მორჩა, გადაწყდა: ბასტიან შვაინშტაიგერი მიუნხენის „ბაიერნში“ 2016 წლამდე რჩება! დასრულდა თუ არა „ბაიერნისა“ და „ზანკტ პაულის“ მატჩი, რომელიც მიუნხენელებმა 3:0 მოიგეს, შვაინშტაიგერმა მიკროფონი მოიმარჯვა და რეკორდმაისტერის ქომაგებს ამცნო, რომ „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2016 წლამდე აქვს.
„საყვარელო ფანებო, პირველ რიგში ეს თქვენთვის უნდა მეთქვა. 12 წელია, „ბაიერნში“ ვთამაშობ და არსად წასვლას არ ვაპირებ. დღეს „ბაიერნთან“ ახალი ხელშეკრულება გავაფორმე, 2016 წლამდე! ეს თქვენთვის, მხოლოდ თქვენთვის გავაკეთე!“ - ყვიროდა მიკროფონმომარჯვებული შვაინი „ალიანს არენაზე“ და 69 000-იანი სტადიონი უდიდ
შვაინშტაიგერის უფრო დეტალური განმარტება: „მთავარი მიზეზი, რის გამოც „ბაიერნში“ დიდხანს დარჩენა გადავწყვიტე, ის არის, რომ ამ გუნდს მართლა დიდი მომავალი აქვს. იყო სერიოზული შემოთავაზებები მადრიდის „რეალიდან“ და მილანის „ინტერიდან“, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება „ბაიერნში“ მირჩევნია, რადგან ჩემი გული წითლად ძგერს.“
მიუნხენური გრანდის პრეზიდენტ ული ჰიონესის თქმით, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებმა ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, გადაწყვიტეს, შვაინშტაიგერისთვის ისეთი პირობები შეეთავაზებინათ, რაზეც გერმანული ფეხბურთის სუპერვარსკვლავი უარს ვერ იტყოდა. „ბილდის“ ინფორმაციით, ბასტიანის ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება, რითაც შვაინშტაიგერი ფრანკ რიბერისთან ერთად, მიუნხენური გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ხდება. ცნობისათვის, ფილიპ ლამის ხელფასი წელიწადში 9 მილიონია.
აქვე კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია. „ზანკტ პაულისთან“ მატჩის მიწურულს, „ალიანს არენას“ სამხრეთ ტრიბუნაზე, „ბაიერნის“ ულტრასებმა დიდი ტრანსფარანტი გადმოფინეს, რომელზეც ბავარიული აქცენტით ეწერა: „ახალი მეკარე არაფერში გვჭირდება, ჩვენ თომას კრაფტი გვყავს!“ გარდა ამისა, სამხრეთ ტრიბუნიდან ხშირად ისმოდა შეძახილები, „ნოიერ დუ არშლოხ,“ რასაც თარგმნა არ სჭირდება. მოკლედ, მიუნხენელი ფანები კრაფტისთვის შანსის მიცემის მომხრენი არიან და არცაა გასაკვირი, მანუელ ნოიერი გულზე რომ არ ეხატებათ. „ბაიერნის“ ფანობას „შალკეს“ მეკარისგან არაერთი წყენა ახსოვს. თუნდაც ოლივერ კანის დაცინვის (კუთხურის ალმის ფრიალი ალიანს არენაზე) ფაქტის გახსენება რად ღირს...