ბეკენბაუერი: ფიფას აღარ ვენდობი!

AutoSharing Option

მას მერე, რაც გადაწყდა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში, ხოლო 2022 წლისა კი ყატარში ჩატარდება, 13 დღე გავიდა, მაგრამ ფიფას კრიტიკა არ წყდება. მსოფლიო ფეხბურთის ასოციაციას და მის შეფებს ახლა გერმანული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერიც გადასწვდა. აღსანიშნავია, რომ კაიზერ-ფრანცი თვითონ არის ფიფას აღმასკომის წევრი და ისიც ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვისაც მუნდიალის მასპინძლობის კენჭისყრაზე ხმის მიცემის უფლება ჰქონდა.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, თუ როგორ მოეკიდა ფიფა მიღებულ შედეგს კენჭისყრის დასრულების შემდეგ. გული განსაკუთრებით ინგლისს და ავსტრალიას დასწყვიტეს,“ - აცხადებს

ბეკენბაუერი „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ინგლისი 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობას პირველივე რაუნდში გამოეთიშა და მხოლოდ ორი ხმა მიიღო (აქედან ერთი თვითონ ინგლისის წარმომადგენლისგან). 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის ბრძოლაში კი, ავსტრალიამ სულაც მხოლოდ ერთი ხმა მიიღო.

„ჩვენ, ანუ, აღმასრულებელი კომისიის წევრებს თავიდან აგვიხსნეს, რომ არც ჩვენ და არც საზოგადოება არ გაიგებდა, თუ რომელმა ქვეყანამ რამდენი ხმა მიიღო, ან რომელი ქვეყანა რამდენი ხმით გამოეთიშა ბრძოლას. გვითხრეს, რომ ეს ბოლომდე საიდუმლოდ დარჩებოდა. კენჭისყრის დასრულებისა და შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში კი რადიოში მოვისმინე, ვინ რამდენი ხმა მიიღო. ვფიქრობ, ასე არ უნდა მომხდარიყო. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? თუ თქვეს, რომ ხმების რაოდენობას არ გაახმაურებდნენ, არც უნდა გაეხმაურებინათ. ახლა კი, კერძოდ, ამ ყველაფრის შემდეგ, ნუღარავის გაუკვირდება, ინგლისი ფიფას დაუძინებელ მტრად რომ გადაიქცევა. ინგლისელები თავს ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობენ იმის გამო, რომ მხოლოდ ორი ხმა მიიღეს,“ - ამბობს ბეკენბაუერი.
სხვათა შორის, კაიზერს მარტში ფიფას აღმასკომის წევრობის ვადა გასდის. მის ადგილს, სავარაუდოდ, გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი თეო ცვანციგერი დაიკავებს. კაიზერი კი ამბობს, დღეს ფიფას ისე ნამდვილად აღარ ვენდობი, როგორც ადრე ვენდობოდიო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული