ცეცხლოვანი ტური ყინვაში

AutoSharing Option

გერმანიაში მოთოვა და ძალიან ყინავს, მაგრამ გერმანიის საფეხბურთო ლიგას ახალ წლამდე კიდევ სამი ტური აქვს ჩასატარებელი და ბუნდესლიგელებსაც სხვა გზა არ აქვთ - ყინვაში უნდა ითამაშონ. მიუხედავად არასაფეხბურთო ამინდისა, მე-15 ტური ძალიან ცხელ, საინტერესო მატჩებს გვთავაზობს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ტურში სამი ცეცხლოვანი დერბია. ფრანკფურტელები და შტუტგარტელები „პატარა“, მაგრამ ძალიან ამბიციურ და წარმატებულ მეზობლებს მასპინძლობენ, კიოლნში კი „ლევერკუზენი“ ჩადის. „შალკესა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება შაბათის დესერტია, ლიდერ დორტმუნდის „ბორუსიას“ კი ხვალ, ნიურნბერგში უკვე შემოდგომის ჩემპიონობის განაღდება, ანუ, ბუნდესლიგის პირველი

წრის მოგება ორი ტურით ადრე შეუძლია.


დერბი შტუტგარტში

კრიზისში მყოფ „შტუტგარტისა“ და „ჰოფენჰაიმის“ დაპირისპირებაში ვნებიანი ფეხბურთი გარანტირებული გვაქვს. შვაბებმა ამ კვირაში ევროპის ლიგაში, მეორე შემადგენლობით იასპარეზეს (2:4 ბერნში), რადგან ჯგუფიდან გასვლა ისედაც განაღდებული ჰქონდათ. შესაბამისად, VFB დაღლილი არ არის. შტუტგარტს შვეიცარიაში დელპიერი, კაკაუ, ტასკი, გებჰარდტი, ტრეში, ჩელოცი და მარიკა არც წაუყვანია. სტატისტიკა გასავარდნ ზონაში მყოფ „შტუტგარტს“ ოპტიმისტურად განწყობის საშუალებას აძლევს, რადგან „ჰოფენჰაიმი“ ერთადერთი გუნდია ბუნდესლიგაში, რომელთანაც შვაბებს არასდროს წაუგიათ. აღსანიშნავია, რომ „ჰოფენჰაიმში“ ექვსი (!) ყოფილი შტუტგარტელი თამაშობს. ესენი არიან: იაისლე, კომპერი, ვუკჩევიჩი, რუდი, ვაისი და ბეკი.

გადარჩენისთვის ბრძოლა უმთავრესი თემაა მიონხენგლადბახშიც, სადაც ბოლო ადგილზე მყოფი „ბორუსია“ საკუთარ მოედანზე სენსაციურად კარგად მოასპარეზე „ჰანოვერს“ მასპინძლობს. „გლადბახისთვის“ ეს მორიგი გადამწყვეტი მატჩია. ჩემოდნებზე მჯდარი მთავარი მწვრთნელი მიხაელ ფრონტცეკი აცხადებს, ამ სიტუაციიდან როგორმე უნდა გამოვძვრეთ, გუნდური ფეხბურთი უნდა ვითამაშოთო, რითაც ახალს და განსაკუთრებულს არაფერს ამბობს. სპორტული დირექტორი მაქს ებერლი კი იმედოვნებს, რომ „გლადბახის“ ფეხბურთელები რკინის ნერვებს შეინარჩუნებენ და ზუსტად ისე ითამაშებენ, როგორც წინა მატჩებში. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მიონხენგლადბახურ კლუბს საკუთარ მოედანზე ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ეს კი ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერიაა.


დიეგო ვერდერის წინააღმდეგ
ვოლფსბურგში განგაში ჯერ არ აუტეხავთ, მაგრამ გერმანიის ექს-ჩემპიონში ძალიან დაძაბული, ფეთქებადი ვითარებაა. გარდა იმისა, რომ „მგლები“ მე-13 ადგილზე არიან, გუნდს ოთხი თამაშია, არ მოუგია. შესაბამისად, მთავარი მწვრთნელი სტივ მაკლარენი წნეხის ქვეშაა მოქცეული. ინგლისელმა სპეციალისტმა მიზნად პირველი წრის მინიმუმ 25 ქულით დამთავრება დაისახა და „ვოლფსბურგისთვის“ არც ესაა კარგი შედეგი, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად პირველ წრეში დარჩენილი სამივე თამაშის მოგებაა სავალდებულო, რაც, თუ „ვოლფსბურგის“ აქტუალურ ფორმას გავითვალისწინებთ, ძალიან ძნელი იქნება. თანაც, „ვოლფები“ ამ სამ ტურში „ვერდერს“, „კაიზერსლაუტერნს“ და „ჰოფენჰაიმს“ ხვდებიან. მაკლარენი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს სამივე თამაშის მოგება შეუძლია. ინგლისელი „ვერდერთან“ გოლეადორ გრაფიტეს ვერ გამოიყენებს (ბრაზილიელი ტრავმირებულია). სამაგიეროდ, სრულ მზადყოფნაშია მეორე ბრაზილიელი, გამთამაშებელი დიეგო, რომელიც დღეს თავისი ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ პირველად ითამაშებს. ბრემენელებს კი საუკეთესო ფორმაში მყოფი ფორვარდი, უგო ალმეიდა აკლიათ - პორტუგალიელმა წინა ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა და თან წითელი ბარათიც დაიმსახურა, რის გამოც დღეს დისკვალიფიცირებულია.


მაინცს დერბის მოგება უნდა
ფრანკფურტში დერბის დროა! ჰესსენელები მეზობელ „მაინცს“ მასპინძლობენ და სენსაციურ მეორეადგილოსანს მაგრადაც ემუქრებიან. ეს მატჩი მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესიაო, ამბობს „აინტრახტის“ მცველი მარკო რუსი. დერბის დაძაბულობას ის ფაქტიც მატებს, რომ ისტორიულად „აინტრახტზე“ გაცილებით მოკრძალებულ გუნდ „მაინცს“ მოსისხლე მტერზე ათი ქულით მეტი აქვს. სტატისტიკა კი, მოლოდინისამებრ მაინც „აინტრახტის“ სასარგებლოდ მეტყველებს: ეს არის ერთადერთი გუნდი ბუნდესლიგაში, რომელსაც „მაინცთან“ არასდროს წაუგია. მიუხედავად ამისა, მაინცელთა გამთამაშებელი ანდრეას ივანშიტცი ამბობს, დარწმუნებული ვარ, ფრანკფურტიდან ხელცარიელები არ დავბრუნდებითო. თომას ტუხელი დღეს მცველ სვენსონს ვერ გამოიყენებს. დაცვის ბურჯი დააკლდება ფრანკფურტელთა თავკაც მიხაელ სკიბესაც - მაიკ ფრანციც ტრავმირებულია.

დაშავებული ფეხბურთელების ყველაზე გრძელი სია ისევ „ჰამბურგს“ აქვს და ჩრდილოელთა მთავარი მწვრთნელი არმინ ფეე ბედნიერია თუნადაც იმით, რომ ახალგაზრდა მარცხენა მცველი დენის აოგო გამოჯანმრთელდა. „ჰამბურგს“ დღეს „ფრაიბურგთან“ ექნება საქმე - გუნდთან, რომლის დევიზი სეზონის დაწყებიდან დღემდე ასეთია: ყველაფერი, ან არაფერი. „ფრაის“ განვლილ 14 ტურში ფრე არ უთამაშია (ისევე, როგორც „მაინცს“). „ჰამბურგი“ ძალიან ძლიერი, ინდივიდუალურად კარგად დაკომპლექტებული გუნდია, მაგრამ დაუმარცხებელი ნაღდად არ არის, რისი დამტკიცებაც შაბათს გვინდა,“ - ეს სიტყვები ფრაის ნახევარმცველ იულიან შუსტერს ეკუთვნის.


ვან გაალი მაგათის წინააღმდეგ
საღამოს ტურის ცენტრალური მატჩია: ვიცე-ჩემპიონი „შალკე“ მოქმედ ჩემპიონ „ბაიერნს“ მასპინძლობს, მაგრამ დღეისათვის ორივე გუნდი არასახარბიელო მდგომარეობაშია. სტატისტიკა რეკორდმაისტერის უპირატესობაზე მეტყველებს - „შალკე“ არცერთ სხვა ბუნდესლიგელთან არ დამარცხებულა იმდენჯერ, რამდენჯერაც „ბაიერნთან“ წააგო (38 მარცხი). და ეს ყველაფერი არ არის: სხვა არცერთ კლუბთან არ აქვს „შალკეს“ იმდენი მოუგებელი მატჩი (63), რამდენიც „ბაიერნთან“ და არცერთი გუნდისგან არ გაუშვია იმდენი გოლი, რამდენიც „ბაიერნისგან“ აქვს მიღებული (149). ამ კვირაში „შალკეს“ მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა ჯერმეინ ჯონსი, ალექსანდერ ბაუმიოჰანი და ჰანს შარპეი განაცხადიდან ამოაგდო. მიუნხენში კი წიმშვიდეა. შუა კვირაში მიუნხენელებს ყოველწლიური შეკრება ჰქონდათ, რომელზეც პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ფეხბურთელებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლა მოსთხოვა.


სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - კლუგე, რაკიტიჩი - ფარფანი, ხურადო - რაული, ჰუნტელაარი.
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, დემიკელისი, ბრენო, პრანიჩი - ტიმოშჩუკი, კროოსი - თ. მიულერი, შვაინშტაიგერი, რიბერი - გომესი.


კვირა გოლეადორების გარეშე
ტურის მესამე დერბი ხვალ, ლევერკუზენში შედგება - „ფარმაცევტები“ „კიოლნს“ მასპინძლობენ. შუა კვირაში „ბაიერმა“ ევროპის ლიგაში ითამაშა და ტრონჰეიმში მეკარე რენე ადლერი არ იყო, რადგან ტრავმა ჰქონდა. დღევანდელი მატჩისთვის კი, გერმანიის ნაკრების მეორე კიპერს ასპარეზობის იმედი აქვს. კიოლნელებს თავდამსხმელი მილოვოე ნოვაკოვიჩი დაუშავდათ და წინა ხაზში მხოლოდ ლუკას პოდოლსკის იმედი ექნებათ, რომელმაც ამ კვირაში კიდევ ერთხელ ვერ მოთოკა ნერვები და ვარჯიშის დროს თანაგუნდელ მარტინ ლანიგს ეჩხუბა.

ტურის ბოლო მატჩში კი „ნიურნბერგი“ ლიდერ „დორტმუნდს“ შეხვდება. BVB-ს თავკაცი იურგენ კლოპი, ისევე, როგორც ევროპის ლიგის მატჩში (3:0 კარპატისთან), მთავარმეგოლე ლუკას ბარიოსს „ფრანკებთანაც“ ვერ გამოიყენებს. ამ უკანასკნელს წინა ხაზში კვლავ რობერტ ლევანდოვსკი შეცვლის. თუ „ბორუსია“ ზედიზედ მერვე გასვლით თამაშსაც მოიგებს, „შავ-ყვითლები“ შემოდგომის ჩემპიონობას გაინაღდებენ.


გუშინ
ზტ. პაული-კაიზერსლაუტერნი

დღეს

შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი 18:30
ვოლფსბურგი-ვერდერი 18:30
აინტრახტი-მაინცი 18:30
ბორუსია (მ)-ჰანოვერი 18:30
ფრაიბურგი-ჰამბურგი 18:30
შალკე-ბაიერნი 21:30

ხვალ

ლევერკუზენი-კიოლნი 18:30
ნიურნბერგი-ბორუსია (დ) 20:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 14 12 1 1 35-9 37
2. მაინცი 14 10 0 4 25-14 30
3. ლევერკუზენი 14 7 5 2 26-19 26
4. ჰანოვერი 14 8 1 5 20-22 25
5. ბაიერნი 14 6 5 3 23-15 23
6. ჰოფენჰაიმი 14 6 4 4 28-18 22
7. ჰამბურგი 14 6 3 5 23-22 21
8. ფრაიბურგი 14 7 0 7 19-23 21
9. აინტრახტი 14 6 2 6 21-19 20
10. ნიურნბერგი 14 5 3 6 18-24 18
11. ვერდერი 14 5 3 6 22-31 18
12. კაიზერსლაუტერნი 14 5 2 7 25-25 17
13. ვოლფსბურგი 14 4 4 6 22-23 16
14. ზტ. პაული 14 4 2 8 13-23 14
15. შალკე 14 3 4 7 19-24 13
16. კიოლნი 14 3 3 8 15-27 12
17. შტუტგარტი 14 3 2 9 27-27 11
18. ბორუსია (მ) 14 2 4 8 24-40 10

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული