ხანდახან "ბაიერნიც" აგებს ხოლმე...

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო, "ბაიერნის" ქომაგები "ზალცბურგთან" 0:3-ის შემდეგ მაინც შოკირებულები იყვნენ. რეკორდმაისტერი, რომელსაც ბუნდესლიგაში 41-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ავსტრიულ კლუბთან განადგურდა. მაინც რა მოხდა ამ შეხვედრაში? რატომ წააგო "ბაიერნმა" ასეთი ანგარიშით?

"ზალცბურგელებმა კარგი ლექცია ჩაგვიტარეს. ყველა ამბობდა, "ბაიერნი" ყოველთვის იგებსო; ახლა კი ყველა მიხვდება, რომ დაუმარცხებელი არც "ბაიერნია". ეს თამაში იმიტომ წავაგეთ, რომ მეტოქემ ჩვენზე გაცილებით უკეთ ითამაშა. ჩვენ თამაში სამი მცველით ვცადეთ, რადგან ესეც ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვჭირდეს. თუმცა მარცხს მხოლოდ
ექსპერიმენტულ ტაქტიკას ვერ დავაბრალებთ,
" - აღნიშნა მატჩის შემდეგ მიუნხენური გრანდის დამრიგებელმა ხოსეპ გვარდიოლამ.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ჩემპიონატის განახლებამდე ეს "ბაიერნისთვის" უკანასკნელი ტესტ-მატჩი იყო - პარასკევს რეკორდმაისტერი "გლადბახს" უნდა ესტუმროს.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ პეპმა რამდენიმე ვარსკვლავი დაასვენა: ფილიპ ლამისა და ფრანკ რიბერის გარდა, არც ტრავმირებულ ბასტიან შვაინშტაიგერს და ახლახან მომჯობინებულ არიენ რობენს უთამაშიათ. მთავარი ექსპერიმენტი კი მაინც სამი მცველით თამაში გახლდათ - ნახევრად მემარცხენე ჟერომ ბოატენგი გახლდათ, ცენტრში დანტე მოქმედებდა, ნახევრად მემარჯვენე მცველის ფუნქციას კი ხავი მარტინესი ასრულებდა და ამ ამოცანას თავი ვერ გაართვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული