გერმანია. ბუნდესლიგა. XIV ტურის წინ: იურგენ კლოპის შეხვედრა წარსულთან

AutoSharing Option
ბუნდესლიგის პირველი წრის მთავარი მატჩი უკან მოვიტოვეთ და რაკი "ბაიერნმა" "დორტმუნდი" 3:0 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილზე აღზევებულ "ლევერკუზენს" მხოლოდ 4 ქულით უსწრებს, თამამად უნდა ვთქვათ, რომ გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლისთვის თვალყურის დევნება უკვე მოსაწყენია.

მაგალითად, ამ ტურში "ბაიერნის" მეტოქე ბოლოადგილოსანი "ბრაუნშვაიგია" და რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ იმაზე, რომ ბურთი მრგვალია, ცხადია, რომ "ბრაუნშვაიგის" შანსი რეკორდმაისტერთან ლოგიკურად ნულის ტოლია.

"ლევერკუზენი" "ბაიერნის" ღირსეულ კონკურენტად რომ არ გამოდგება, ამაში ჩემპიონთა ლიგის განვლილი ტურიც დაგვარწმუნებდა, რომელშიც "ბაიერი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" 0:5 განადგურდა.

ამ
ტურში "ფარმაცევტებს" ჯერაც მოუგებელ ნიურნბერგელებთან ექნებათ საქმე, დორტმუნდელები კი მაინცში ჩადიან - ანუ, იქ, სადაც იურგენ კლოპმა სამწვრთნელო ასპარეზზე ფეხი აიდგა.

ლიდერი და აუტსაიდერი
"ბაიერნისა" და "ბრაუნშვაიგის" დაპირისპირება ზედმეტად არათანაბარი დუელია და მიუნხენელთა გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება. საერთოდაც, ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნი" უძლეველი გუნდი ჩანს და ტონი კროოსიც თამამად ამბობს, ჩვენი მიზანი ისიცაა, რომ ამ სეზონში წაგებების გრაფაში ბოლომდე ნული გვეწეროსო.

რეკორდმაისტერს ფილიპ ლამი დაუშავდათ - კაპიტანი ორ მატჩს გამოტოვებს, მაგრამ გვარდიოლასთვის არც ესაა სერიოზული პრობლემა, რადგან მარჯვენა მცველად ისედაც უმეტესად რაფინიას ათამაშებს ხოლმე, ნახევარდაცვისთვის კი ტიაგო ალკანტარა გამოუჯანმრთელდა.

ბრაუნშვაიგელები "ბაიერნთან" დუელს მშვიდად ხვდებიან - პრინციპში, სხვა გზა არც აქვთ. აუტსაიდერის განწყობას ლიდერთან მატჩის წინ ყველაზე უკეთ ბრაუნშვაიგელთა მეკარე დავარი გამოხატავს - ეს ჩვენთვის ყველაზე ადვილი მატჩია, რადგან "ბაიერნთან" წარმატების მიღწევას არც არავინ გვთხოვსო...

შეუძლია "ლევერკუზენს" "ბაიერნის" დევნა?
"ბაიერნთან" ყველაზე ახლოს ახლა "ლევერკუზენია", რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გერმანული ფეხბურთი შეარცხვინა და ფაქტობრივად დაადასტურა მოსაზრება იმის შესახებ, რომ "ბაიერი" "ბაიერნის" სერიოზულ კონკურენტად არც უნდა განიხილებოდეს.

სამი ჰიიპიას გუნდს ამ ტურში ჯერაც მოუგებელ "ნიურნბერგთან" ექნება საქმე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ფარმაცევტებს" იოლი მატჩი ელით.

"ნიურნბერგი" არც ისე სუსტია, როგორც ეს ცხრილიდან ჩანს და თანაც, ფრანკებს დასაკარგი აღარაფერი აქვთ. ნიურნბერგელთა სპორტული დირექტორი მარტინ ბადერი ამბობს, წნეხი ტურიდან ტურამდე მძიმდება და ჩვენთვის ამიერიდან ყველა თამაში ფინალივით უნდა იყოსო.

