ივიცა ოლიჩი: ეს ნამდვილი კოშმარია!

AutoSharing Option

რამდენადაც იღბლიანი იყო ივიცა ოლიჩისთვის წინა სეზონი, იმდენად უიღბლოა მიმდინარე. ხორვატმა თავდამსხმელმა გაზაფხულზე ჩემპიონთა ლიგაში ფურორი მოახდინა, ახლა კი ლაზარეთშია და მიმდინარე სეზონში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია ხეირიანად. ოლიჩმა ოპერაცია ნოემბრის დასაწყისში, აშშ-ში, დოქტორ რიჩარდ სტიდმანთან გაიკეთა, რომელმაც მიუნხენური გრანდის გოლეადორს რვათვიანი იძულებითი პაუზა გამოუწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში ივიცა ერთ მატჩსაც ვერ ჩაატარებს.

„შპორტ აინსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხორვატი ამბობს, ზაფხულამდე ველოსიპედზე კატაობა რომ შევძლო, ესეც დიდი მიღწევა იქნებაო. 31 წლის თავდამსხმელმა ხსენებულ ინტერნეტ-გამოცემას ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა.

- ჰერ ოლიჩ, 2010/2011 წლების სეზონი თქვენთვის ძალიან ადრე, დასაწყისშივე დასრულდა. ბევრს უკვე დაავიწყდით კიდეც. არადა, წინა სეზონში მთელი საფეხბურთო ევროპა გააოცეთ.
- რვათვიანი პაუზა ფეხბურთელისთვის, რომელიც ნელ-ნელა არასაფეხბურთო ასაკს უახლოვდება, ნამდვილი კოშმარია. უკვე 31 წლის ვარ და ასეთი ტრავმა ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. იმდენად მტკივნეული, რომ ძალიან მაგარი ანეკდოტი უნდა მომიყვეთ, გაცინება რომ შევძლო. მიუხედავად ამისა, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად რთული იქნება ფორმის აღდგენა - საუკეთესო კონდიციების დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ. და ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი გამომივა, რადგან შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს.

- ოპტიმისტად რჩებით...
- სწორად გამიგეთ, ცხადია, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს უნდა შეეგუო. ყოველთვის ყველაფერი კარგად ან ცუდად ვერ იქნება.

- მთელი სეზონი ფეხბურთის გარეშე - როგორია ივიცა ოლიჩის ერთი დღე ასეთ დროს?
- სპორტული თვალსაზრისით ბევრს ვერაფერს ვაკეთებ. დღეში რვა საათის მანძილზე სპეციალური ყავარჯნებით დავდივარ, რათა ფეხმა ცოტა მაინც იმოძრაოს. ცხადია, ეს ძალიან მოსაწყენია. ამას უმეტესად 15-დან 19 საათამდე ვაკეთებ, მერე ვისვენებ, მერე ისევ ვმოძრაობ და ა.შ.

- საშინელებაა...
- ვცადე, ფეხზე მიმაგრებული ყავარჯნით დამეძინა, მაგრამ ვერ შევძელი. ლოგინში გადაბრუნებას ვერ ვახერხებდი და ეს მართლა კოშმარია.

- თქვენი ასეთი მძიმე ტრავმა ბევრს გაუკვირდა.
- გასაკვირი არაფერი იყო, თუმცა ტრავმა მაინც მოულოდნელად დამატყდა თავს. ისე, მუხლში ტკივილებს ორი თვის მანძილზე ვგრძნობდი. იყო დრო, როცა მტკივანი ფეხით ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი. ტკივილები ხანდახან გამივლიდა ხოლმე, მაგრამ ეს ხომ არაფერს ნიშნავს. ვფიქრობდი, რომ გადამივლიდა,  მაგრამ როცა მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ექიმს მივმართე...

- ექიმებმა კარიერის დასრულება ხომ არ გირჩიეს?
- გადაწყვეტით არ უთქვამთ, ფეხბურთის თამაშს უნდა შეეშვაო, მაგრამ რამდენჯერმე სიტყვა გადამიკრეს, მითხრეს, შესაძლოა, უმჯობესი იყოს, რომ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოო, მაგრამ ამაზე ისეთი რეაქცია მქონდა, რომ მაშინვე ოპერაცია დაგეგმეს. კარიერის დასრულება ჩემთვის მართლა სერიოზული კოშმარია და მაშინაც ძალიან შემეშინდა, რომ შეიძლებოდა, იძულებული გავმხდარიყავი, ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა. მერე ექიმმა მითხრა, ან სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გაიკეთო, თუ არა და ორი კვირის მერე უკვე გვიანი იქნება და ფეხბურთს ვეღარასოდეს ითამაშებო. შესაბამისად, მოსაფიქრებელი დრო არ მითხოვია.

- ლუის ვან გაალთან კონტაქტი ხშირად გაქვთ?
- რა თქმა უნდა. თანაც, ლუისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ოპერაციის წინ რომ ვესაუბრე, ისეთები მითხრა, მონდომება გამიორმაგდა. ვან გაალი გენიალური პიროვნებაა.

- ხშირად ამბობენ ხოლმე, როცა ფეხბურთელი ტრავმირებულია, სრულიად მარტო რჩებაო. თავს გუნდისგან იზოლირებულად ხომ არ გრძნობთ?
- ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეთი რამ არ მიგრძვნია. ბიჭებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. ყოველდღე „ზებენერშტრასეზე“ ვარ და რომელიმე თანაგუნდელს მაინც ვხვდები ხოლმე.

- როგორ შეაფასებდით ბუნდესლიგის პირველ წრეს?
- რთულია, როცა თანაგუნდელებს ვერ ეხმარები. სიმართლე გითხრათ, ვცდილობ, ფეხბურთზე ძალიან ცოტა ვიფიქრო, რადგან ეს მწუხარებას მიორმაგებს.

- ოჯახის წევრები ალბათ მაქსიმალურად გეხმარებიან.
- სახლში სტრესული მდგომარეობაა. მე ხომ ოთხი შვილი მყავს და რაკი სულ სახლში ვარ, ჩემზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. მეუღლეს ოჯახურ საქმეებშიც ვეხმარები. რამდენად კარგად გამომდის, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ვცდილობ. კარგი ის არის, რომ ჩემი ყავარჯნებით ბავშვები მაგრად ერთობიან ხოლმე.

- ახლა ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ და საინტერესოა, რას აკეთებთ ხოლმე?
- ფეხბურთს ვუყურებ, ბავშვებს ვეთამაშები, ვკითხულობ, მაგრამ ესეც მომბეზრდა.

- როგორ ფიქრობთ, რის მიღწევა შეუძლია „ბაიერნს“ ამ სეზონში, ივიცა ოლიჩის გარეშე?
- ჩემი ტრავმა „ბაიერნისთვის“, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ხომ ხედავთ, მარიო გომესმა გოლების გატანა დაიწყო და ძალიან კარგ ფორმაშია. რეკორდმაისტერის ყველა თამაში ვნახე და ჩემი აზრით, „ბაიერნი“ მხოლოდ თავის თავზე უნდა იყოს კონცენტრირებული. მთავარია, ჩემმა თანაგუნდელებმა ზედიზედ რამდენიმე თამაში მოიგონ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ, „ბაიერნი“ მეორე წრეში დორტმუნდის „ბორუსიას“ უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს. ვფიქრობ, „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგაშიც შეუძლია წარმატების მიღწევა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული