"მაინცის" ყოფილი თავკაცი თავის განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.
- ფიფას წლის მწვრთნელის კანდიდატთა სამეულში იყავით სერ ალექს ფერგიუსონთან და იუპ ჰაინკესთან ერთად. რას იტყვით თქვენს კონკურენტებზე?
- ორივე ძალიან ძლიერია და პატივს ვცემ მათ. ისეთი გრძნობაა, რომ სერ ალექს ფერგიუსონი იმდენი ხანი იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, რამდენი ხანიც მე ცოცხალი
- ფიქრობთ, რომ ამ მწვრთნელებისგან რაიმეს სწავლა შეგიძლიათ?
- ბევრი ახალგაზრდა მწვრთნელი მიიჩნევს, რომ შეუძლია ისწავლოს ყურებით და ეს ჩემზე დაკვირვებასაც მოიცავს. თუმცა მე ყოველთვის ვეუბნები მათ, რომ რაც შეიძლება ცოტა დააკოპირონ და გადაიღონ. რადგან საბოლოოდ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, თუ როგორ ეწყობი მოთამაშეებს და როგორია სწორი გადაწყვეტილება, ეს თავად უნდა იგრძნო. არასოდეს ვურჩევ ვინმეს, რა უნდა გააკეთოს და როგორ. ამავდროულად, მინდა გავიზარდო როგორც მწვრთნელი, მაგრამ არა სხვებზე დაკვირვებით.
- როგორ დაახასიათებთ თქვენს თავს, როგორც მწვრთნელს და რა როლს ასრულებს თქვენი ემოციურობა?
- (იცინის) მე გუნდური მოთამაშე ვარ. მართალია, დღის განმავლობაში გარკვეულ გადაყწვეტილებებს ვიღებ, მაგრამ მას მერე რაც ერთ გუნდად შევიკარით, ყველა დეტალის ახსნა და გაჟღერება აღარც მჭირდება. ექსპერტებს უყვართ რაღაც განსხვავებულის დანახვა და თუ ვინმე მიიჩნევს, რომ მე გმირი ვარ, ეს არ მაღელვებს, ამაზე არ ვფიქრობ.
ჩემი შეგირდები ყველაფრის თანამონაწილენი არიან და კლუბი ასეთ მიდგომას იღებს, კარგი თანამშრომლობა გამოგვდის. თუმცა, თუ ვინმე ჩათვლის, რომ მაგალითად შემადგენლობის შერჩევასთან დაკავშირებით ჩემ გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანა შეუძლია, დიდ შეცდომას დაუშვებს.
რასაც ვამბობ, ის სრულდება, მაგრამ კლუბს მიღმა, ყველას ჩვეულებრივად შეუძლია ურთიერთობა. არ მიყვარს ადამიანებს შორის დისტანციური ურთიერთობები და მით უმეტეს ჩემს ფეხბურთელებთან.
- ამ ეტაპზე თქვენი კარიერის ყველაზე დიდ წარმატებად რას მიიჩნევთ?
- ყველაზე ემოციური იყო გერმანიის თასის 2012 წლის ფინალი, რომელიც "ბაიერნს" მოვუგეთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ რამხელა იყო სხვაობა, ვსაუბრობ იმ ემოციაზე და გრძნობაზე, რომელიც გამარჯვებამ დატოვა. ეს იყო შეხვედრა რომლისთვისაც მთელი გუნდი საოცარი შემართებით ემზადებოდა და სასწორზე ყველაფერი დადო.
რა საკვირველია, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც. დავამტკიცეთ, რომ "ბაიერნს" არაფრით ჩამოუვარდებოდით. არ ვიცი, როგორი იქნებოდა ემოცია, საბოლოოდ ჩვენ რომ მოგვეგო.
ასევე უნდა გამოვარჩიო 2004 წელი, როდესაც "მაინცთან" ერთად ბუნდესლიგის საგზური მოვიპოვე. ასე რომ, გამიმართლა, რადგან სხვადასხვა სახის საჭირო გამოცდილება მაქვს მიღებული მწვრთნელის რანგში.
- თქვენ უკვე იყავით ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ახლა ალბათ ორმაგი შემართებით გსურთ იქ მოხვედრა...
- ზოგიერთ კლუბზე მუდმივი ზეწოლაა და მათგან ყოველ წელს ფინალში გასვლას ელიან, ხოლო ზოგიერთისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა ულტიატუმი. ჩვენ სადღაც შუაში ვართ. ჩემი ამოცანა ამ ეტაპზე ის არის, რომ სეზონის მეორე ნაწილი უკეთ ჩავატაროთ და ფიზიკური მომზადება გავაუმჯობესოთ.
