკის ტრანსფერსაც შეუძლია, რომელსაც შვაბებთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. მაგრამ ხედირასგან განსხვავებით, 23 წლის ტასკის მუნდიალზე არცერთი თამაში არ ჩაუტარებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია. აქვე გეტყვით, რომ ამ დღეებში შტუტგარტელები მოლაპარაკებებს "ჰანოვერის" ბოსებთან აწარმოებენ. საქმე ეხება ბრაზილიელ ელსონს, რომელსაც გროსი ითხოვს. "ჰანოვერს" ელსონში 700 000 ევროს აღება უნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული