გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტურის შეჯამება: ორმაგი ბრძოლა ბომბარდირობისთვის

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნსა" და ლევერკუზენის "ბაიერს" შორის განსხვავება მარტო ერთ ასოში რომ არ არის, ეს ისედაც ცხადია. დორტმუნდის "ბორუსია" და "შალკე" ფორმაში რომ შევიდნენ, ამასაც ყველა ხედავს, თუმცა "ბაიერნამდე" მანძილი, ფაქტობრივად, მიუწვდომელია, "ბაიერის" მეორე ადგილიდან ჩამოგდება კი უკვე მხოლოდ დროის ამბავი გვგონია.

4:0 ფრანკფურტის "აინტრახტთან", მხოლოდ ერთქულიანი ჩამორჩენა მეორეადგილოსან "ლევერკუზენთან" - დორტმუნდის "ბორუსია" ისევ აბობოქრდა. თუ იურგენ კლოპის შეგირდები ასე გააგრძელებენ, თითქმის ჩაგდებულად მონათლულ სეზონს მათთვის აბსოლუტურად მისაღებ, მეორე ადგილზე დაასრულებენ.

თუკი "ბაიერნის" პირველობას წყალი არ გაუვა, გერმანიაში მეორე გუნდი უდავოდ
"დორტმუნდია". "ბორუსიას" 51 გოლი აქვს გატანილი, რაც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მეორე შედეგია - რა თქმა უნდა, "ბაიერნის" (57 გოლი) შემდეგ და "დორტმუნდს" ორი გოლეადორი ჰყავს...

რობერტ ლევანდოვსკი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი - ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდებას ორივე ერთად უმიზნებს! ჯერჯერობით საუკეთესო 25 წლის პოლონელია, რომელმაც "აინტრახტთან" პენალტი გაიტანა, დარტყმის სიჩქარე კი 121 კმ/სთ იყო. ლევანდოვსკის ანგარიშზე 14 გოლია, რითაც ბერლინელ ადრიან რამოსთან ერთად ბომბარდირთა დავაში პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. სხვათა შორის, ზაფხულში ლევანდოვსკი "ბაიერნში" გადადის და "დორტმუნდში" მის შემცვლელად სწორედ რამოსი განიხილება.

რაც შეეხება ობამეიანგს: 24 წლის გაბონელს, რომელიც სულაც არაა ცენტრფორვარდი (გარემარბია), მის ანგარიშზე უკვე 13 გოლია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბომბარდირობისთვის სეზონის ბოლომდე იბრძოლებს.

"მიხარია, რომ ობა ამდენი გოლის გატანას ახერხებს. ეს კარგია როგორც გუნდისთვის, ასევე მისთვის და ჩემთვისაც,"
- აცხადებს ლევანდოვსკი და იქვე დასძენს, ერთად იმდენ გოლს გავიტანთ, ამ სეზონში სხვა ვერც ერთი წყვილი რომ ვერ მოახერხებსო. ეს ალბათ ასეც იქნება, მაგრამ ბუნდესლიგის ისტორიას ახლო წარსულში ახსოვს ისეთი წყვილი, რომლის შედეგის გამეორებას ან, მით უმეტეს, გაუმჯობესებას, ლევანდოვსკი და ობამეიანგი უკვე ნამდვილად ვეღარ მოახერხებენ: 2008/09 წლების სეზონში "ვოლფსბურგის" ფორვარდებმა, გრაფიტემ და ედინ ჯეკომ ჯამში 54 გოლი გაიტანეს...

იოიჩის საოცნებო დებიუტი
"აინტრახტთან" შეხვედრაში კლოპმა გუნდის ახალწვეული მილოშ იოიჩი მოედანზე 78-ე წუთზე შეუშვა და 21 წლის სერბმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგაში ბურთთან პირველივე შეხება გოლით დააგვირგვინა! ესეც რომ არ იყოს, იოიჩს გოლის გასატანად სულ რაღაც 17 წამი (!) ეყო.

"ეს ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღე და საუკეთესო მომენტია. ყველაზე ლამაზ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბუნდესლიგაში და თანაც ისეთ გუნდში, როგორიც დორტმუნდის "ბორუსიაა", ასეთი დებიუტი მექნებოდა,"
- უბედნიერესი იყო იოიჩი.

"შევიდა და ეგრევე გაიტანა - დაუჯერებელია! ამაზე უკეთესი და იღბლიანი დებიუტი არ არსებობს. მილოში ძალიან კარგი ფეხბურთელია და იმედია, ასე გააგრძელებს,"
- ეს კი თავად კლოპის სიტყვებია.

კლოპმა ჰიტცფელდის რეკორდი გაიმეორა
თავად დორტმუნდელთა თავკაცი კი ახლა უკვე ოფიციალურად გახდა "დორტმუნდის" ლეგენდარული მწვრთნელი - "აინტრახტთან" მოპოვებული გამარჯვებით 46 წლის კლოპმა ოტმარ ჰიტცფელდის რეკორდი გაიმეორა.

