- თქვენი ტრანსფერი "ბაიერნში" ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მოგვიყევით გადასვლის დეტალებზე.
- ეს ძალიან სწრაფად მოხდა. "ბაიერნის" ინტერესის შესახებ აგვისტოს ბოლოსკენ შევიტყვე. წინადადების მიღების შემდეგ პაუზა ავიღე, რათა ყველაფერი კარგად მომეფიქრებინა. და გადავწყვიტე, რომ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა.
მადრიდში ხუთი შესანიშნავი წელი გავატარე, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებით დასრულდა. მე ის ადამიანი ვარ, ვისაც რაიმე
მოგებული მაქვს ესპანეთის პრიმერა, ინგლისის პრემიერლიგა, ახლა კი ახალ სიმაღლეზე ასვლა მინდა. მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში ბუნდესლიგა სწრაფი ტემპებით პროგრესირებს, დღევანდელი "ბაიერნი" კი სერიოზული პროექტია. აქ შეკრებილნი არიან ბრწყინვალე ფეხბურთელები, შესანიშნავი მწვრთნელი. კლუბს დიადი წარსული და პერსპექტიული მომავალი აქვს.
ამ ყველაფერმა გავლენა იქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე. რა თქმა უნდა, რთული იყო "რეალის" დატოვება, მაგრამ სისულელეა რაიმეზე წუწუნი.
- გადასვლის წინ შეხვედრა გქონდათ გვარდიოლასთან. რაზე ილაპარაკეთ?
- მან მიმანიშნა, რომ გუნდს ვჭირდებოდი. მელაპარაკა ფეხბურთის საკუთარ ხედვაზე, იმაზე, თუ რით შემეძლო "ბაიერნისთვის" დახმარება. თუ ამ საუბრამდე ბუნდოვნად მქონდა წარმოდგენილი საკუთარი თავი გუნდში, შეხვედრის შემდეგ ზუსტად ვიცოდი ჩემი ადგილი.
- დაწვრილებით მოგვიყევით გვარდიოლასთან თანამშრომლობაზე;
- მასში არის რაღაც განსაკუთრებული. ის, რაც მან ბარსელონასთან" ერთად გააკეთა - ფანტასტიკაა. ასეთი შედეგების მისაღწევად მწვრთნელს რაღაც უნდა გამოეგონა და გუნდთან ისე არ ემუშავა, როგორც ამას ყველა აკეთებს.
ადრე ესპანეთის ნაკრებში ჩემი პარტნიორებისგან გაგონილი მქონდა მისი მუშაობის შესახებ. და ახლა, გამიჩნდა სურვილი თავად გამომეცადა ეს ყველაფერი. გვარდიოლა ყველაფრის ანალიზს აკეთებს, რაც კი შესაძლებელია. ცდილობს მეტოქის შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია შეაგროვოს - მწვრთნელზე, მთლიანად გუნდზე და თითოეულ ფეხბურთელზე.
- შეადარეთ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო.
- ისინი სხვადასხვაგვარად უყურებენ ფეხბურთს. გვარდიოლა უფრო შეტევაზეა ორიენტირებული, მისი გუნდები ძალის პოზიციიდან თამაშობენ.
- რით განსხვავდებიან "რეალი" და "ბაიერნი"?
- "რეალი" ერთი დიდი, ხმაურიანი სახლია. მიუნხენში კი სიწყნარეა. ამაშია მთავარი განსხვავება. სიმართლე გითხრათ, მშვიდ ვითარებაში მუშაობა უკეთესია. სხვა ყველაფერში - ორივე გუნდი თითქმის თანაბარია. ისინი გრანდები არიან, რომლებსაც აქვთ ფანტასტიკური სტადიონები და ჰყავთ შესანიშნავი ფეხბურთელები.
"რეალში" უფრო სწრაფად ვთამაშობდით და უფრო "პირდაპირები" ვიყავით. აქ ჩვენ ვცდილობთ 90 წუთის განმავლობაში თამაშის კონტროლს, მუდმივად ვეძებთ დარტყმის შესაძლებლობას და თითოეულ მომენტს ვუფრთხილდებით.
- "ბაიერნში" ვარჯიშები ხშირად მაყურებლების თანდასწრებით მიმდინარეობს. ამან გაგაკვირვათ?
