გერმანია. ბუნდესლიგა. X ტურის წინ: გელზენკირხენში ომი იქნება, მიუნხენში - მშვიდობა?

AutoSharing Option
არის თუ არა ბუნდესლიგა საუკეთესო ლიგა, ამ თემაზე დისკუსია მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის გერმანული ფინალის შემდეგ გაღრმავდა. ეს სადავო საკითხია, ფაქტი კი ის არის, რომ რურის დიდი დერბი საუკეთესოა ყველა მატჩს შორის, რომლის შემოთავაზებაც გერმანიის ჩემპიონატს შეუძლია.

"შალკესა" და დორტმუნდის "ბორუსიას" დუელი თავისი მნიშვნელობით ბუნდესლიგის ისტორიაში ყოველთვის ყველა შეხვედრაზე მაღლა იდგა, დღეს კი თვით "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" უმძაფრეს დაპირისპირებაზე მაღლაც დგას.

და დღეს სწორედ რურის დიდი დერბია: "დორტმუნდი" "შალკეს" გელზენკირხენში სტუმრობს.

ასე რომ, 26 ოქტომბერს, ჩვენი დროით 17 საათსა და 30
წუთზე "ფელტინს არენა აუფ შალკეზე" ემოციები ადუღდება. ეს ისეთი მატჩია, რომელშიც ფავორიტის დასახელება არ შეიძლება - მიუხედავად იმისა, ვინ როგორ ფორმაშია და ვის რამდენი ქულა აქვს. "დორტმუნდი" "შალკეს" 8 ქულით კი უსწრებს და ცხრილში წინა სეზონშიც მნიშვნელოვნად გაასწრო, მაგრამ გაიხსენეთ, წინა სეზონში "შალკემ" მოსისხლე მტერი ორივე მატჩში (ორჯერვე 2:1) დაამარცხა.

"ამ ორ გუნდს შორის მტრობას უდიდესი ისტორია აქვს, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყოველ კვირა "შალკეს" ვეჯიბრებით, ცდება. ჩვენი მიზანი ყოველთვის ისაა, რომ სეზონის ბოლოს ცხრილში "შალკეზე" მაღლა ვიყოთ და ბოლო წლებში ამას შესანიშნავად ვახერხებდით," - ეს "ბორუსიას" თურქი ნახევარმცველის, ნური შაჰინის სიტყვებია.

თითქოს, ვერ შეედავები, მაგრამ იყო დრო, როცა "შალკე" "დორტმუნდზე" უკეთესი გუნდი გახლდათ და მაშინ დორტმუნდელები სხვანაირად ლაპარაკობდნენ - მთავარია, უშუალო დუელში მოიგოო.

დღეს "ბორუსია" "შალკეზე" უკეთესი გუნდია და გაცილებით უკეთესი შემადგენლობაც ჰყავს, თუმცა რურის დერბიში ეს ბევრს არაფერს ნიშნავს - თანაც იმ დროს, როცა თამაში გელზენკირხენშია.

"დორტმუნდს" ფავორიტად ვერც იმის გამო შევრაცხავთ, რომ "შალკეს" არაერთი წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული (მარტო ჰუნტელაარისა და ფარფანის არყოფნა რად ღირს). ამ კვირაში კი გელზენკირხენელებს მარკო ჰიოგერიც დაუშავდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ საყრდენი ნახევარმცველების პოზიციებზე ჯონსისა და ახალგაზრდა გორეტცკას ტანდემს უნდა ველოდოთ.

დორტმუნდელებს კი დისკვალიფიკაციამოხდილი მატს ჰუმელსი უბრუნდებათ.

სიმამაცე თუ ბეტონი: როგორ იბრძოლებს "ჰერტა" "ბაიერნთან"?
"ბაიერნის" წინააღმდეგ ამ სეზონში ყველა ერთნაირ ფეხბურთს თამაშობს - დაცვაში დგებიან, დერეფნების გადაკეტვას ცდილობენ და იღბალის იმედად არიან ხოლმე.