აქამდე "დორტმუნდის" ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი სწორედ ჰიტცფელდი გახლდათ, რომელიც დღეს 65 წლისაა და შვეიცარიის ნაკრებში მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით "ბორუსიას" 208 მატჩიდან 111 აქვს მოგებული. "აინტრახტთან" მოგების შემდეგ კი კლოპის დორტმუნდულ ერაშიც 111 გამარჯვებაა და თანაც, 191 მატჩში, რითაც იურგენი ოტმარს უკვე სჯობნის კიდეც.

მოგებული მატჩების რაოდენობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ტიტულები? გერმანიაში მოგებული ტიტულების მიხედვით, კლოპი დორტმუნდში ჰიტცფელდზე წარმატებულია: ოტმარის დარად, ბუნდესლიგა "ბორუსიას" იურგენმაც ორჯერ მოაგებინა, სამაგიეროდ, კლოპის ხელში "დორტმუნდმა" გერმანიის თასიც მოიგო, რაც ჰიტცფელდმა ვერ შეძლო.

საერთაშორისო ასპარეზზე კი ჰიტცფელდის უპირატესობა უდიდესია: ოტმარის ხელმძღვანელობით, "ბორუსიამ" 1997 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, კლოპმა კი ჯერ მხოლოდ ფინალში გაყვანა მოახერხა. ასე რომ, თუ კლოპის ხელში "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს, იურგენი უკვე ყველანაირად ჰიტცფელდზე წინ იქნება!

"შალკე" აღმავლობის გზაზე
აღმავლობის გზაზეა "შალკეც" - ლევერკუზენში გამარჯვების (2:1) შემდეგ გელზენკირხენულ კლუბს მეორე წრის ოთხივე შეხვედრა მოგებული აქვს, რაც სეზონის მეორე ნახევარში, "შალკეს" გარდა, გერმანიაში მხოლოდ "ბაიერნმა" მოახერხა.

შესაბამისად, "შალკე" პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს უმიზნებს. მართალია, იენს კელერის გუნდი ჯერ კიდევ მეოთხე ადგილზეა, მაგრამ მეორეადგილოსან "ლევერკუზენს" უკვე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, მესამე "დორტმუნდს" კი - ორით. ამავდროულად, "შალკე" უახლოეს მდევარ "ვოლფსბურგს" ოთხი ქულით უსწრებს.

XX ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
(4-2-3-1)


ფერმანი (შალკე) - პიშჩეკი (დორტმუნდი), სოკრატისი (დორტმუნდი), დანტე (ბაიერნი), შმელცერი (დორტმუნდი) - ტ. კროოსი (ბაიერნი), სალიჰოვიჩი (ჰოფენჰაიმი) - ობამეიანგი (დორტმუნდი), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი), შაჩირი (ბაიერნი) - კუმბელა (ბრაუნშვაიგი)

XXI ტურის გმირი

დომი კუმბელა (ბრაუნშვაიგი)

ბოლო დროს თითქმის აღარავინ საუბრობდა იმ კაცზე, ვინც "ბრაუნშვაიგი" 19 გოლით პირველ ბუნდესლიგაში გადაიყვანა. 29 წლის ფორვარდ დომი კუმბელას ნოემბრის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში აღარ ეთამაშა, ბოლო გოლი კი მე-11 ტურში ჰქონდა გატანილი. გაუბედურებულ "ჰამბურგთან" მატჩმა კუმბელას, როგორც იტყვიან, სულზე მოუსწრო: სასტარტოში არც ამჯერად ყოფილა, მოედანზე მხოლოდ 46-ე წუთზე შეუშვეს და დომიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა!

ჯოკრის რანგში ერთ შეხვედრაში სამი გოლი, ბუნდესლიგის ეგიდით, ბოლოს მიროსლავ კლოზეს (2004 წელს, "ვერდერის" ფორმით) ჰქონდა გატანილი. სულ კი ბუნდესლიგის ისტორიაში ეს ახლა უკვე 7 მოთამაშეს აქვს მოხერხებული.

საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 14 2.08
2. ფილიპ ლამი ბაიერნი 19 2.56
3. მარკო როისი დორტმუნდი 20 2.63
4. ტონი კროოსი ბაიერნი 19 2.63
5. სიდნი სემი ლევერკუზენი 15 2.65
6. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 21 2.67
7. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გლადბახი 21 2.67
8. რომან ვაიდენფელერი დორტმუნდი 19 2.68
9. იომერ თოფრაქი ლევერკუზენი 18 2.78
10. რონ-რობერტ ცილერი ჰანოვერი 21 2.83

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 21 14 9 23
2. ადრიან რამოსი ჰერტა 21 14 5 19
3. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 20 10 8 18
4. მარკო როისი დორტმუნდი 20 8 9 17
5. ფრანკ რიბერი ბაიერნი 14 7 10 17
6. პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი 20 13 2 15
7. ჯეფერსონ ფარფანი შალკე 16 8 7 15
8. საბოლჩ ჰუსტი ჰანოვერი 18 6 9 15
9. მაქს კრუზე გლადბახი 21 8 7 15
10. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 19 12 3 15

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული