"დორტმუნდი" შოკშია: ჰუმელსი დაშავდა და შმელცერიც!

AutoSharing Option
დორტმუნდელები ჯერ იმის გამო იყვნენ გაბრაზებულები, რომ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა იტალიასთან მატჩის შემდეგ "ბაიერნის" ფეხბურთელები, ფილიპ ლამი და მანუელ ნოიერი დასასვენებლად გაუშვა და ინგლისში აღარ წაიყვანა, ახლა კი, ამას ისიც დაემატა, რომ "დორტმუნდის" დაცვის ბურჯმა მატს ჰუმელსმა ინგლისთან სერიოზული ტრავმა მიიღო და ფეხბურთს იანვრამდე ვეღარ ითამაშებს!

გამოდის, რომ 24 წლის ჰუმელსი არა მარტო ბუნდესლიგის მომავალი ტურის სუპერ-ჯახს (შაბათს დორტმუნდი-ბაიერნია) გამოტოვებს, არამედ მისთვის გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრე უკვე დამთავრებულია.

"შოკირებული ვარ! მინიმუმ იანვრამდე ვეღარ ვითამაშებ. არადა, მომავალი კვირები
"ბორუსიასთვის" ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ფაქტია, რომ ყველაზე ცუდ დროს დავშავდი, მაგრამ მჯერა, რომ ბიჭები უჩემოდაც კარგად ითამაშებენ,"
- უთხრა ჰუმელსმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

ამასთან, ჰუმელსი არ არის ერთადერთი დორტმუნდელი, რომელიც ინგლისთან დაშავდა. ტრავმა მიიღო 25 წლის მარცხენა მცველმა მარსელ შმელცერმაც, თუმცა ეს უკანასკნელი მოედანს 3 კვირაში დაუბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნთან" და "ნაპოლისთან" უაღრესად მნიშვნელოვან მატჩებში ვერც შმელცერი იასპარეზებს.

ეს ყველაფერი კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა "ბაიერნთან" გუნდი ექსპერიმენტული დაცვით უნდა ათამაშოს. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის წინა ტურში დორტმუნდელებს მეორე ძირითადი ცენტრალური მცველი ნევენ სუბოტიჩი დაუშავდათ და ეს უკანასკნელი სულაც სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

ახლა კი, ჰუმელსისა და შმელცერის გამოკლებით ისე გამოდის, რომ კლოპს სასტარტო შემადგენლობის ოთხივე (!) მცველი ლაზარეთში ჰყავს - როგორც იცით, მარჯვენა მცველი ლუკაშ პიშჩეკი დიდი ხნის ტრავმირებულია.

ვინ უნდა ათამაშოს კლოპმა "ბაიერნთან" დაცვაში? მას ახლა მწყობრში მხოლოდ ერთი გამოცდილი ცენტრალური მცველი ჰყავს - სოკრატის პაპასტატოპულოსი. იურგენი ამ დღეებში უკლუბოდ მყოფ მანუელ ფრიდრიხს აკვირდებოდა, მაგრამ 34 წლის ფდრიდრიხმა გუშინწინდელ ვარჯიშზე მიიღო ტრავმა.

გამოდის, რომ კლოპმა სოკრატისის მხარდამხარ ან რომელიმე ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი მცველი უნდა გაამწესოს (18 წლის მარიან ზარი ან 19 წლის ქორაი გიუნტერი), ანაც დაცვის ცენტრში საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერი უნდა დასწიოს, მის ნაცვლად კი ნახევარდაცვაში ვეტერან სებასტიან კელს უნდა დაეყრდნოს. თუმცა ამ უკანასკნელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. შმელცერიც ნაცვლად, დაცვის მარცხენა ფრთაზე 21 წლის ერიკ დურმი მოიაზრება, მაგრამ არც ეს უკანასკნელია მთლად ჯანმრთელად და ვნახოთ, რას მოიფიქრებს კლოპი - "ბაიერნთან" და "ნაპოლისთან" მის გუნდს სეზონის უმნიშვნელოვანესი თამაშები ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მატს ჰუმელსი წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული