იოზილი ბრემენში რჩება

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაბირების სურვილი "ბარსელონას" და "ინტერის" ხელმძღვანელებმა გამოთქვეს, გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა გამთამაშებელი მესუთ იოზილი ბრემენის "ვერდერში" დარჩება. მას "მუსიკოსებთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს.
"ვერდერს" უნდა, რომ ჩემი კონტრაქტი ბოლომდე შევასრულო და შესაბამისად, ასეც მოვიქცევი, - განუცხადა 21 წლის ნახევარმცველმა "ბილდს", - ყოველთვის ვამბობდი, რომ კონტრაქტების დარღვევა არ მიყვარს."

მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ იოზილმა ბრემენულ კლუბთან ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, გაისად "ვერდერს" უფასოდ დატოვებს. "მუსიკოსებს" კი მოვლენების ასეთი განვითარება ნამდვილად არ აწყობთ.

"ცხადია, ეს არ
არის ისეთი სიტუაცია, როგორზეც ვოცნებობდით, - აცხადებს "ვერდერის" სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი, - მე მინდა, რომ მესუთს ახალი, სამ ან ოთხწლიანი კონტრაქტი გავუფორმოთ, მაგრამ თუ მას ეს არ სურს, სხვა რა გზა გვაქვს, შექმნილ ვითარებას უნდა შევეგუოთ. თუ მესუთი გაისად ჩვენგან უფასოდ წავა, ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ ბრემენის "ვერდერი" მესუთ იოზილით არ დაწყებულა და არც მისით დამთავრდება."

თუმცა მესუთი, რომლის გადაბირება, "ბარსას" და "ინტერის" გარდა, სპეკულაციების თანახმად, "არსენალს" და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურთ, არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში "ვერდერთან" ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება მოუნდეს. "არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. სეზონის შუაში, ბოსებთან ალბათ კიდევ მექნება მოლაპარაკებები, მაგრამ მანამდე ჯერ ადრეა," - ამბობს იოზილი.
შეგახსენებთ, რომ ალოფსმა მესუთთან მოლაპარაკებები ზამთარში გამართა და მაშინ წარმოშობით თურქმა ფეხბურთელმა ძალიან დიდი, ალოფსისთვის მიუღებელი ხელფასი მოითხოვა.

ბრემენული კლუბის შეფის თქმით, მისთვის იოზილის შეძენის სურვილით კონკრეტულად არავის მიუმართავს. ბრემენელებმა მესუთი 2008 წლის იანვარში, "შალკედან" იყიდეს და გელზენკირხენულ კლუბს 4.25 მილიონი ევრო გადაუხადეს. დღეს იოზილის ფასი დაახლოებით 30 მილიონი ევროა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული