შვედეთისა და გერმანიის ნაკრები გუნდების ამხანაგური მატჩის დროს (0:0), ბუნდესგუნდის ახალწვეულმა ლუის ჰოლტბიმ 58-ე წუთზე პირჯვარი გადაიწერა, რასაც გერმანიაში, ვფიქრობთ, გადაჭარბებულად დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 90-იანი წლების ერთ-ერთმა საუკეთესო გერმანელმა ფეხბურთელმა მეჰმეთ შოლმა, რომელიც ახლა ტელეკომპანია ARD-ს ექსპერტია, ჰოლტბი პირჯვარის გადაწერის გამო პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა (?!). შოლმა თქვა: „ჩემი აზრით, ეს ნამეტანია. ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არ არსებობდა...“
აუცილებლობა? ჰოლტბი მორწმუნე ქრისტიანია (პროტესტანტი) და რაკი პირჯვარის გადაწერა მოუნდა, ეს უნდა გაეკეთებინა კიდეც. მატჩის შემდეგ „მაინცის“ გამთამაშებელმა განაცხადა: „ეს გულახდილი რეაქცია იყო. მე
რა აქვს შოლს (36 მატჩი გერმანიის ნაკრებში) იმის საწინააღმდეგო, რომ ფეხბურთელმა პირჯვარი გადაიწეროს? შოლი: „საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი მაქვს. პირიქით, რწმენის თავისუფლების მომხრე ვარ მანამდე, სანამ ამით არავინ დაზარალდება. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ საგოლე მომენტის ვერგამოყენების შემდეგ პირჯვარის გადაწერა ნამეტანია. არაფერი მომხდარა ისეთი, რომ ლუისს ამის გაკეთების საფუძველი ჰქონოდა.“
სხვათა შორის, შოლს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვიც დაეთანხმა, მეც ვფიქრობ, რომ საგოლე მომენტის გამოუყენებლობა არ არის იმის საბაბი, რომ ფეხბურთელმა პირჯვარი გადაიწეროსო. „მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია, ჩვენს გუნდში კი ძალიან ბევრი მორწმუნე ფეხბურთელი თამაშობს და როცა სურთ, მაშინ უნდა გააკეთონ რელიგიური ჟესტები,“ - აღნიშნა ბუნდესმწვრთნელმა.
...მაგალითად, გერმანიის ნაკრების გამთამაშებელი მესუთ იოზილი მუსულმანია და მატჩის დაწყების წინ, მოედნის ცენტრში ლოცულობს ხოლმე...