კლოპს "მაინცმა" სულზე მიუსწრო?
დორტმუნდის "ბორუსიამ" ბუნდესლიგის ბოლო 6 თამაშიდან 3 წააგო, რაც ამ კლუბისთვის სერიოზული დარტყმაა და კრიზისს ნიშნავს, თუმცა "შავ-ყვითლებმა" ხასიათი ჩემპიონთა ლიგაში, "ნაპოლისთან" მნიშვნელოვანი გამარჯვებით (3:1) გამოიკეთეს, ახლა კი "მაინცს" სტუმრობენ - კლუბს, სადაც იურგენ კლოპმა სამწვრთნელო ასპარეზზე ფეხი აიდგა.

46 წლის კლოპი "მაინცის" მწვრთნელი 2001-დან 2008 წლამდე გახლდათ, მანამდე კი, 1990-დან 2001 წლამდე სულაც "მაინცის" ფეხბურთელი იყო (325 მატჩი და 52 გოლი მეორე ბუნდესლიგაში). ერთი სიტყვით, მაინცი კლოპის სახლია, სადაც "ბორუსიას" მოგება ჰაერივით ესაჭიროება. თუმცა "მაინციც" კარგ ფორმაშია - ზედიზედ ორი თამაში მოიგო.

საინტერესო უნდა გამოვიდეს "შალკესა" და "შტუტგარტის" დუელი, რომელიც ტურის ცენტრალურ შეხვედრადაა შერაცხული.


გერმანია. ბუნდესლიგა. XIV ტური
29 ნოემბერი
ვოლფსბურგი-ჰამბურგი 1:1

30 ნოემბერი
ბაიერნი-ბრაუნშვაიგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბადშტუბერი, რიბერი, შვაინშტაიგერი, ლამი, შაჩირი, პისარო - რაიხელი, ჰოხშაიდტი, კრუპკე
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +20=11-5, (79:39)

ლევერკუზენი-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პალოპი, ბიონიში, ჰილბერტი, სემი - მარკოს აბტობიო, გებჰარტი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +23=13-12, (85:52)

ჰოფენჰაიმი-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვიზე, თესკერი, სასი, ვუკჩევიჩი - პრიოდლი, იუნუზოვიჩი, ფ. კროოსი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +1=3-6, (14:20)

მაინცი-დორტმუნდი 18:30
დისკვალიფიკაცია: ვეტკლო (მაინცი)
ტრავმა: ჰ. მიულერი, ბუნგერტი, კოხი, ბაუმგარტლინგერი - ჰუმელსი, შმელცერი, სუბოტიჩი, გიუნდოგანი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +2=6-6, (10:18)

ჰერტა-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ჰანი (აუგსბურგი)
ტრავმა: ბურხერტი, ბრუკსი, ბაუმიოჰანი - ექინი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=1-1, (2:5)

შალკე-შტუტგარტი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰილდებრანდი, კ. პაპადოპულოსი, ჰიოგერი, ჰუნტელაარი - ბოკა, დიდავი, კაკაუ
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 თამაში: +31=14-41, (103:142)

1 დეკემბერი
ჰანოვერი-აინტრახტი 18:30
დისკვალიფიკაცია: სანე (ჰანოვერი)
ტრავმა: ფელიპე, ფრანკა, შტინდლი, სულეიმანი, ია კონანი - ჩელოცი, რუსი, აიგნერიო, შტენდერა
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +16=15-13, (65:65)

გლადბახი-ფრაიბურგი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალვარო დომინგესი - ჰედენსტადი, მუიჯა, შმიდი, შუსტერი, ტერაცინო
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +6=10-8, (29:36)

ბომბარდირები:
9 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 8 - ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი), მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული