ვან გაალს ნოიერი არ უნდა!

AutoSharing Option
მიუნხენში ახალი დაპირისპირება მწიფდება. „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს მომავალი სეზონისთვის „შალკესა“ და გერმანიის ნაკრების მეკარის, მანუელ ნოიერის შეძენა სურთ - 24 წლის გოლკიპერი მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელებისთვის სასურველი მოთამაშეების სიაში პირველ ადგილზეა. ნოიერს „შალკესთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი ფასი მინიმუმ 20 მილიონი ევროა. „ბაიერნის“ ბოსები, პრეზიდენტი ული ჰიონესი, ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე და სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი მზად არიან, „შალკეს“ 20 მილიონი გადაუხადონ, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა...

რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი ნოიერში ამდენი ფულის გადახდის აუცილებლობას ვერ ხედავს. ბავარიელების
ჰოლანდიელ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ვეტერენი ჰანს-იორგ ბუტის წასვლის შემდეგ, „ბაიერნის“ პირველი მეკარე 22 წლის თომას კრაფტი უნდა გახდეს, რომელიც ახლა სათადარიგო კიპერია. ვან გაალის აზრით, კრაფტი მზადაა იმისათვის, რომ ბუტი შეცვალოს. 

მას მერე, რაც „ბაიერნს“ ვან გაალი წვრთნის, კრაფტმა ორ ოფიციალურ შეხვედრაში იასპარეზა - გერმანიის სუპერთასზე „შალკესთან“ (2:0) და ჩემპიონთა ლიგაში რომასთან (2:3). აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა კიპერმა ორივეჯერ ძალიან კარგად ითამაშა და საყოველთაო ქება დაიმსახურა.

„ბაიერნის“ ხელმძღვანელებს კი ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ კრაფტი ღირსეული მეკარე იქნება, რადგან უკვე აქვთ ცუდი გამოცდილება: თუ გახსოვთ, ოლივერ კანის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, „ბაიერნის“ კარში მიხაელ რენზინგი ჩადგა, რომელსაც პირველნომრობისთვის ძალიან დიდხანს ამზადებდნენ, მაგრამ იმედები ვერ გაამართლა (სხვათა შორის, დღეს რენზინგი უკლუბოდაა). ასე რომ, ჰიონესს და რუმენიგეს რისკზე წასვლა აღარ სურთ და მზად არიან, ნოიერში 20 მილიონი გაისროლონ (თანაც, ამით ხომ უშუალო კონკურენტსაც დაასუსტებენ).

„ბუტს და კრაფტს კონტრაქტები სეზონის ბოლოს უმთავრდებათ და მხოლოდ იანვრის მერე გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ სამომავლოდ“, - ეს ნერლინგერის ოფიციალური განცხადებაა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული