წვალება ყინვაში 29 წამის გამო!

AutoSharing Option

გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტურის გამოხმაურება

 

მორჩა, გათავდა, გერმანიის ჩემპიონი დორტმუნდის „ბორუსიაა“ და ჩვენც, ბუნდესლიგის 2010/2011 წლების სეზონს დამთავრებულად ვაცხადებთ, შეგიძლიათ, დარჩენილი 19 ტური აღარ ჩაატაროთო, - წერდა გუშინ გერმანული ტაბლოიდი „ბილდი“, რაც, რა თქმა უნდა, გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ლოგიკურია და სიმართლისგან არც ისე შორსაა, თქვენ რომ გაიფიქრეთ, როცა წარმოიდგინეთ, როგორ მთავრდება ბუნდესლიგა 15 ტურის შემდეგ. მოკლედ, „ბილდმა“ „დორტმუნდს“ ჩემპიონობა უკვე მიულოცა, სინამდვილეში კი BVB მხოლოდ და მხოლოდ „შემოდგომის ჩემპიონი“ გახდა, რაც არაოფიციალური, მაგრამ მაინც აღსანიშნავი ტიტულია.

ნიურნბერგიდან შინისკენ მიმავალი „შემოდგომის ჩემპიონები“

გზად ძალიან გაწვალდნენ. უფრო მეტიც: ფაქტობრივად ჰორორ-ტრიპი გამოუვიდათ! ჯერ იყო და, „ბორუსიას“ თვითმფრინავი ნიურნბერგის აეროპორტიდან დიდთოვლობის გამო, საათნახევრით გვიან აფრინდა, მერე კი, დორტმუნდის აეროპორტში ჩაფრენისთვის დანიშნულ დროს 29 წამით (!) რომ გადააცილა, თვითმფრინავს დაჯდომის უფლება აღარ მისცეს. საქმე იმაშია, რომ დორტმუნდის აეროპორტს თვითმფრინავების მიღება მხოლოდ 23 საათამდე ჰქონდა გამოცხადებული. როცა „ბორუსიას“ პილოტმა დაჯდომა დაიწყო, აეროპორტში გამოთვალეს, რომ თვითმფრინავი ტრასას ზუსტად 23 საათსა და 29 წამზე (!!!) შეეხებოდა და პილოტს ისევ აფრენა უბრძანეს...

აი, გერმანული პუნქტუალურობაც! მერე რა, რომ ბუნდესლიგის ლიდერი გუნდი მოფრინავდა, მერე რა, რომ საკუთარ ქალაქში ჯდებოდა - კანონი კანონია, იქ კი ეწერა, რომ ბოლო თვითმფრინავი აეროპორტის ტრასას არაუგვიანეს 23:00-ზე უნდა შეხებოდა. დაღლილი დორტმუნდელები 80 კილომეტრის მოშორებით, პადერბორნის აეროპორტმა მიიღო. „შემოდგომის ჩემპიონები“ მშობლიური ქალაქისკენ საფეხბურთო კლუბ „პადერბორნის“ ფან-კლუბის ავტობუსით გაემგზავრნენ.
„ეს უკვე მარაზმია! - ცოფებს ყრიდა „ბორუსიას“ თავკაცი იურგენ კლოპი, - 29 წამის გამო ამდენი გვაწვალეს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რამ მხოლოდ გერმანიაში ხდება.“

„ბორუსიას“ ჰორორ-ტრიპი ბოლოს და ბოლოს, 23-ის ნაცვლად, ღამის პირველ საათზე დამთავრდა...


პოდოლსკის ვეღარ თოკავენ

...შუა კვირაში თანაგუნდელ მარტინ ლანიგს ეჩხუბა, კვირას საღამოს კი „ბაი არენას“ კატაკომბების ჭიშკრის ფანჯარას იდაყვი ისე უთავაზა, რომ გაბზარა - თვეზე მეტია, კვირა ისე არ გავა, რომ ლუკას პოდოლსკიმ მორიგი „გმირობა“ არ ჩაიდინოს, თუმცა ამჯერად, მის საქციელს გამართლება მეტ-ნაკლებად აქვს. საქმე იმაშია, რომ პოლდის 58-ე წუთზე წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს. მსაჯმა ფელიქს ბრიხმა ლუკასზე თამაშგარე მდგომარეობა შეცდომით დააფიქსირა. თუმცა, მიუხედავად ამისა, პოდოლსკი მაინც საუკეთესო იყო მოედანზე. „კიოლნმა“ კი, „ლევერკუზენთან“, როგორც იცით, 2:3 წააგო.


ბობადილიამ პირი აიმყრალა

მე-15 ტურში მხოლოდ პოდოლსკის არ აურევია, კიოლნელზე გაცილებით ცუდად მოიქცა მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ არგენტინელი თავდამსხმელი რაულ ბობადილია. მან ჯერ პინტუს ჩაარტყა, რის გამოც მაშინვე წითელი ბარათი აუფრიალეს, მერე კი მეოთხე მსაჯს აგინა. შედეგად, არგენტინელმა სასჯელთა მთელი კორიანტელი დაიმსახურა: გუნდიდან მოკვეთეს (სხვათა შორის, ამ სეზონში უკვე მესამედ), კლუბმა 50 000 ევროს გადახდა დააკისრა, ამ დღეებში კი მას განაჩენს გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომისიაც გამოუტანს.


XV ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-4-3)
მანუელ ნოიერი (შალკე) - ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), პერ მერტეზაკერი (ვერდერი), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ) - პატრიკ ოხსი (აინტრახტი), პეერ კლუგე (შალკე), ბენიამინ კიოლერი (აინტრახტი), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი) - მაიკ ჰანკე (ჰანოვერი), პაპის დემბა სისე (ფრაიბურგი), დიდიე ია კონანი (ჰანოვერი)

„ფრაიბურგის“ თავდამსხმელ პაპის დემბა სისეს 15 ტურის შემდეგ, 11 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში, ლიდერ თეოფანის გეკასს (13) ორი გოლით ჩამორჩება. სისე გოლეადორთა რეიტინგში საკმაოდ დიდხანს ლიდერობდა კიდეც და მიუხედავად ამისა, „კიკერის“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა. „ჰანოვერის“ თავდამსხმელ დიდიე ია კონანს კი გაცილებით ნაკლები, „მხოლოდ“ 7 გოლი აქვს გატანილი და მან სიმბოლური ნაკრები უკვე მეხუთედ დააჭაშნიკა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ია კონანი გაცილებით მეტი სარგებლის მომტანი ფორვარდია. ლიდერმა დორტმუნდის „ბორუსიამ“ ამ ტურშიც მოიგო, მაგრამ ძველებურად აღარ უფრენია და შესაბამისად, სიმბოლურში მხოლოდ ერთი დორტმუნდელი, ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი (მეოთხედ) მოხვდა, რომელმაც კვირას „ნიურნბერგს“ გოლი გაუტანა.


ტურის გმირი
მანუელ ნოიერი (შალკე)

„შალკეს“ მეკარეზე ტურის სიმბოლურ ნაკრებში განგებ არაფერი ვთქვით. მიზეზი ალბათ უკვე ყველასათვის გასაგებია: „კიკერმა“ მანუელ ნოიერი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მსოფლიოში საუკეთესო მეკარეაო, ამას მანუელზე მარტო „შალკეს“ მწვრთნელი ფელიქს მაგათი კი არა, უკვე მთელი საფეხბურთო გერმანია ამბობს, კვირას კი იგივე ფრანც ბეკენბაუერმაც გაიმეორა. გერმანიის ნაკრების მეკარემ „ბაიერნთან“ (2:0 „შალკეს“ სასარგებლოდ) კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. რომ არა ნოიერი, გელზენკირხენელები ბავარიელებს ვერ მოუგებდნენ.


საუკეთესო ფეხბურთელები
15 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.47
2. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.53
3. მანუელ ნოიერი შალკე 2.57
4. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.63
5. ანატოლი ტიმოშჩუკი ბაიერნი 2.63
6. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.63
7. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.68
8. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.68
9. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.73
10. ტომ შტარკე ჰოფენჰაიმი 2.75


გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
1. თეოფანის გეკასი აინტრახტი 13 2 15
2. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 8 3 11
3. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 11 0 11
4. მარკო როისი ბორუსია (მ) 5 6 11
5. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 6 5 11
6. დიდიე ია კონანი ჰანოვერი 7 4 11
7. ედინ ჯეკო ვოლფსბურგი 9 1 10
8. მარიო გომესი ბაიერნი 9 1 10
9. უგო ალმეიდა ვერდერი 9 1 10
10. ივო ილიჩევიჩი კაიზერსლაუტერნი 5 5 10

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული