ყველაფერი 2009 წლის ზაფხულში დაიწყო - იმ დროს 24 წლის ედინ ჯეკომ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 32 მატჩში 26 გოლი გაიტანა და მართალია, საუკეთესო ბომბარდირი მაინც ვერ გახდა (მისმა თანაგუნდელმა გრაფიტემ 25 მატჩში 28 გოლი შეაგდო), მაგრამ მაინც მთელი საფეხბურთო ევროპის ყურადღება მიიპყრო. ეს იყო ბოსნიელის პირველი სეზონი ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნის ჩემპიონატში და არცაა გასაკვირი, ედინს მადა რომ გაეზარდა. თანაც, „ვოლფსბურგთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონი ერქვა და პრინციპში, მოულოდნელი არავისთვის ყოფილა ის, რომ გულახდილად თქვა, რომელიმე ტოპ-კლუბში დიდი სიამოვნებით გადავალო.
იმ დღიდან
გერმანული კლუბის ხელმძღვანელებმა იმდენი მოახერხეს, რომ აჟიტირებულ ბოსნიელ თავდამსხმელს ახალ კონტრაქტზე მოაწერინეს ხელი, რომლის მიხედვითაც, ჯეკოს მსურველმა კლუბმა 40 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. „მილანი“ 2009 წლის ზაფხულში მზად იყო, ედინში ამხელა თანხა გაესროლა, მაგრამ „ვოლფსბურგის“ შეფებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს - ბოსნიელი არ გაუშვეს და თანაც, ახალ კონტრაქტზე დაითანხმეს.
ნიჭიერი თავდამსხმელის დაყოლიების ხერხი ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი იყო - დარჩი კიდევ ერთი სეზონი, „მილანი“ არსად გაიქცევა და თუ მართლა უნდიხარ, 40 მილიონს გაისადაც გადაიხდისო. არადა, „მილანი“ „გაიქცა“. ყოველ შემთხვევაში, როსონერის 2010 წლის ზაფხულში „ვოლფსბურგისთვის“ 40 მილიონი აღარ შეუთავაზებია. და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ედინმა მომდევნო (2009/2010 წლების) სეზონშიც ბრწყინვალედ იასპარეზა და 34 მატჩში გატანილი 22 გოლით ამჯერად უკვე გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სხვათა შორის, ჯეკო მიმდინარე სეზონშიც ძალიან კარგად გამოიყურება (10 გოლი 17 თამაშში), მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დღემდე „ვოლფსბურგში“ თამაშობს და დღემდე ოცნებობს ევროპის რომელიმე ტოპ-კლუბში გადასვლაზე.
საქმე ისაა, რომ 40 მილიონის გადახდას ვერც ერთი სუპერგრანდი ვეღარ რისკავს, გერმანული კლუბის შეფები კი ბოსნიელ ბომბარდირს ერთ ცენტსაც არ აკლებენ. „მილანი“ დაინტერესებული აღარ არის, სამაგიეროდ, ჯეკოს გადაბირებისთვის ტურინის „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“ იბრძვიან. თუმცა რაკი გოლები მაინც გააქვს და „სამსახურში პატიოსნად მუშაობაზე“ უარს არ ამბობს, „ვოლფსბურგი“ მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე.
თუმცა დღე არ გავა, რომ მის შესახებ ახალი ინფორმაცია არ გავრცელდეს. ორიოდ დღის წინ, ინგლისური პრესა იტყობინებოდა, რომ ჯეკოთი „ლივერპულიც“ დაინტერესდა და მზადაა, „ვოლფსბურგს“ გარკვეულ თანხად(სავარაუდოდ 20 მილიონი) რაიან ბაბელი და დანიელ აგერი დაუთმოს. უახლესი ინფორმაცია კი ისეთია, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგები უკვე საბოლოოდ გამორიცხავენ „ვოლფსბურგის“ მხრიდან გარიგებაზე უარის თქმას.
„ბილდი“ იტყობინება, რომ „მანჩესტერ სიტის“ მფლობელი შეიხი მანსურ ბინ საიდ ალ ნაიანი მზადაა, „ვოლფსბურგს“ ჯეკოში 35 მილიონი ევრო გადაუხადოს. „სიტის“ ტრანსფერის გაჩარხვა 5 იანვრამდე სურს. 30 მილიონს ვოლფსბურგელები ახლავე მიიღებენ, 5 მილიონს კი მოგვიანებით და თანაც იმ შემთხვევაში, თუ რობერტო მანჩინის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. ინგლისური კლუბის იტალიელი მწვრთნელი ბოსნიელ გოლეადორს საუკეთესო ეპითეტებით ამკობს და აცხადებს, ედინ ჯეკოს შეძენით ჩვენი გუნდის ყველა პრობლემა მოგვარდებაო.
რით ჰგავს ჯეკო ვან ბასტენს?
როგორი უნდა იყოს კარგი თავდამსხმელი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის? ფეხბურთის ისტორიას ბევრი უმაღლესი კლასის გოლეადორი ახსოვს, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა რაღაცით იყო გამორჩეული. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, მარტო ლეგენდარულ გერმანელ თავდამსხმელებს გადავხედოთ: ჰორსტ ჰრუბეში თავით თამაშით გამოირჩეოდა და გოლის თავით გატანაში ბადალი არ ჰყავდა; კარლ-ჰაინც რუმენიგე უსწრაფესი და ვერცხლისწყალივით მოძრავი ფორვარდი იყო, რომელიც კონტრშეტევებზე მოთამაშე გუნდებისთვის გახლდათ ზედგამოჭრილი; ულფ კირსტენი საჯარიმოს იდეალური თავდამსხმელი იყო საუკეთესო საგოლე ალღოთი (აღარაფერს ვამბობთ გერდ მიულერზე); მიროსლავ კლოზე კი ანტი-ეგოისტი, გუნდური მოთამაშეა.
მოკლედ, რამდენიმე დიდი თავდამსხმელი ჩამოვთვალეთ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თამამად შეგვიძლია, რომ ედინ ჯეკო ნებისმიერ მათგანს შევადაროთ - გნებავთ ჰრუბეშს, გნებავთ რუმენიგეს, გნებავთ კირსტენს და ა.შ. უკვე ორი აზრი არ არსებობს, გავა დრო და ჯეკოს ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელების სიაში ჩაეწერება, რადგან ბოსნიელი სრულყოფილი, ყოვლისშემძლე ცენტრფორვარდის სტატუსს დღესვე იმსახურებს. სწორედ მისი სრულყოფილების დამსახურებაა ის, რომ ჯეკოს ექსპერტები ყველაზე ხშირად ლეგენდარულ ჰოლანდიელ გოლეადორს, მარკო ვან ბასტენს ამსგავსებენ.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ, ედინ ჯეკო ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და ასე ვთქვათ, ჯერ ყველაფერი წინ აქვს, ვან ბასტენთან შედარება ოდნავადაც აღარ იქნება ალოგიკური. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადნახევარია, „ვოლფსბურგიდან“ წასვლა უნდა, ამას არ მალავს და არ უშვებენ, ის მაინც განაგრძობს უმაღლეს დონეზე თამაშს და გოლების გატანას, რაც ბოსნიელი თავდამსხმელის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გაბრაზებული ჯეკო ჯერ არავის ახსოვს და არც უდისციპლინოდ მოქცეულა ოდესმე - „მგლების“ მეცხრე ნომერი მშვიდად აგრძელებს თავისი საქმის კეთებას.
იმდენად ელეგანტურია, რომ ბევრს აროგანტი ჰგონია
ჯეკოს ყოფილი მწვრთნელი, ამჟამად „შალკეს“ დამრიგებელი ფელიქს მაგათი ამბობს, ედინის უმთავრესი პლუსები სწრაფი აზროვნება, ცივსისხლიანობა, მოედნის მშვენიერი ხედვა და მეტოქე გუნდის დაცვაში ხვრელების სწრაფი აღმოჩენააო.
მაგათისვე აზრით, ედინი ბურთთან ურთიერთობისას იმდენად ელეგანტურია, რომ ბევრს აროგანტად, ეგოისტადაც კი მოეჩვენება.
მართალია, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის პირველ წრეში 10 გოლის გატანა შეძლო, რაც ნამდვილად კარგი შედეგია, მაგრამ მაინც ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი ამ სეზონში ჯერ არ გამოუვლენია. აი, სტატისტიკაც: თუკი წინა სეზონში საშუალოდ ერთ თამაშში ბურთს 42-ჯერ ეხებოდა, მიმდინარე სეზონში ეს მაჩვენებელი 34-მდე დაეცა; პასის სიზუსტემ 71 პროცენტიდან 56 პროცენტამდე დაიწია; კარისკენ დარტყმების სიზუსტემ კი - 54-დან 48 პროცენტამდე. და მიუხედავად ამისა, მაინც ათი გოლი გაიტანა. საერთი ჯამში მას ბუნდესლიგაში 111 მატჩში 66 გოლი აქვს გატანილი, რაც ფენომენალური შედეგია (აღარაფერს ვამბობთ 28 საგოლე პასზე).
მაგრამ ეგ არაფერი: ედინ ჯეკოს სეზონის მეორე ნახევრები უფრო უყვარს. თვითონ განსაჯეთ: შარშან და შარშანწინ მან მეორე წრეში გაცილებით მეტი გოლის გატანა შეძლო, ვიდრე პირველში. წინა სეზონში 22 გოლიდან 15 მეორე წრეში შეაგდო, „ვოლფსბურგის“ საჩემპიონო სეზონში კი პირველ წრეში მხოლოდ 5 გოლი ჰქონდა გატანილი და სეზონის მეორე ნახევარში 21 (!) გოლი გაიტანა. ასე რომ, როგორც ხედავთ, „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელებს ტყუილად არ უნდათ ბოსნიელის იანვარში ყიდვა.
ჯეკოზე საუბრისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ედინის შედეგიანობა დიდად არის დამოკიდებული თანაგუნდელების ქმედითუნარიანობაზეც. მიმდინარე სეზონის პირველ წრეში მისი მეწყვილე გრაფიტე საშინელ ფორმაში იყო და იმედები ვერც „იუვენტუსიდან“ ნაყიდმა დიეგომ გაამართლა, რის გამოც ჯეკო „მგლების“ წინა ხაზში უმეტესად მარტო კაცი იყო და სწორედ ამიტომ გაიტანა „მხოლოდ“ ათი გოლი.
ერთი რამ ფაქტია: ედინ ჯეკო უკვე ძალიან მაგარი თავდამსხმელია და აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს. ბოსნიელი ნებისმიერ გრანდს დაამშვენებდა. მით უმეტეს „მანჩესტერ სიტის“.
.