- მე მითხრეს, რომ კლუბს სურს უფრო ხელმისაწვდომი იყო გულშემატკივრებისთვის არა მხოლოდ მატჩებზე, არამედ ვარჯიშებზეც, ამიტომაც "ბაიერნი" ყველა მსურველს იწვევს.
"რეალში" იშვიათად არის ღია ვარჯიშები. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ვარჯიშებზე გულშემატკივრები ხელს არ გვიშლიან - არ ყვირიან, არ უსტვენენ. ისინი პატივს სცემენ ჩვენს სამუშაოს და ჩუმად გვადევნებენ თვალს.
- არის კიდევ სხვა რამ, რამაც გერმანიაში გაგაოცათ?
- აღფრთოვანებული ვარ ჩვენი გულშემატკივრებით. ისინი ყველგან თან დაგვყვებიან - ნებისმიერ ქალაქში 4-5 ათასი ფანი გვიჭერს მხარს. და ეს სასიამოვნოა. აქ ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი.ს
- ამ სეზონში გახდით პირველი ფეხბურთელი, ვინც ბურთს ათასზე მეტჯერ შეეხო. ელოდით ასეთ რამეს?
- ფეხბურთი - მათემატიკა არ არის. არავის გააჩნია იდეალური მატჩის ფორმულა. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ მომართული ვარ, რაც შეიძლება უკეთ ვითამაშო. თითქოს ბუნდესლიგის ახალბედა ვარ, მაგრამ ეს არ იგრძნობა. მივედი გუნდში, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ ითამაშოს ფეხბურთი, იცის საკუთარი სტილი.
მოხარული ვარ, რომ სწრაფად მოვახერხე გუნდის თამაშზე მორგება, მაგრამ ამაში ჩემი პარტნიორების დამსახურებაა.
- წლევანდელ სეზონში "ბაიერნი" სხვადასხვა ტაქტიკური სქემით თამაშობდა. ამაზე რას ფიქრობთ?
- თანამედროვე ფეხბურთში შეუძლებელია ერთი შაბლონით თამაში. ნებისმიერმა გუნდმა, რომელიც მაღალ მიზნებზე ფიქრობს, უნდა იცოდეს სხვადასხვანაირად თამაში. ასე რომ, გუნდი ცდილობს თავისი ძლიერი მხარეების კონტროლს და მეტოქის სისუსტეებისგან სარგებლობის პოვნას.
- ოდესღაც გითამაშიათ გუნდში, რომელიც ასეთი მოქნილია ტაქტიკის მხრივ?
- არა. როგორც წესი, გუნდი მხოლოდ ორ სქემას იყენებს, "ბაიერნში" კი ჩვენ ხანდახან ერთ მატჩში სამჯერ ვიცვლით პოზიციებს. ასე რომ, გუნდის თამაში უფრო ეფექტური ხდება.
- გასულ წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალის" შემადგენლობაში გაანადგურეთ "ბაიერნი" 4:0. რა დასკვნები გამოიტანა ამ წაგებისგან მიუნხენურმა კლუბმა?
- ყველა ყოველთვის სრულყოფასა და შეცდომებზე სწავლას ცდილობს. არ შემიძლია იმის თქმა, რომ კონკრეტულად ამ თამაშიდან მიიღო გაკვეთილი "ბაიერნმა", მაგრამ სამუშაო ყოველდღიურად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, შედეგი მოულოდნელი იყო. თუმცა მსგავსი რამ ხდება ფეხბურთში. გაიხსენეთ ბრაზილიის ნაკრების ფიასკო გერმანელებისგან 1:7.
- რამდენად რთული იყო თქვენი თანაგუნდელებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ყოველდღიურ საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება? თავად იყავით ასეთ სიტუაციაში ოთხი წლის წინ.
- მაგრამ გუნდი მაინც დამშეულია გამარჯვებებზე. არავინ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას, ყველას უფრო მეტი უნდა.
- ცხოვრობთ სახლში, რომელიც მანამდე ტონი კროოსს ეკუთვნოდა. კმაყოფილი ხართ ამ ადგილით?
- აბსოლუტურად. მეც და ჩემს მეუღლესაც ძალიან მოგვწონს ეს სახლი. აქ ბაღიც არის მცირე საფეხბურთო მოედნით ჩემი პატარა ვაჟისთვის. ერთადერთი, რაც მაკლია - თოვლია. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მალე მოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"