გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტურის გამოტოვებული მატჩი: "ბაიერნი" სამ ქულას გეგმავს

AutoSharing Option
პარასკევის შემდეგ "ბაიერნის" უპირატესობა ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში შეიძლებოდა 4 ქულამდე შემცირებულიყო, მაგრამ რეკორდმაისტერი არავის ინდობს, "გლადბახიც" დაამარცხა და თუ 29 იანვარს "შტუტგარტსაც" მოუგებს, 13 ქულით დაწინაურდება.

მიუნხენური გრანდი მე-17 ტურის გადადებულ შეხვედრას მართავს - გეხსომებათ, ის თამაში იმის გამო გადაიდო, რომ ბავარიელები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ.

პრინციპში, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ისეთ ფორმაშია, რომ რეკორდმაისტერის მორიგ გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება.

პეპმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, რომლის მთავარი თემა მარიო მანჯუკიჩი და მის გარშემო ატეხილი დისკუსია გახლდათ. როგორც იცით, გვარდიოლამ ხორვატი გოლეადორი,
რომელიც მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" საუკეთესო ბომბარდირია, "გლადბახთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

როგორც გაირკვა, ესპანელი სპეციალისტი მარიოს ვარჯიშზე ზარმაცობისთვის გაუწყრა, თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგები დიდი ხანია ირწმუნებიან, რომ მანჯუკიჩი პეპის გეგმებში არ ჯდება.

პრესკონფერენციაზე გვარდიოლას გადაჭრით არ უთქვამს, მოხვდება თუ არა ხორვატი თავდამსხმელი "შტუტგარტთან" მატჩის განაცხადში:

"საღამოს ვარჯიშზე გადავწყვეტ, შევიყვანო თუ არა მარიო განაცხადში. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, განაცხადში კი მხოლოდ 18 საუკეთესო ხვდება. შესაბამისად, გადაწყვეტილებას მატჩიდან მატჩამდე ვიღებ ხოლმე,"
- უთხრა გვარდიოლამ ჟურნალისტებს.

თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ მანჯუკიჩს "ბაიერნში" მომავალი არ აქვს, რაც პირველ რიგში იმითაა განპირობებული, რომ გვარდიოლას კლასიკური ცენტრფორვარდები გულზე ისედაც არ ეხატება, ზაფხულიდან კი "ბაიერნის" ფორმას რობერტ ლევანდოვსკიც მოირგებს.

"მარიოს შესაძლებლობებში ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება, მაგრამ განაცხადისა და ძირითადი შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებას მეტოქიდან გამომდინარე ვიღებ ხოლმე. მანჯუკიჩი სუპერფეხბურთელია, მაგრამ ჩვენი ყველა ფეხბურთელი ასეთია - წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი "ბაიერნში" არ ითამაშებდნენ,
" - დასძინა გვარდიოლამ.

რეკორდმაისტერს "გლადბახთან" მცირე ტრავმის გამო ფრანკ რიბერიც აკლდა, თუმცა ეს უკანასკნელი უკვე გამოჯანმრთელდა და წესით, "შტუტგარტთან" ძირითადში უნდა ვიხილოთ. სამაგიეროდ, ტრავმირებულები არიან ხავი მარტინესი და დანიელ ვან ბუიტენი - აღარაფერს ვამბობთ ჰოლგერ ბადშტუბერსა და ბასტიან შვაინშტაიგერზე. თუმცა 29 წლის შვაინის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის და წესით, მოედანზე მალე უნდა დაბრუნდეს.

რაც შეეხება "შტუტგარტს": შვაბები სასწაულის და კიდევ იმის იმედად უნდა იყვნენ, რომ "ბაიერნი" მოშვებული იქნება, თუმცა ამის შანსი მცირეა.

"სტადიონზე ყველა ბილეთი გაყიდულია, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. დარწმუნებული ვარ, რომ შედეგებს გავაუმჯობესებთ, კონკრეტულად "ბაიერნთან" მატჩში კი ბიჭებისგან მაქსიმალურ თავდადებას მოველი. თანახმა ვარ, რომ "ბაიერნს" 80-პროცენტიანი ბურთის ფლობა ჰქონდეს, ჩვენ კი ერთი კონტრშეტევით ვისარგებლოთ და 1:0 მოვიგოთ,"
- აღნიშნა მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "შტუტგარტის" დამრიგებელმა თომას შნაიდერმა.

P.S. 28 იანვარს, გვიან გაირკვა, რომ გვარდიოლამ მარიო მანჯუკიჩი დღევანდელი შეხვედრის განაცხადში შეიყვანა.

გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტურის გამოტოვებული მატჩი
29 იანვარი
შტუტგარტი-ბაიერნი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიდავი, როხასი - ბადშტუბერი, შვაინშტაიგერი, ხავი მარტინესი, დანიელ ვან ბუიტენი
სავარაუდო შემადგენლობები
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 92 თამაში: +17=20-55, (186:108)
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - გ. საკაი, შვააბი, რიუდიგერი, რაუში - ლაიტნერი, გენტნერი - ჰარნიკი, ტი. ვერნერი - იბიშევიჩი, აბდელაუ.
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - თ. მიულერი, ტიაგო ალკანტარა, ტ. კროოსი, რიბერი - გიოტცე.

ბომბარდირები:
11 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი), ადრიან რამოსი (ჰერტა); 10 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული