დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა BVB-სთან ახალი კონტრაქტი ახლახან გააფორმა და თავისი ბედი დორტმუნდულ კლუბს 2014 წლამდე დაუკავშირა, მაგრამ ბუნდესლიგის პირველი წრის გამარჯვებულის მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე აცხადებს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ იურგენი ჩვენთან კიდევ ძალიან დიდხანს დარჩესო.
„ორწელიწადნახევარია, რაც კლოპი „ბორუსიას“ წვრთნის და ამ ხნის მანძილზე ჩვენი გუნდი მხოლოდ პროგრესს განიცდიდა. დარწმუნებული ვარ, რომ იურგენი „დორტმუნდს“ არა 2014 წლამდე, არამედ კიდევ ძალიან დიდხანს უთავკაცებს“, - განაცხადა ვატცკემ „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.