"ბორუსიადან" "ბორუსიაში"? - ტერ შტეგენი "დორტმუნდსაც" უნდა

AutoSharing Option
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მენეჯერ მაქს ებერლს მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შესახებ გავრცელებული თითოეული ახალი ინფორმაცია ნერვებს უშლის. "გლადბახის" 40 წლის ფუნქციონერი განმარტავს, რომ ტყუილია ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

"მეტსაც გეტყვით: არც ისაა სიმართლე, რომ თითქოს ტერ შტეგენის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მას "გლადბახიდან" წასვლა 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია!"
- აცხადებს ებერლი და იმედოვნებს, რომ ტერ შტეგენი "გლადბახთან" მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ცნობისათვის, უნიჭიერესი გერმანელი გოლკიპერის აქტუალური ხელშეკრულების ვადა 2014 წლის ზაფხულში იწურება.

"ბილდი" კი ირწმუნება,
რომ ტერ შტეგენისთვის ბრძოლაში მეორე "ბორუსია" ჩაერთო, რაც შესაძლოა იმის საბაბი გახდეს, რომ ტერ შტეგენმა "ბარსელონაში" გადასვლაზე უარი თქვას და დორტმუნდში 2016 წლიდან რომან ვაიდენფელერი შეცვალოს. ეს უკანასკნელი უკვე 3 წლისაა და "დორტმუნდთან" კონტრაქტი სწორედ 2016 წელს უმთავრდება.

ცხადია, მოვლენების ასეთი განვითარება მისაღები იქნება "გლადბახისთვისაც", რადგან ებერლი და კომპანია ტერ შტეგენს მიონხენგლადბახში სამუდამოდ მაინც ვერ დატოვებენ. ასეთ შემთხვევაში კი "დორტმუნდისგან" იმის გარანტიას მიიღებენ, რომ ტერ შტეგენი "გლადბახში" 2016 წლამდე მაინც ითამაშებს.

ფაქტი ისაა, რომ "დორტმუნდის" თავკაცმა იურგენ კლოპმა "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2018 წლამდე გააგრძელა და მას ტერ შტეგენი ძალიან მოსწონს. კითხვაზე, მიაჩნია თუ არა "გლადბახის" მეკარე ვაიდენფელერის ღირსეულ შემცვლელად, კლოპმა ამას წინათ ასე უპასუხა: როცა რომანი პენსიაზე გავა, ტერ შტეგენი ჩვენთვის უკვე ბებერი იქნებაო. ცხადია, იურგენს ეს სერიოზულად არ უთქვამს - 2016 წლისთვის ტერ შტეგენი მხოლოდ 24 წლის იქნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბარსელონას" შესაძლო ახალწვეულები: მანგალა, ტერ-შტეგენი და ლევანდოვსკი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული