ფრანკ რიბერი: სხვა განზომილებას მივაღწიეთ!

AutoSharing Option
2013 წელი ფრანკ რიბერის კარიერაში საუკეთესო რომ იყო, ცხადზე უცხადესია და ისიც მოწმობს, რომ ფრანგმა წელს ხუთი ტიტული მოიგო. როგორც იცით, "კიკერმა" რიბერი "წლის კაცად" აღიარა. ფრანგი სწორედ "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი წარმატებები დიდწილად მიუნხენის "ბაიერნის" დამსახურებაა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გამორიცხავს, რომ კარიერა მიუნხენში არ დაასრულოს და კიდევ ერთხელ "გაბედოს" სხვაგან თამაში.

"2013 წელი ჩემთვის განსაკუთრებული და შეუდარებელი იყო. თუ გავიხსენებთ, როგორი იყო "ბაიერნისთვის" 2011/12 წლების სეზონი, თამამად შეგვიძლია, 2013 წელს გრანდიოზული ვუწოდოთ. რაც მთავარია, მენტალურადაც
ძალიან გავძლიერდით და ერთი სიტყვით, 2013 წელს ახალ განზომილებას მივაღწიეთ,
" - აცხადებს რიბერი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

30 წლის ფრანგისთვის ცხადია, რომ წარმატებები "ბაიერნში" კოლექტიური სიძლიერის დამსახურებაა: "ყველაფერი დაემთხვა: შრომა, კონცენტრაცია, შესანიშნავი ატმოსფერო, ერთიანობა. ვამაყობ ამ წლით!"

ჰიონესმა და რუმენიგემ მითხრეს, სხვა არაფერი გაგვაგონოო
2009 და 2010 წლებში რიბერის სხვა გრანდებისგან ბევრი წინადადება ჰქონდა და საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან ასეთ ვითარებაში ყოფნის გამოცდილება აკლდა და არ იცოდა, როგორ ემოქმედა.

"წარმოიდგინეთ, ერთდროულად 7 ტოპ-გუნდი მეპატიჟებოდა. მათ შორის იყვნენ "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი", მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და მილანის "ინტერი". ყველასა და ყველაფერზე ერთდროულად ვფიქრობდი, ტვინი მიდუღდა,"
- იხსენებს რიბერი და დასძენს:

"საბოლოო ჯამში კი, ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ "ბაიერნში" დავრჩი. ამისათვის, პირველ რიგში, პრეზიდენტ ული ჰიონესს და ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს ვემადლიერები. მაშინ მათ მითხრეს, აქ უნდა დარჩე და სხვა არაფერი გაგვაგონოო. ახლა უკვე ვიცი, რომ "ბაიერნში" რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშებ. ევროპაში არ არსებობს მეორე გუნდი, სადაც თამაში მომინდება".


მოგვიანებით აშშ ან საემიროები?
თუმცა რიბერიმ ისიც თქვა, რომ არ გამორიცხავს, რამდენიმე წელიწადში ამერიკაში ან სადმე სხვაგან წავიდეს, რადგან ფაქტია, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ვეღარც ფეხბურთს ითამაშებს ისე, როგორც დღეს თამაშობს. "ცხადია, რომ ამერიკაში ფეხბურთის თამაშს ჩემს კარიერას აღარ მივათვლი," - ამბობს რიბერი და უკვე კარიერის დასრულების შემდეგი პერიოდისთვისაც აქვს გარკვეული იდეები:

"ძალიან მიყვარს ბავშვთა ფეხბურთი და პატარები. შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ბავშვთა ფეხბურთში მწვრთნელად მუშაობას შევძლებ. 14-15 წლის ბავშვებს ვგულისხმობ."


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"კიკერმა" ფრანკ რიბერი "2013 წლის კაცად" აღიარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული