იუპ ჰაინკესი: რად უნდა "ბაიერნს" მარკო როისი?

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ინტერნეტ-გამოცემა Sport1-ს, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მაგალითად, ვეტერან გერმანელს მიაჩნია, რომ ბუნდესლიგაში "ბავარიას" კონკურენტი არ ჰყავს. ჰაინკესს არ სჯერა, რომ მიონხენგლადბახის "ბორუსიასა" და "ვოლფსბურგს" შეუძლიათ პეპ გვარდიოლას გუნდისთვის კონკურენციის გაწევა.

"ბორუსიასა" და "ვოლფსბურგს" ჯერ არ მიუღწევიათ იმ დონისთვის, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ. ისინი ვერ განაცხადებენ თამამად: "ჩვენ შეგვიძლია ტიტულის მოპოვება". ამას ვერაფრით დავიჯერებ. ბუნებრივია, ვერ ვხედავ ვერც ერთ სერიოზულ კონკურენტს "ბავარიისთვის", - ამბობს ჰაინკესი.

ექსმწვრთნელი გამოეხმაურა იმ აჟიოტაჟს, რომელიც
"დორტმუნდის" შემტევი ნახევარმცველის, მარკო როისის "ბაიერნში" სავარაუდო ტრანსფერს მოჰყვა. ჰაინკესის აზრით, ამ ტრანსფერის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან როისის გაფორმების შემთხვევაში "ბაიერნს" მოედანზე ძალიან ბევრი შემტევი ფეხბურთელი ეყოლება.

"როისის შეძენა სულაც არ არის აუცილებელი "ბავარიისთვის". ამ შემთხვევაში გუნდს მოედანზე ნომინალურად შეტევითი სტილის ექვსი მოთამაშე ეყოლება", - განაცხადა ჰაინკესმა.

შემდეგი თემა, რომელსაც ჰაინკესი შეეხო, "რეალში" წასული ტონი კროოსი იყო: "კროოსი, უბრალოდ, ფანტასტიკურად თამაშობს. მან იპოვა თავისი დანიშნულება. ტონი მოედნის ცენტრში თამაშის ტემპს აწესებს. ის შესანიშნავად შეერწყა "რეალის" თამაშს. ნახევარდაცვაში მოდრიჩის გვერდით სიცარიელის შევსების საუკეთესო ვარიანტი სწორედ კროოსის მიწვევა იყო".

ინტერვიუს ბოლოს ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგის ოთხი ფავორიტი დაასახელა. მისი აზრით, ჩემპიონთა თასზე პრეტენზიის გამოცხადება შეუძლიათ "რეალს", "ბაიერნს", "ბარსელონასა" და "ჩელსის".

"როგორც ვთქვი, ბუნდესლიგაში გამარჯვებულის საკითხზე მსჯელობა არ ღირს. გარდა ამისა, "ბავარიას" გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსები აქვს.

ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგას ოთხი ფავორიტი ჰყავს - "რეალი", "ბაიერნი", "ბარსელონა" და "ჩელსი", - განაცხადა ჰაინკესმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული