შვაინის სიტყვა: მიხაელ ბალაკი ბუნდესგუნდის განუყოფელი ნაწილია და მისთვის კაპიტნობის ჩამორთმევის მიზეზი არ არსებობს
გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და იმ დროს, როცა ბუნდესგუნდს უმთავრესი ფიგურა და კაპიტანი მიხაელ ბალაკი აკლდა, ლიდერის როლი ძალიან კარგად შეასრულა ბასტიან შვაინშტაიგერმა, რომელიც იოახიმ ლიოვის გუნდში აშკარად საუკეთესო იყო. შესაბამისად, ლოგიკურია ის, რომ გაზეთმა "ბილდმა" მუნდიალის შეჯამება და სამომავლო პერსპექტივებზე საუბარი პირველ რიგში სწორედ შვაინშტაიგერს სთხოვა.
- ჰერ შვაინშტაიგერ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა, მიუხედავად იმისა, რომ ფინალში
- ნამდვილად კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ჩემი მიზანი ფინალში გასვლა და ტიტულის მოგება იყო. უკმაყოფილების საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ სიხარულისგან გავგიჟდეთ. ოთხი წლის წინ მესამე ადგილით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, წელს კი მეტი მინდოდა...
- როგორ ფიქრობთ, დიეგო ფორლანმა საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა? კანდიდატებს შორის თქვენც იყავით...
- ფორლანი ულაპარაკოდ საუკეთესო იყო.
- ვრცელდება ინფორმაციები, რომ თქვენი გადაბირება "ჩელსის", "რეალს" და "იუვენტუსს" სურთ...
- მარტო ამათ? რამდენადაც ვიცი, კიდევ ორ-სამ გრანდს ვუნდივარ.
- სერიოზულად?
- ვიხუმრე. იცით, როცა წამყვანი კლუბისა და ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი ხარ, ყოველთვის არსებობენ და იარსებებენ კლუბები, რომლებსაც შენი გადაბირება მოუნდებათ. თუმცა "ბაიერნთან" კონტრაქტი 2012 წლამდე მაქვს გაფორმებული. ჩემს ხელშეკრულებას და კლუბს კი დიდ პატივს ვცემ.
- მაგრამ სხვა კლუბში გადასვლაზეც ფიქრობთ...
- ყოველ შემთხვევაში, სიტყვა ტრანსფერი ჩემთვის უცხო არ არის. მაგრამ ახლა ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა. ვგრძნობ, რომ "ბაიერნი" გენიალურ გუნდად ყალიბდება. ვგულისხმობ იმას, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტყუილად არ გავსულვართ. ჩემი მიზანი კი სწორედ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
- პირდაპირ გკითხავთ: გამორიცხული არ არის, რომ კარიერა სხვაგან გააგრძელოთ?
- არ შემიძლია და არც მინდა იმის თქმა, რომ მიუნხენის "ბაიერნზე" ჯვარი მაქვს დაწერილი.
- მაინც რომელ ქვეყანას ანიჭებთ უპირატესობას?
- ბუნდესლიგა ძალიან მაგარი ლიდაა და ბოლო დროს უდიდესი პროგრესი განიცადა, მაგრამ თუ ოდესმე "ბაიერნს" დავტოვებ, დავტოვებ გერმანიასაც. ცხადია, კარიერას ან იტალიაში გავაგრძელებ, ან ესპანეთში და ანაც ინგლისში.
- მსოფლიოს ჩემპიონატს დავუბრუნდეთ: ინგლისთან და არგენტინასთან გუნდმა უნაკლო ფეხბურთი ითამაშა. როგორ ფიქრობთ, რა დააკლდა ბუნდესგუნდს ესპანეთთან?
- ამაზე მეც ძალიან ბევრი ვიფიქრე. ვფიქრობ, 5-6 დღე დაგვაკლდა.
- რას გულისხმობთ?
- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი შეკრება 5-6 დღით ადრე რომ დაგვეწყო, ჩვენს სათამაშო სტილს უკეთესად დავამუშავებდით და ზუსტად ვიცი, რომ ესპანეთთანაც გაცილებით უკეთ ვითამაშებდით. მაგრამ იმის გამო, რომ ბრემენოს "ვერდერი" გერმანიის თასის ფინალში გავიდა, ხოლო "ბაიერნი" კი თასის ფინალშიც და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, გერმანიის ნაკრები სრული შემადგენლობით გვიან შეიკრიბა.
- თქვენ ფიქრობთ, რომ შეკრება უფრო ხანგრძლივი რომ ყოფილიყო, ესპანეთს მოვუგებდით და ფინალში გავიდოდით?
- ამის გარანტიას ვერავის მივცემ, მაგრამ ფაქტია, რომ უკეთესად ვითამაშებდით და შანსიც მეტი გვექნებოდა. ჩემი აზრით, გერმანიას წელს მსოფლიოს ჩემპიონობაც შეეძლო.
- ესპანეთთან მატჩის წინ ფილიპ ლამმა თქვა, მიხაელ ბალაკს კაპიტნის სამკლავურს იოლად არ დავუთმობო...
- ლამის განცხადება ლეგიტიმურია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესპანეთთან მატჩის წინ ამის დრო არ იყო. როცა ეს გავიგე, ფილიპისგან ძალიან გამიკვირდა. ლამს ჩემი აზრი გულახდილად ვუთხარი.
- ჰო, მაგრამ ამ ყველაფერს თამაშზე გავლენა არ მოუხდენია, ხომ ასეა?
- რა თქმა უნდა, ასეა. უბრალოდ, ესპანეთს ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავს. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ცუდი გუნდი გვყავს. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ძალიან კარგი კოლექტივი გვყავს, ესპანეთს კი - სრულყოფილი, იდეალური.
- იქნება თუ არა გერმანიის ნაკრები ევროპის 2012 წლის უპირველესი ფავორიტი?
- ვფიქრობ, ეს გუნდი მანამდე კიდევ უფრო კარგად შეთამაშდება და ჩვენ შევძლებთ ორი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე პირველობას. ფაქტია, რომ სწორ გზაზე ვართ და უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს. აქედანვე ვიტყვი, რომ ევრო 2012-ზე ჩვენი მიზანი მხოლოდ თასი უნდა იყოს.
- ბალაკთან ერთად?
- მიხაელ ბალაკი გერმანიის ნაკრების განუყოფელი ნაწილია და ასე იქნება მანამ, სანამ კარიერას არ დაასრულებს.
- კაპიტნობა უნდა შეინარჩუნოს?
- მე არ ვარ მწვრთნელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ბალაკს კაპიტნობა უნდა ჩამოვართვათ. რა სისულელეა? ტრავმა რომ არ მიეღო, მუნდიალზე ხომ იქნებოდა კაპიტანი? ჰოდა, რაკი დაშავდა, ამის გამო სამკლავურს ვართმევთ? ლამს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბალაკი შეუცვლელია.