რობენი გერმანიაში დააფასეს

AutoSharing Option

მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა, „სამაგიეროდ“, ჰოლანდიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არიენ რობენი გერმანიაში დააფასეს. ჰოლანდიელი დრიბლიორი, ტრადიციული გამოკითხვის შედეგად, რომელსაც „კიკერი“ გერმანიაში მოთამაშე ყველა პროფესიონალ ფეხბურთელს შორის ატარებს ხოლმე, ბუნდესლიგის 2009/2010 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან რობენს რეკორდმაისტერში მართლაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა.

რობენმა კონკურენტებს უდიდესი უპირატესობით მოუგო - გამოკითხულთა 72.7-მა პროცენტმა საუკეთესო სწორედ ჰოლანდიელი დაასახელა. სხვათა შორის, მეორე ადგილზეც „ბაიერნის“ ფეხბურთელი გავიდა - ბასტიან შვაინშტაიგერი (6.2%). მესამე ადგილი კი ბუნდესლიგის  საუკეთესო ბომბარდირმა ედინ ჯეკომ დაიკავა

(„ვოლფსბურგი“, 4.9%).

აღმოჩენა მიულერი, მწვრთნელი ვან გაალი

პირველი, მეორე და მესამე ბუნდესლიგის, ასევე რეგიონალლიგის ფეხბურთელებმა, წლის აღმოჩენად, როგორც მოსალოდნელი იყო, „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი შერაცხეს (73.1%). მან მარკო როისს („გლადბახი“, 10.5%) და ჰოლგერ ბადშტუბერს (ბაიერნი, 3.6%) აჯობა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელი „ბაიერნის“ თავკაცი ლუის ვან გაალი გახდა (38.8%), მეორე ადგილზე „შალკეს“ დამრიგებელი ფელიქს მაგათი გავიდა (38.3%), მესამეზე კი იურგენ კლოპი („დორტმუნდი“, 8.6%).
სეზონის ოფიციალური სიმბოლური ნაკრები კი, 4-4-2 განლაგებით, ასე გამოიყურება:

მანუელ ნოიერი (შალკე) - ფილიპ ლამი (ბაიერნი), მატს ჰუმლესი (დორტმუნდი), სამი ჰიიპია (ლევერკუზენი), დენის აოგო (ჰამბურგი) - არიენ რობენი (ბაიერნი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), თომას მიულერი (ბაიერნი), ტონი კროოსი (ლევერკუზენი/ბაიერნი) - ედინ ჯეკო, შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული