გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: "ბაიერნში" ერთი ჩამშვებია!

AutoSharing Option
დორტმუნდში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების (3:0) შემდეგ, წესით, "ბაიერნში" სრული იდილია უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. შაბათის ტოპ-მატჩის შემდეგ საფეხბურთო გერმანიაში ატყდა დისკუსია იმის შესახებ, რომ "ბაიერნში" არის ფეხბურთელი ან ფეხბურთელთა ჯგუფი, რომლებიც გასაიდუმლოებული ინფორმაციების გასაჯაროებაშია ეჭვმიტანილი.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, "ბაიერნს" ჩამშვები ჰყავს! საქმე ისაა, რომ რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა თავის ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და უნდა, რომ გუნდის სასტარტო შემადგენლობა გარე სამყაროსთვის თამაშის დაწყებამდე საიდუმლო იყოს.

თუმცა ბოლო დროს გუნდი
დან ინფორმაცია ჟონავს. გვარდიოლა "ბაიერნს" მუდმივად ერთი და იგივე შემადგენლობითა და განლაგებით არ ათამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასტარტო თერთმეტეულის და განლაგების გამოცნობა პრესისთვის ადვილი არ არის. შესაბამისად, ეჭვი იმის შესახებ, რომ ჟურნალისტებს ასეთ ცნობებს ფეხბურთელი ან ფეხბურთელთა ჯგუფი აწვდის, საფუძვლიანია.

ინფორმატორი ან ინფორმატორები გაზეთ "ბილდისთვის" მუშაობენ. ამ თემას გვარდიოლასთან ერთად, "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგეც გამოეხმაურა. ცხადია, კონკრეტული გვარი არ დაუსახელებიათ, მაგრამ კალე და პეპი "ენატანიას" სერიოზულად ემუქრებიან.

გვარდიოლამ სატელევიზიო გადაცემაში დაადასტურა, რომ ჩამშვებობაში ეჭვმიტანილ ფეხბურთელს გუნდიდან გაგდებითაც კი დაემუქრა.

"იმის დასადგენად, თუ ვინ არის მოღალატე, საქმეში FBI-ს ჩართვა სულაც არაა საჭირო. იმ ადამიანს, რომელიც ჟურნალისტებს აწვდის ცნობებს ჩვენი სასტარტო შემადგენლობისა და ტაქტიკის შესახებ, სასწრაფოდ ვურჩევ, შეწყვიტოს ეს უმსგავსო ქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. მას არა მარტო პეპ გვარდიოლასთან, არამედ მთელ კლუბთან ექნება პრობლემა!" - განაცხადა რუმენიგემ.

ცხადია, კალემ გვარი არ დააკონკრეტა: "დაკონკრეტებას არ ვაპირებ და ამ შემთხვევაში აზრიც არ აქვს. ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ასეთი ამბები ახალი არ არის, 30-40 წელია, ფეხბურთში ინფორმატორის ინსტიტუტი არსებობს. ფეხბურთელი, რომელიც ჟურნალისტს საიდუმლო ინფორმაციას აწვდის, სანაცვლოდ ჟურნალისტის და გაზეთის ან ჟურნალის მხრიდან კეთილგანწყობას იღებს," - განმარტა რუმენიგემ.

ვის დაიტოვებს გვარდიოლა?
აქვე გეტყვით, რომ რუმენიგემ გვარდიოლა საუკეთესო ეპითეტებით შეამკო და აღნიშნა, პეპი სრულყოფილებისკენ ისწრაფვის და ძალიან მიხარია, რომ ამას "ბაიერნში" აკეთებსო. ჯერჯერობით უცნობია, რომელ მოთამაშეებს დაიტოვებს პეპი მომდევნო სეზონში. ფაქტია, რომ რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტები ზაფხულში ან გაისად უმთავრდებათ.

ამ სეზონის ბოლოს რაფინიას, დანიელ ვან ბუიტენისა და კლადიო პისაროს ხელშეკრულებებს გასდის ვადა, ხოლო 2015 წლის ზაფხულში კი კონტრაქტები ძირითადი შემადგენლობის წევრებს: დავიდ ალაბას, ჟერომ ბოატენგს, ტონი კროოსს და არიენ რობენს ეწურებათ. თუმცა რუმენიგე ამ საკითხზე არ ნერვიულობს:

"მჯერა, რომ "ბაიერნიდან" წასვლა არცერთს არ უნდა და ვისაც დარჩენას შევთავაზებთ, უდიდესი სიამოვნებით დაგვთანხმდება. ასე რომ, სანერვიულო არაფერია".

გიოტცე: სტვენამ გული მატკინა
"დორტმუნდთან" მატჩი უმნიშვნელოვანესი და ურთულესი იყო მარიო გიოტცესთვის, თუმცა ფეხბურთელმა, რომელიც ზაფხულში რეკორდმაისტერში სწორედ "დორტმუნდიდან" გადავიდა, მისთვის მართლაც ურთულეს შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა და დორტმუნდის პუბლიკის სტვენის ფონზე გაიტანა ეფექტური გოლი, რომელმაც "დორტმუნდის" რბევას სათავე დაუდო.

"ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის ძალიან ემოციური მატჩი იქნებოდა. დორტმუნდელი ფანების სტვენა, რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა - რომელ ფეხბურთელს ესიამოვნება, როცა მთელი სტადიონი დაუსტვენს? თუმცა გულის სიღრმეში მათი კარგად მესმის," - უთხრა გიოტცემ "ბაიერნის" ტელევიზიას.