თუმცა ბავარიელები ბეტონის განგრევას თითქმის ყოველთვის ახერხებენ ხოლმე, რადგან უამრავი შემოქმედი ფეხბურთელი ჰყავთ. მაგალითად, "მაინცთან" ეს მარიო გიოტცემ შეძლო, თუმცა "გიოტცინიოს" "ჰერტასთან" ძირითად შემადგენლობაში ალბათ მაინც ვერ ვიხილავთ.

აღსანიშნავია, რომ "ჰერტას" ბუნდესლიგაში ამ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს - ლევან კობიაშვილის გუნდს 9 გოლი აქვს მიღებული, რაც 9 ტურის შემდეგ მესამე შედეგია.

თუმცა ვერ ვიტყვით, რომ "ჰერტა" ყოველთვის დაცვით ფეხბურთს თამაშობს - ბერლინელებს შეტევაც შეუძლიათ. მწვრთნელ იოს ლუჰუკაის საფეხბურთო ფილოსოფია კი ადრეულ პრესინგს ეფუძნება. ამიტომაც საინტერესოა, როგორ ითამაშებს "ჰერტა" რეკორდმაისტერთან - საკუთარ საჯარიმოსთან ჩაიკეტება, თუ პრესინგს გაბედავს?

"ლევერკუზენის" საშინაო დავალება
"ლევერკუზენმა" ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო, რაც მშვენიერი შედეგია, თუმცა მთავარი მწვრთნელი სამი ჰიიპია მაინც უკმაყოფილოა - ოღონდ, არა შედეგით, არამედ თამაშის ხარისხით.

"უფრო კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და უბრალოდ ამაზე უკეთეს ფეხბურთს უნდა ვთამაშობდეთ. ბურთს ზედმეტად ხშირად ვკარგავთ და რეაქციას ვაგვიანებთ," - ამბობს "ფარმაცევტების" ფინელი თავკაცი.

"აუგსბურგის" დამარცხებას წესით დიდი ძალისხმევა არ უნდა დასჭირდეს, მაგრამ მარკუს ვაინცირლს მებრძოლი გუნდი ჰყავს და აუგსბურგელებს თავისას შეეცდებიან.

ჰოფენჰაიმელები კარის ბადეებს დააკვირდებიან
"ჰანოვერს" და "ჰოფენჰაიმს" ბოლო მატჩებში არადამაკმაყოფილებელი შედეგები აქვთ. "წითლებმა" ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს, "სოფლელებმა" კი - ორი. "ჰანოვერს" ყველა ქულა საკუთარ მოედანზე აქვს მოპოვებული და ცხადია, რომ მირკო სლომკა "ჰოფესთან" სამ ქულას გეგმავს.

ჰოფენჰაიმელები კი, გასაგები მიზეზის გამო, კარის ბადეებს კარგად დააკვირდებიან.

გოლის არგაშვება "ჰოფენჰაიმის" უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან მარკუს გისდოლის გუნდს 9 ტურში ყველაზე მეტი, 22 გოლი აქვს მიღებული. ამდენი გოლი თვით "ბრაუნშვაიგსაც" (21) კი არ გაუშვია...

გაცილებით სერიოზულ კრიზისშია "მაინცი" - თომას ტუხელის გუნდმა უკანასკნელ 6 ტურში 18 შესაძლოდან ერთადერთი ქულა აიღო. დღეს კი "მაინცი" ფაქტობრივად ვალდებულია, 3 ქულა აიღოს, რადგან "ბრაუნშვაიგს" მასპინძლობს და შესაბამისად, წნეხის ქვეშაა მოქცეული.

ალოფსის შეხვედრა "ვერდერთან"
შაბათის საღამოს მატჩი კი "ვოლფსბურგისა" და "ვერდერის" დაპირისპირებაა, რომელსაც სიმძაფრეს კლაუს ალოფსის ფაქტორი მატებს - ეს უკანასკნელი ხომ წლების მანძილზე ბრემენელთა მენეჯერი იყო, ახლაკი "ვოლფსბურგის" სპორტული დირექტორია.

"მგლებმა" ნეგატიური სერია აუგსბურგში მოგებით შეწყვიტეს და "ვერდერთანაც" გამარჯვებას გეგმავენ.

ბრემენულ კლუბს მთავარი გოლეადორი, ნილს პეტერსენი დააკლდება.

პრაგმატული "ფრაიბურგი" და თავზეხელაღებული "ჰამბურგი"
"ფრაიბურგი", რომელმაც წინა სეზონში ყველასათვის მოულოდნელად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლა და ევროპალიგაში მოხვდა, ჯერ კიდევ გამარჯვების გარეშეა, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს, მაგრამ ბრაისგაუელები უკვე საკმაოდ მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფებიან და პირველი გამარჯვება ფაქტობრივად ჰაერივით სჭირდებათ.

27 ოქტომბერს "ფრაის" მეტოქე "ჰამბურგი" კი ფორმას კრეფს, რაც ახალი მწვრთნელის, ბერტ ვან მარკვეიკის დამსახურებაა, რომელიც ჩრდილოგერმანულ კლუბს თამამ ფეხბურთს ათამაშებს - მის ხელში "ჰამბურგმა" სამ მატჩში 10 გოლი გაიტანა.

კვირას საღამოს კი "გლადბახისა" და ფრანკფურტის "აინტრახტის" დუელია. "ბორუსიას" დაცვის ცენტრში აქვს პრობლემები: შტრანცლი ბერლინში (0:1) გააძევეს და დისკვალიფიცირებულია, ალვარო დომინგესი კი ტრავმირებული გახლავთ. დაცვის ცენტრისთვის ალტერნატივაა საყრდენი ნახევარმცველი ნორდტვეიტიც, მაგრამ ეს უკანასკნელიც დაშავებულია.

დიდი შანსია, რომ ლუსიენ ფავრმა დაცვის ცენტრში დემსი ათამაშოს.

გერმანია. ბუნდესლიგა. X ტური
25 ოქტომბერი
შტუტგარტი-ნიურნბერგი 1:1

26 ოქტომბერი
გელზენკირხენი. "ფელტინს არენა". 17:30
შალკე-დორტმუნდი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კ. პაპადოპულოსი, ანანი, ჰიოგერი, ფარფანი, ჰუნტელაარი, ობასი - პიშჩეკი, გიუნდოგანი, კელი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 82 თამაში: +29=24-29, (118:126)
სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო - ნოიშტედტერი, ჯონსი - კ. ბოატენგი, მ. მაიერი, დრაქსლერი - სალაი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ობამეიანგი, მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი.

ბაიერნი-ჰერტა 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბადშტბერი, დანტე, შაჩირი, ტიაგო ალკანტარა, პისარო - ბაუმიოჰანი, მ. ნდიენგი, ვაგნერი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 56 თამაში: +31=16-9, (134:65)

ლევერკუზენი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: ოსტრცოლეკი, ვერჰეგი (ორივე ლევერკუზენი)
ტრავმა: სტაფილიდისი, იოზთუნალი - ბობადილია, ვლახოდიმოსი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +4=0-0, (13:4)

ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფელიპე, პანდერი, ფრანკა, ია კონანი - ვუკჩევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +3=2-5, (11:18)

მაინცი-ბრაუნშვაიგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბუნგერტი, კოხი, ბაუმგარტლინგერი - პეტკოვიჩი, კორეია, ჰოხშაიდტი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან

ვოლფსბურგი-ვერდერი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფელიპე, კოო, ტრეში, ვიეირინია, დოსტი - ბარგფრედე, დი სანტო, პეტერსენი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +12=7-13, (50:59)

27 ოქტომბერი
ფრაიბურგი-ჰამბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰედენსტადი, მუიჯა, ტერაცინო - დიკმაიერი, რაიკოვიჩი, დემირბაი, რინკონი
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +7=9-12, (24:45)

გლადბახი-აინტრახტი 20:30
დისკვალიფიკაცია: შტრანცლი (გლადბახი)
ტრავმა: ალვარო დომინგესი, ნორდტვეიტი - კიტელი, როზენტალი, შვეგლერი, შტენდერა
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 78 თამაში: +26=22-30, (113:125)

ბომბარდირები: 7 - სემი (ლევერკუზენი); 6 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), კისლინგი (ლევერკუზენი), ლევანდოვსკი (დორტმუნდი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), ნ. მიულერი (მაინცი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული