გასულ უქმეებზე, ბუნდესლიგის მე-16 ტურში ლენომ "აინტრახტთან" 0:1-ზე წაგებულ შეხვედრაში ამ სეზონში უკვე მესამე პენალტი მოიგერია. ასეთი რამ გერმანიაში ბოლოს 2007/08 წლების სეზონში მოხდა - მაშინ იდენტური შედეგი როსტოკის "ჰანზას" მეკარე შტეფან ვეხტერს ჰქონდა.
რა არის ლენოს წარმატების საიდუმლო? ახალგაზრდა მეკარე დარტყმისას რეაქციას საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით აკეთებს და როგორც ხედავთ, ინტუიცია იშვიათად ღალატობს. "მთლიანად
ლევერკუზენის მეკარეების მწვრთნელი დავიდ თილი ამბობს: "ბერნდს მართლაც შესანიშნავი ინტუიცია აქვს, თითქოს ფეხბურთელის მოძრაობაზე ხვდება, საით აპირებს დარტყმას ეს უკანასკნელი. თანაც, ლენოს ბრწყინვალე რეაქცია აქვს და კუთხეებში ძალიან სწრაფად ხტება. სპეციალურად თერთმეტმეტრიანებზე ძალიან იშვიათად ვავარჯიშებ ხოლმე".
ლენო, რომელიც გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების მეკარეცაა და რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, აცხადებს, რომ მეტოქე გუნდის პენალტისტები არასდროს შეუსწავლია. რაც შეეხება სტატისტიკას: ლენოს ბუნდესლიგაში საერთო ჯამში 81 მატჩი აქვს ჩატარებული და 15-დან 6 პენალტის მოგერიება მოახერხა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. შედარებისთვის: "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების პირველმა ნომერმა მანუელ ნოიერმა 17-დან მხოლოდ 5 თერთმეტმეტრიანი მოიგერია და თანაც, ბუნდესლიგაში ლენოზე გაცილებით მეტი, 231 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ცნობისათვის, რეკორდი თომას ცანდერს ეკუთვნის, რომელიც "მიუნხენ 1860"-ის მეკარე გახლდათ და 1979/80 წლების სეზონში 6 პენალტი მოიგერია. გააუმჯობესებს 1992 წელს დაბადებული ლენო ცანდერის რეკორდს? ბერნდის პასუხი: "თერთმეტმეტრიანის დროს იღბალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული..."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლევერკუზენში ბერნდ ლენო გმირად შერაცხეს [VIDEO]