ტრავმების გამო ბოლომდე კარგად ვერ გამოვიყურებოდით. გერმანიის ჩემპიონატზე აღარ ვსაუბრობთ, რადგან მიუნხენის "ბაიერნი" ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ჩვენდა სამწუხაროდ, ის ბუნდესლიგაში თამაშობს. ჩემპიონობის შანსი აღარ გვაქვს, მაგრამ რატომ უნდა ჩავიქნიოთ ხელი იმ ორ ტურნირზე სადაც ჯერ კიდევ ვასპარეზობთ?
როდესაც ყველა მოთამაშე მწყობრშია ძლიერები ვართ და შანსი გვაქვს როგორც გერმანიის თასზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც. ტრავმების ფონზეც არ გვაკლია შემართება და ამიტომაც ვაღწევთ მეტ-ნაკლებ წარმატებებს.
- ბოლო "ოქროს ბურთის" მოპოვების სამი კანდიდატიდან ერთის წაყვანა რომ შეგეძლოთ თქვენს გუნდში რომელს აირჩევდით?
- ლიონელ მესის. მე მიყვარს და მომწონს მისი თამაში. მომწონს ფრანკ რიბერიც და კრიშტიანო რონალდოც, მაგრამ ვფიქრობ, რასაც მესი აკეთებს მინდორზე, ბრწყინვალეა. თანაც იგი სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება.
- რატომ გამოდგა იურგენ კლოპი ასეთი ზუსტად შესაფერისი მწვრთნელი "დორტმუნდისთვის"?
- სხვაგვარად შეიძლება ითქვას - რატომ შემეწყო "დორტმუნდი" ასე კარგად მე? რატომ მომწონს ასე აქ მუშაობა? ეს ყველაფერი ემოციებთანაა დაკავშირებული. ჩემი აზრით, მთავარი ფაქტორი არის ის, რომ დორტმუნდში ფეხბურთზე მნიშვნელოვანი არაფერია, აქ ხალხი ამით ცხოვრობს და მათ მოსწონთ ჩვენი ამჟამინდელი სტილი, რაც ძალიან მახარებს.
მიუნხენი ზედმეტად კარგი ქალაქია იმისთვის, რომ იქ მარტო ფეხბურთით შემოიფარგლო. ჰამბურგს აქვს პლაჟი, კიოლნს ქუჩის ფესტივალი, დორტმუნდს კი ფეხბურთი და მხოლოდ ფეხბურთი. ჩემი აზრით, ეს კარგია და ერთმანეთს ასე კარგად ამიტომაც ვეწყობით.
- სად უურებთ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს?
- ჯერ არ ვიცი, მაგრამ ბრაზილიაში ნამდვილად არ ვიქნები. მუნდიალის ყურება ტელევიზორითაც შემიძლია. თუკი ვინმე განსაკუთრებით კარგად ითამაშებს, ამას ისედაც გავიგებ. უკეთესი იქნებოდა 21-წლამდელთა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე წავსულიყავი. ჩემი სახე ახლა უკვე ზედმეტად ცნობილია იმისთვის, რომ ფეხბურთის მატჩებზე უბრალოდ, ჩვეულებრივად მივიდე. ეს რომ შესაძლებელი იყოს, აუცილებლად წავიდოდი.
- ვის მიიჩნევთ ფავორიტებად?
- გერმანიას და ბრაზილიას. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიაშია და მასპინძლების შესაძლებლობები კონფედერაციათა თასზეც გამოჩნდა.
- საკუთარი თავი ეროვნული ნაკრების სათავეში თუ წარმოგიდგენიათ?
- ჯერ არა, მაგრამ ისე, ეს ძალიან მიმზიდველი პერსპექტივაა. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ გერმანიაში ვცხოვრობ. ვფიქრობ, ფანტასტიკური ქვეყანაა და აქ მშვენიერი ხალხი ცხოვრობს. თუ საყოველთაო სურვილი იქნება, რომ ნაკრები ჩავიბარო, რა საკვირველია, ამაზე ვიფიქრებ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ უნდა დაემთხვას ერთმანეთს იმისთვის, რომ ეს მოხდეს.
ხუმრობის გარეშე კი, ნაკრებს ახლა მშვენიერი მწვრთნელი ჰყავს და მეც ძალიან ბედნიერი ვარ "დორტმუნდში" ყოფნით, ასე რომ, ყველაფერი კარგადაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"