კლოპის პირველი სერიოზული კრიზისი
იურგენ კლოპმა "დორტმუნდი" 2008 წელს ჩაიბარა და მას მერე "ბორუსია" მუდმივად პროგრესირებდა. რეგრესზე საუბარი ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, უადგილოა, მაგრამ ფაქტია, რომ კლოპს თავის დორტმუნდულ ერაში ასეთი კრიზისი ჯერ არ ჰქონია. 0:3 "ბაიერნთან", ზედიზედ მესამე წაგებული ოფიციალური მატჩი, 7-ქულიანი ჩამორჩენა "ბაიერნთან" და ბევრი ფიქრობს, რომ "დორტმუნდი" გერმანიის ჩემპიონობისთვის უკვე ვეღარ იბრძოლებს.

"ბაიერნთან" მარცხის შემდეგ თვით "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერმაც აღიარა, ამ თამაშის შემდეგ "ვერცხლის სინზე" ფიქრის უფლება აღარ გვაქვსო.

კრიზისი კი, შესაძლოა, გაღრმავდეს. 26 ნოემბერს დორტმუნდელები ჩემპიონთა ლიგაში "ნაპოლის" მასპინძლობენ და გამარჯვება სჭირდებათ - წინააღმდეგ შემთხვევაში, წინა სეზონის სენსაციურ ფინალისტს ჯგუფში ჩარჩენის საფრთხე ემუქრება. მართალია, "დორტმუნდის" დარ პრობლემებს "ბაიერნის" გარდა, ნებისმიერი სხვა გერმანული კლუბი ინატრებდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "ბორუსიამ" ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩი ბოლოს 2010 წელს წააგო.

"მატჩის შემდეგ, გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, გაქვთ უფლება, რომ 5 წუთი დეპრესიაში იყოთ, მერე კი ყველაფერს თავიდან ვიწყებთ-მეთქი," - აცხადებს იურგენი ჩვენი გერმანელი კოლეგებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

"სამშაბათამდე ეს წაგება როგორმე უნდა დავივიწყოთ და "ნაპოლისთან" მატჩს სრული მენტალური მზადყოფნით უნდა შევხვდეთ. მნიშვნელობა არა აქვს, როგორ - ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ,
" - ეს ნური შაჰინის სიტყვებია.

კლოპს ახლა დოქტორ ჰაინერ ლანგენკამპის იმედი აქვს, რომელიც ბოხუმის უნივერსიტეტის ფსიქოლოგია და დორტმუნდის "ბორუსიაში" ჰონორარული სისტემით მუშაობს. ამ დღეებში დოქტორი ლანგენკამპი "ბორუსიას" ხშირი სტუმარი გახდა.

თუმცა დორტმუნდელებს ახლა მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემები არ აქვთ. კლოპის მთავარი საფიქრალი საკადროა. მართალია, მარჯვენა მცველი ლუკაშ პიშჩეკი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ცენტრალური მცველები, მატს ჰუმელსი და ნევენ სუბოტიჩი სერიოზულად დაშავებულები არიან. ტრავმირებულია მარცხენა მცველი მარსელ შმელცერიც.

როგორც იცით, კლოპმა უკლუბოდ მყოფი 34 წლის მცველი მანუელ ფრიდრიხი აიყვანა და "ბაიერნთან" დაცვის ცენტრში სოკრატის პაპასტატოპულოსთან ერთად ათამაშა. ფრიდრიხმა რეკორდმაისტერთან საკმაოდ კარგად ითამაშა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მას ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება არ აქვს. შესაბამისად, იურგენი იძულებული გახდება, რომ "ნაპოლისთან" დაცვაში საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერი ათამაშოს...

XIII ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
(4-2-3-1)
Sportall.Ge

XIII ტურის გმირი

ფილიპ ლამი (ბაიერნი)
"ბაიერნის" კაპიტანმა "დორტმუნდთან" პირველი 80 წუთი მისთვის უჩვეულო (თუ უკვე ჩვეულ), საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა. მე-80 წუთიდან კი, როცა ხოსეპ გვარდიოლამ რაფინია გაიყვანა, 30 წლის ლამი მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადასწია.

დორტმუნდთან ტოპ-დუელის შემდეგ საბოლოოდ ცხადია, რომ სადაც უნდა თამაშობდეს, ლამი ყველგან იდეალურია. ნახევარმცველი ლამი შეტევაშიც დიდ სამუშაოს ასრულებს და დაცვითი ფუნქციების დროსაც შეუდარებელია, მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი თავისთავად შეუდარებლად თამაშობს. ამასთან, პირველი და მესამე გოლები სწორედ მისი პასების დამსახურება იყო.

საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 11 2.20
2. მარკო როისი დორტმუნდი 13 2.31
3. პიერ-მიშელ ლასოგა ჰამბურგი 9 2.36
4. არიენ რობენი ბაიერნი 11 2.36
5. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 10 2.40
6. ტონი კროოსი ბაიერნი 13 2.50
7. ფილიპ ლამი ბაიერნი 13 2.50
8. სიდნი სემი ლევერკუზენი 13 2.50
9. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 13 2.54
10. მაქს კრუზე გლადბახი 13 2.58

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 13 9 5 14
2. მაქს კრუზე გლადბახი 13 7 6 13
3. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 13 8 4 12
4. ალექსანდრუ მაქსიმი შტუტგარტი 11 4 8 12
5. მარკო როისი დორტმუნდი 13 7 5 12
6. სიდნი სემი ლევერკუზენი 13 7 5 12
7. რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰამბურგი 12 6 6 12
8. ადრიან რამოსი ჰერტა 13 7 4 11
9. ფრანკ რიბერი ბაიერნი 11 4 7 11
10. მაქსიმილიან ბაისტერი ჰამბურგი 13 5 5 10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტური: დაახალა პირდაპირ, გულებში!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული