გერმანია. ბუნდესლიგა. VIII ტური: მიუნხენის "ბაიერნი" თავის ადგილზეა [VIDEO]

AutoSharing Option
იურგენ კლოპს 80 წუთის განმავლობაში ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მისი გუნდი მოიგებდა და ამის საფუძველი ჰქონდა კიდეც, რადგან დორტმუნდის "ბორუსია" მიონხენგლადბახურ სეხნიას სწორედ 80 წუთის მანძილზე უტარებდა საფეხბურთო გაკვეთილს.

უბრალოდ, დორტმუნდელებს გოლი ვერ გაჰქონდათ, რამდენიმე მომენტი გაანიავეს. მიონხენგლადბახელები კი ითმენდნენ და ასეთი მოთმინებისთვის ნამდვილად ქებას იმსახურებდნენ.

ლუსიენ ფავრის გუნდი არ დაიღალა ამით, დაელოდა შანსს, რომელიც "გლადბახს" აუცილებლად მიეცემოდა და მიეცა კიდეც: 82-ე წუთზე მატს ჰუმელსი თითქმის იძულებული გახდა, საკუთარ საჯარიმოში წესები დაერღვია - ნორვეგიელ ნორდტვეიტს ფეხებში ჩაუვარდა, მოედნიდან გააძევეს, "დორტმუნდის"
კარში დანიშნული პენალტი კი მაქს კრუზემ უნაკლოდ შეასრულა.

"დორტმუნდი" კი "აიჭრა" და მეორე გოლიც მიიღო...

ამრიგად, კლოპის გუნდმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი მე-8 ტურში განიცადა - წააგო, მიუხედავად იმისა, რომ კარისკენ დარტყმებით 27:6 უპირატესობა ჰქონდა, კუთხურებით კი - 9:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"ძალიან დიდხანს ძალიან კარგად ვთამაშობდით. კრუზეს გოლამდე, ანუ 80 წუთი "გლადბახი" უმძიმესი წნეხის ქვეშ ვამყოფეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. თამაშს კი, ხომ იცით, ის გუნდი იგებს, ვისაც გოლი გააქვს.

ამ შეხვედრას მაქსიმალურად თვითკრიტიკულად უნდა მივუდგეთ და მივუდგებით კიდეც,"
- აღნიშნა მატჩის შემდეგ კლოპმა.

აღსანიშნავია, რომ ჰუმელსს ბუნდესლიგაში 156 მატჩი აქვს ჩატარებული, წითელი ბარათი კი პირველად მიიღო.

"ძალიან სულელურად წავაგეთ, ასე სულელურად, მგონი, არასდროს წაგვიგია!" - წუხდა კევინ გროსკროიტცი და მართალიცაა, რადგან მარტო პირველ ტაიმში დორტმუნდელებმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარისკენ 17-ჯერ დაარტყეს ("გლადბახს" იმ დროს მხოლოდ ერთი დარტყმა ჰქონდა).

მიონხენგლადბახელთა გამარჯვებაში ტერ შტეგენსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის - მან არაერთხელ იხსნა თანაგუნდელები.

"დიდი ხანია, არ მინახავს "დორტმუნდის" ისეთი დომინირება, როგორც ეს "გლადბახთან", კრუზეს გოლამდე იყო. ფაქტია, რომ ეს მარცხი ძალიან გულდასაწყვეტია," - ეს "დორტმუნდის" მენეჯერ მიხაელ ცორკის სიტყვებია.

პეპი უკვე პირველია
"ბაიერნმაც" ვერ მოიგო, მაგრამ მიუნხენელებმა "დორტმუნდის" წაგებით მაინც ისარგებლეს და ლევერკუზენში ფრეც ეყოთ იმისათვის, რომ ერთპიროვნულად გალიდერებულიყვნენ.

რეკორდმაისტერმაც მაგრად დაჩაგრა მეტოქე, მაგრამ მხოლოდ 1:1-ს მიაღწია, თუმცა "დორტმუნდს" გადაასწრო და ამ სეზონში პირველად გალიდერდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ხოსეპ გვარდიოლა საფინალო სასტვენის შემდეგაც დიდხანს იჯდა სათადარიგოთა სკამზე. როგორც გაირკვა, პეპი "ლევერკუზენის" მეკარე ბერნდ ლენოს ელოდებოდა. ეს უკანასკნელი ერთ-ერთ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა და როგორც კი დაამთავრა, გვარდიოლა მასთან მივიდა, მხარზე ხელი დაარტყა და ყველას გასაგონად უთხრა, დღეს მაგარი იყავიო.

"ბაიერნის" მწვრთნელმა იმ დროს უკვე იცოდა, რომ პირველად გალიდერდა ბუნდესლიგაში და ეს ჟესტიც ლოგიკურია, რადგან ის ფაქტი, რომ "ლევერკუზენმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია, პირველ რიგში, სწორედ შესანიშნავი ლენოს დამსახურებაა.

მიუნხენელებმა მისი კარისკენ სულ 27-ჯერ დაარტყეს და აქედან 9 დარტყმა რთულად მოსაგერიებელი იყო, მაგრამ ლენო ყველაფერს იღებდა - ასაღებსაც და აუღებელსაც. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბერნდი ლევერკუზენელთაგან ბურთს ყველაზე მეტჯერ, 56-ჯერ შეეხო!

"სიმართლე გითხრათ, ასეთი თამაშები მირჩევნია ისეთებს, როცა საქმე არ მაქვს ხოლმე," - გაიკრიჭა მატჩის შემდეგ "ფარმაცევტების" ნიჭიერი მეკარე.

"ბაიერნის" რამდენიმე რეალური მომენტიდან ერთ-ერთი, ყველაზე ნაღდი თომას მიულერმა ვერ გამოიყენა - 7 მეტრში თავისუფალი იყო და თავით კარს გადააცილა. "ის მომენტი უნდა გამომეყენებინა. ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან და ამიტომაც ვერ მოვიგეთ," - წუხდა ნამატჩევს თომასი.

"ის ფაქტი, რომ ეს მატჩი 1:1 დასრულდა, პატარა სასწაულია, რადგან "ბაიერნი" ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა," - ეს გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვის სიტყვებია, რომელიც მე-8 ტურის ტოპ-მატჩს თვალს "ბაი-არენას" ტრიბუნიდან ადევნებდა.

პირველ ტაიმში კარისკენ დარტყმების რაოდენობა 11:3 იყო, ხოლო 90 წუთის შემდეგ - 27:5. მატჩს NBA-ს ვარსკვლავი კობი ბრაიანტიც დაესწრო, რომელიც ამჟამად მიუნხენში მკურნალობს.

ერთ მომენტში, კერძოდ, 46-ე წუთზე მსაჯს "ლევერკუზენის" კარში პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ "ფარმაცევტები" დაინდო. დასკვნით ფაზაში გვარდიოლამ მოედანზე რობენი, მანჯუკიჩი და გიოტცეც შეიყვანა, მაგრამ თამაშში გარდატეხა ვერც მათ შეიტანეს.

მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გიოტცეს ჰქონდა კარგი მომენტი, მაგრამ მასაც ლენომ აუღო.

"უმაღლესი კლასის ფეხბურთი ვითამაშეთ. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელები მაინც უკმაყოფილოები არიან," - თქვა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"ვულოცავ ბიჭებს, პირველ ადგილზე ვართ. მართლა ძალიან კარგად ვითამაშეთ. ხანდახან ფეხბურთი ასეთია. შესაძლოა, "მაინცთან" ცუდად ვითამაშოთ და მოვიგოთ," - ეს გვარდიოლას სიტყვებია.

"ჰამბურგი" გამოცოცხლდა?
რაკი პარასკევს "ჰანოვერმა" ვერ მოიგო (1:1 "ჰერტასთან"), მე-8 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზე "გლადბახი" აღზევდა, თუმცა მიონხენგლადბახელები მესამეადგილოსან "ლევერკუზენს" 6 ქულით ჩამორჩებიან.

პირველად მოიგეს "ბრაუნშვაიგმა" და "ჰამბურგმა" - ელიტაში ახლახან აღზევებულმა "აინტრახტმა" სტუმრად "ვოლფსბურგის" დამარცხება შეძლო, ხოლო ბუნდესლიგის "უკანასკნელმა დინომ" "ნიურნბერგი" 5:0 გაანადგურა - ეს აშკარად ახალი მწვრთნელის, ბერტ ვან მარვეიკის ეფექტია.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გამარჯვებისა, "ბრაუნშვაიგი" მაინც ბოლო ადგილზე დარჩა, "ჰამბურგი" კი პირველად გამოძვრა გასავარდნი ზონიდან.

გერმანია. ბუნდესლიგა. VIII ტური
ჰანოვერი-ჰერტა 1:1
გოლები: 1:0 კ. შულცი (23), 1:1 რონი (81)
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, პოკონიოლი - ანდრეასენი (90. კადა), შტინდლი - შლაუდრაფი (57. ბიტენკური), ჰუსტი - ია კონანი (46. პრიბი), ა. ზობიეხი.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - პეკარიკი (83. იანკერი), ლუსტენბერგერი, ს. ლანგკამპი, ვან დერ ბერგი - ჰოსოგაი, სკიელბრედი - ალაგუი (80. რონი), ბენ-ჰატირა, ნ. შულცი - რამოსი (79. ვაგნერი).
გაფრთხილება: შლაუდრაფი, შტინდლი, მარსელო - ალაგუი, ნ. შულცი, ს. ლანგკამპი
კუთხური: 8-9; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 14(5)-10(2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 46 500

შალკე-აუგსბურგი 4:1
გოლები: 0:1 მიოლდერსი (10), 1:1 კ. ბოატენგი (16-პენ), 2:1 სალაი (28), 3:1 სალაი (78), 4:1 მ. მაიერი (86)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, ფელიპე სანტანა, აოგო - ჰიოგერი, ნოიშტედტერი - კლემენსი (84. კოლასინაცი), კ. ბოატენგი (68. მ. მაიერი), დრაქსლერი - სალაი (87. აიჰანი).
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, ფოგტი, ჰალილ ალთინთოფი (18. ჰონგი), ტო. ვერნერი (73. ჰოლცჰოიზერი) - მიოლდერსი (83. მილიკი).
გაძევება: კლავანი (16. აუგსბურგი)
გაფრთხილება: უჩიდა - ტო. ვერნერი, ფოგტი, ოსტრცოლეკი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 13(6)-10(3); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 60 731

გლადბახი-დორტმუნდი 2:0
გოლები: 1:0 მ. კრუზე (82-პენ), 2:0 რაფაელი (86)
გლადბახი (4-2-3-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი (56. ბრუვერსი), ვენდტი - ნორდტვეიტი (83. კრამერი), ჯაკა - ჰერმანი (77. ჰრგოტა), რაფაელი, არანგო - მ. კრუზე.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, დურმი - ს. ბენდერი (72. ი. ჰოფმანი), ნ. შაჰინი (89. კ. გიუნტერი) - ობამეიანგი, მხითარიანი (77. ბლაშჩიკოვსკი), როისი - ლევანდოვსკი.
გაძევება: ჰუმელსი (81. დორტმუნდი)
გაფრთხილება: შტრანცლი, კრამერი - გროსკროიტცი, ლევანდოვსკი
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 6(3)-27(8); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 54 010

შტუტგარტი-ვერდერი 1:1
გოლები: 1:0 ჰარნიკი (6), 1:1 პეტერსენი (37)
შტუტგარტი (4-2-3-1): კირშბაუმი - გ. საკაი, შვააბი, რიუდიგერი, ბოკა - კვისტი, გენტნერი - ჰარნიკი, მაქსიმი, ტრაორე (88. ტი. ვერნერი) - იბიშევიჩი.
ვერდერი (4-2-3-1): მილიტცი - ფრიტცი, პრიოდლი, კალდიროლა, გარსია - ფ. კროოსი, იუნუზოვიჩი - ელია (88. ლორენცენი), ჰანტი, ექიჩი (66. გებრე სელასიე) - პეტერსენი.
გაფრთხილება: იბიშევიჩი - ექიჩი, გარსია
კუთხური: 13-1; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 20(6)-7(2); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 50 410

ვოლფსბურგი-ბრაუნშვაიგი 0:2
გოლები: 0:1 ბელარაბი (31), 0:2 კუმბელა (86)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - ლუის გუსტავო, პოლაკი (59. დ. კალიჯური) - კოო, დიეგო, მ. შეფერი (46. პერიშიჩი) - ოლიჩი (70. კუჩკე).
ბრაუნშვაიგი (4-3-2-1): დავარი - ელაბდელაუი, ბიჩაქჩიჩი, დოგანი, რაიხელი - მ. კალიჯური, თოიერკაუფი, პერთელი (80. იორლი) - ბელარაბი (88. კრუპკე), ბოლანდი - ადემი (70. კუმბელა).
გაფრთხილება: ოლიჩი, დიეგო - ადემი, თოიერკაუფი, ბოლანდი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 21-26; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 17(3)-7(3); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 30 000

მაინცი-ჰოფენჰაიმი 2:2
გოლები: 0:1 ფოლანდი (14), 0:2 რობერტო ფირმინო (22), 1:2 ჩუპო-მოტინგი (82), 2:2 მალი (92)
მაინცი (4-1-2-1-2): ჰ. მიულერი - პოსპეხი, ბელი, ნოვესკი, პარკი - მორიტცი (25. ჩუპო-მოტინგი) - გაისი, სოტო - ზიმლინგი (66. მალი) - ნ. მიულერი, ოკაზაკი (66. შ. პარკერი).
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ბეკი, აბრაამი, ვესტერგაარდი, ტოლიანი - პოლანსკი (77. შტრობლი), რუდი - ფოლანდი, რობერტო ფირმინო, ელიუნუსი (85. ზიულე) - მოდესტე (22. შიპლოკი).
გაფრთხილება: პოსპეხი, გაისი - შიპლოკი, ზიულე
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 23-16; თამაშგარე: 9-4; კარში დარტყმა: 17(8)-14(5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 25 187

ლევერკუზენი-ბაიერნი 1:1
გოლები: 0:1 ტ. კროოსი (29), 1:1 სემი (31)
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - დონატი, სპაჰიჩი, თოფრაქი, ბიონიში - ლ. ბენდერი, რაინარტცი, როლფესი - სემი (81. კრუსი), კისლინგი (83. ჰეგელერი), ჩანი (68. სონი).
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - შაჩირი (71. რობენი), ტ. კროოსი (85. გიოტცე), შვაინშტაიგერი, რიბერი - თ. მიულერი (80. მანჯუკიჩი).
გაფრთხილება: ბიონიში - ჟ. ბოატენგი
კუთხური: 2-14; ჯარიმა: 15-8; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 5(3)-27(11); ბურთის ფლობა: 22%-78%.
მაყურებელი: 30 210

ნიურნბერგი-ჰამბურგი 0:5
გოლები: 0:1 ვან დერ ვაარტი (17), 0:2 ლასოგა (59), 0:3 ლასოგა (63), 0:4 ლასოგა (67), 0:5 არსლანი (74)
ნიურნბერგი (4-1-2-1-2): რ. შეფერი - ჩანდლერი, ნილსონი, პოგატეცი, პლატენჰარდტი - ჰასებე - ფრანტცი (66. ფოილნერი), ჰლუშეკი - კიოტაკე (73. შტარკი) - დრმიჩი, პეკჰარტი.
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - ვესტერმანი, თაა, ჯურუ, იანსენი - არსლანი (81. ირაჩეკი), ბადელი - ზუა (61. ბაისტერი), ვან დერ ვაარტი, ჩალჰანოღლუ - ლასოგა (84. რუდნევსი).
გაფრთხილება: პოგატეცი (ნიურნბერგი)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 7(2)-16(13); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 38 042

ფრაიბურგი-აინტრახტი 1:1
გოლები: 0:1 გიუნტერი (64-საკ. კარში), 1:1 ჰიოფლერი (85)
ფრაიბურგი (4-2-3-1): ბაუმანი - ზორგი, გინტერი, კრმასი, გიუნტერი (76. კლაუსი) - ფერნანდესი (73. ჰიოფლერი), შუსტერი - შმიდი, მეჰმედი, კოკელინი - ფრაისი (70. ჰანკე).
აინტრახტი (4-1-4-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ჯაპკა - რუსი - აიგნერი (63. ლაკიჩი), როდე (54. ფლუმი), ბარნეტა, ინუი - კადლეცი (88. ჩელოცი).
გაფრთხილება: შმიდი, შუსტერი, ჰიოფლერი - ჯაპკა, რუსი
გაძევება: ფლუმი (90. ფრაიბურგი)
კუთხური: 7-10; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13(4)-11(5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 23 300

ბომბარდირები: 6 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), ლევანდოვსკი (დორტმუნდი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), ნ. მიულერი (მაინცი), სემი (ლევერკუზენი).

მომდევნო ტური
18 ოქტომბერი.
ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი

19 ოქტომბერი.
დორტმუნდი-ჰანოვერი, ბაიერნი-მაინცი, ვერდერი-ფრაიბურგი, ბრაუნშვაიგი-შალკე, აინტრახტი-ნიურნბერგი, ჰერტა-გლადბახი.

20 ოქტომბერი.
ჰამბურგი-შტრუტგარტი, აუგსბურგი-ვოლფსბურგი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული