მორატი შვაინიზე ოცნებობს

AutoSharing Option

არგენტინელი ხოსე ერნესტო სოსა მიუნხენის „ბაიერნში“ 2007 წლიდან ირიცხება, მაგრამ ერთ დროს დიდი ზარზეიმით შეძენილმა ნახევარმცველმა, სამი წლის მანძილზე ვერ შეძლო ის, რომ რეკორდმაისტერში ადგილი დაემკვიდრებინა. აწ უკვე 25 წლის სოსა ბოლოს „ესტუდიანტესში“ იყო განათხოვრებული და სხვათა შორის, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ის არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დიეგო მარადონას გაფართოებულ სიაში გახლდათ შეყვანილი. „ბაიერნმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და სხვებთან ერთად, მიუნხენში სოსაც გამოცხადდა, რადგან იჯარას ვადა გაუვიდა, სოსას კი „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2011 წლამდე აკავშირებს, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ

ერთ დროს უაღრესად პერსპექტიულ მოთამაშედ შერაცხული ნახევარმცველი მიუნხენური კლუბიდან წავა.
სოსას მრჩეველი ფაბიო ბილარდო ამბობს, რომ 25 წლის არგენტინელს „ბაიერნიდან“ წასვლა უნდა და რომ მისთ იტალიური „პარმა“ ძალიან სერიოზულადაა დაინტერესებული. როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იუწყებიან, მიუნხენური კლუბიც მზადაა, სოსა თუნდაც მცირე თანხის სანაცვლოდ დათმოს, რადგან რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი ამ ფეხბურთელში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს.

სამაგიეროდ, ბავარიელები ჰოლანდიის ნაკრების მაჯრვენა მცველ გრეგორი ვან დერ ვილისთვის ბრძოლას აგრძელებენ. „ბაიერნის“ ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვან დერ ვილის თავის გუნდში ხილვა უნდა. გერმანულ პრესაში გავრცელდა სპეკულაცია იმის შესახებაც, რომ „ბაიერნი“ უკვე მოურიგდა ამსტერდამის „აიაქსს“ ტრანსფერზე, რომელიც გერმანულ გრანდს 17 მილიონი ევრო დაუჯდება. მაგრამ „კიკერი“ გვამცნობს, რომ ტრანსფერი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. გაირკვა, რომ 22 წლის ვან დერ ვილით „ბარსელონაცაა“ დაინტერესებული.

ამასობაში, მიუნხენური კლუბისა და გერმანიის ნაკრების ლიდერ ბასტიან შვაინშტაიგერს მილანის „ინტერში“ ეპატიჟებიან. მილანური გრანდის შეფმა მასიმო მორატიმ „გაძეტა დელო სპორტს“ დაუდასტურა, „ბაიერნის“ შეფებს შვაინშტაიგერზე სიტყვა ჩამოვუგდე, ძალიან მინდა, რომ ამ ფეხბურთელმა „ნერაძურის“ ფორმა მოირგოსო.

„ბასტიანი ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ის უნდა დაესახელებინათ,“ - უთხრა მორატიმ „გაძეტას“. თვითონ შვაინი მიუნხენურ კლუბში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ კლუბის გამოცვლას არ გამორიცხავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული