შვაინის წელიწადი

AutoSharing Option

2010 წელი გერმანულ ფეხბურთში ბასტიან შვაინშტაიგერის იყო და ამაზე ორი აზრი არც მანამდე არსებობდა, სანამ ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტული გერმანული სპორტული გამოცემა „კიკერი“ მას წლის კაცად დაასახელებდა. 2010 წელს შვაინშტაიგერმა მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად მოიგო გერმანიის თასი, გახდა გერმანიის ჩემპიონი და ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. შვაინშტაიგერი მსოფლიოს ჩემპიონატზეც ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მიხაელ ბალაკის არყოფნაში ბუნდესგუნდის ლიდერად მოგვევლინა და უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ გერმანიას სამხრეთ აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური გუნდი ჰყავდა და რომ მესამე ადგილი დაისაკუთრა. ტიტულებსა და მედლებს თავი რომ

დავანებოთ, ბასტიანი მთელი წლის მანძილზე იდეალურად გამოიყურებოდა, რაც გვაძლევს კიდეც იმის თქმის საფუძველს, რომ ის უკვე სრულყოფილი ფეხბურთელია. ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელიც ხანდახან მოედანზე თავის თავს ვერ პოულობდა, უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ყველასათვის საყვარელი „შვაინი“ ახლა უკვე ჰერ შვაინშტაიგერია.

აგერ უკვე რამდენიმე დღეა, რაც შვაინშტაიგერი ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ისვენებს - ჯერ შობა იზეიმა, ამაღამ კი ახალ წელს შეხვდება. ამ დღეებში მას ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა საიმისოდ, რომ საყვარელი მუსიკისთვის მოესმინა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კლასიკურ მუსიკას უსმენდა. როგორც თვითონ ამბობს, ბოლო დროს კლასიკურ მუსიკას უდიდესი „მუღამი“ დაუჭირა და საკმაოდ დიდი ხანია, რაც რეპისთვის ან პოპულარული ჩარტ-მუსიკისთვის აღარ მოუსმენია. კლასიკიდან კი, ჯერჯერობით კარმინა ბურანას „ო ფორტუნა“ „დაამუღამა“ და სამომავლოდ ყველა დიდი კლასიკოსის შემოქმედების დეტალურად გაცნობა აქვს დაგეგმილი. სანამ მოცარტზე, ბეთჰოვენსა თუ ბახზე გადავიდოდეს, სწორედ „ო ფორტუნას“ უსმენს და ჩვენც თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს კომპოზიცია 2010 წლის ხედვით მას ყველაზე მეტად ესადაგება. 

...ეს იმიტომ, რომ შვაინშტაიგერს თამამად შეუძლია, თავისი თავი ბედნიერ კაცად ჩათვალოს. მიზეზი მარტივი და ყველასათვის გასაგებია: შვაინიმ 2010 წელს უკანასკნელი კრიტიკოსებიც კი დაარწმუნა იმაში, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი თამაში ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო იმისა, რომ გერმანიის ნაკრებმა მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა, გულშემატკივრებს კი ორი ბრწყინვალე, სიკვდილამდე არდასავიწყებელი მატჩი (არგენტინასთან და გერმანიასთან) აჩუქა. „ბაიერნთან“ ერთად კი გერმანიაში დუბლი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის მოგებასთანაც ძალიან ახლოს იყო (ფინალში „ინტერთან“ 0:2) დამარცხდა. 

წლის ბოლოს კი, ანუ, სულ ცოტა ხნის წინ, „ბაიერნის“ უკანასკნელი საშინაო მატჩის შემდეგ, 26 წლის შვაინშტაიგერმა „ალიანს არენაზე“ შეკრებილ 69 000 ქომაგს რომ ამცნო, „ბაიერნთან“ ახალ კონტრაქტს ვაფორმებ და რეკორდმაისტერში 2016 წლამდე ვრჩებიო, უკვე საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი ფანების გულებში. სულ ბოლოს კი, 2010 წელი შვაინშტაიგერისთვის ბრწყინვალე ტიტულით დაგვირგვინდა - „წლის კაცი“ „კიკერისგან“.

„2010 წელს ბასტიან შვაინშტაიგერი სრულყოფილ პიროვნებად და ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ეს პირველ რიგში მისი წელიწადი იყო“, - ეს სიტყვები გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვს ეკუთვნის. 

ეს დღეს ხდება, ათი წლის წინ კი, მთელი გერმანია კი არა, თვითონ 14 წლის ბასტიანი და მისი მშობლებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ შვაინშტაიგერი არათუ მეგა ვარსკვლავი, არამედ მინიმუმ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდებოდა. 

ობერბაირნელი ბავშვი „ზებენერ შტრასეზე“ 1998 წელს მივიდა. 14 წელი კი „ბაიერნის“ დარი კლუბის სკოლაში მისვლისას უკვე ძალიან ბევრია. მანამდე ბასტიანი მოთხილამურის კარიერაზე ოცნებობდა და სპორტის ამ სახეობაში საკმაოდ დიდი წარმატებებითაც დაიკვეხნიდა. ფეხბურთელობა კი პირველად სწორედ 13-14 წლის ასაკში გადაწყვიტა.


მიუნხენის „ბაიერნში“ მისი ოფიციალური დებიუტი 2002 წელს შედგა - მაშინ შვაინშტაიგერი 18 წლის იყო. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ კი შვაინიმ უკვე გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორმაც მოირგო. თავიდან მხოლოდ ფლანგზე ათამაშებდნენ - ხან მარჯვნივ, ხანაც მარცხნივ და იყო შემთხვევები, როცა შვაინშტაიგერს „ბაიერნის“ დაცვის მარცხენა ფლანგზეც კი ვხედავდით. გარემარბი შვაინშტაიგერი საგოლე პასებსაც აკეთებდა და გოლებიც გაჰქონდა (უმეტესად შორეული დარტყმებით). შიგადაშიგ მატჩებს უმაღლეს დონეზეც ატარებდა ხოლმე - მაგალითად, 2006 წლის მუნდიალზე პორტუგალიასთან იდეალური შვაინშტაიგერი ვიხილეთ, ბასტიანმა ბუნდესგუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩში ფაქტობრივად მარტომ მოაგებინა.

ჰქონდა ჩავარდნებიც, რაც განსაკუთრებით 2006-დან 2008 წლამდე პერიოდამდე ითქმის. ეს იყო დრო, როცა შვაინშტაიგერი ფეხს ვერ უწყობდა მეტოქე გუნდების ფლანგების სწრაფ მცველებს და როცა მისი ჩაწოდებების უმეტესობა კარისკენ მიდიოდა და კარსაც კი სცდებოდა. იმ დროს გერმანელი ექსპერტები ამბობდნენ, შვაინშტაიგერი განსაკუთრებული ფეხბურთელი აღარ არის და როგორც ჩანს, ვერც ვერასდროს გახდება, ის ახლა მხოლოდ გუნდის შემადგენელი ნაწილია და მეტი არც არაფერიო.

თუ ამ საკმაოდ სამართლიან და ლოგიკურ მოსაზრებას მის იმიჯსაც დავუმატებთ, იოლად მივხვდებით, რატომ აპირებდა საფეხბურთო გერმანია შვაინშტაიგერზე ხელის ჩაქნევას. ბასტიანს შვაინის ეძახდნენ და ის ყველას უყვარდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ „საყვარელი ბიჭუნას“ იმიჯი შეიქმნა. რაკი მისი მეგობარი ლუკას პოდოლსკიც შვაინშტაიგერის თაობის წარმომადგენელი იყო, ბევრი ფიქრობდა, რომ შვაინიც პოლდის ბედს გაიზიარებდა. აბრალებდნენ პასუხისმგებლობისგან გაქცევას და უწინასწარმეტყველებდნენ ლიდერის ფუნქციების შესრულების უნიჭობას. ბასტიანი მინიმუმ მიხაელ ბალაკის დონის ფეხბურთელიც კი ვერ გახდებაო, - ასეთი იყო საფეხბურთო გერმანიის მოსაზრება.

2006 წლის მუნდიალის შემდეგ, რომელზეც გერმანიამ მესამე ადგილი დაიკავა, შვაინშტაიგერს დიდი ჩავარდნა დაეწყო და საქმე იქამდე მივიდა, რომ ბასტიანი კინაღამ ამოვარდა „ბაიერნის“ ძირითადი შემადგენლობიდან. სწორედ მაშინ აევსო „ბაიერნის“ იმჟამინდელ მენეჯერ ული ჰიონესს მოთმინების ფიალა და შვაინშტაიგერს ისე შეუტია, რომ ბასტიანის ადგილზე ყოფნას მტერსაც კი არ უსურვებდა კაცი. ჰიონესმა იმ დროს „ბილდ ამ ზონთაგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შვაინშტაიგერზე იმდენი ლეგენდარული ფრაზა თქვა, რამდენიც ცხოვრებაში არ უთქვამს. აი, რამდენიმე მათგანიც: „შვაინის ბოლო წლებში უკანალში ძალიან ბევრი შაქარი შეაყარეს, თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას და ახლა ჩემი მიზანია, რომ შაქარი უკან გამოვყარო!“ „შვაინშტაიგერი მოედანზე ძალიან ცოტას შრომობს და თუ სასწრაფოდ არ გამოსწორდება, სასტარტოში ადგილს დაკარგავს!“ „უკვე სერიოზულად მეპარება ეჭვი იმაში, რომ ის ოდესმე დიდი ფეხბურთელი გახდება...“

ჰიონესმა იცის, რა დროს რა უნდა თქვას და ამ სკანდალურმა ინტერვიუმ შვაინშტაიგერის შემთხვევაში ფაქტობრივად იდეალურად გაამართლა: ბასტიანმა თავის თავზე მუშაობა უფრო დიდი გულმოდგინებით დაიწყო და სულ ცოტა ხანში, „ბასტი“ „ბასტიანად“ გადაიქცა, ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბდა, დასერიოზულდა, რამაც როგორც „ბაიერნში“, ასევე გერმანიის ნაკრებშიც, დიდი ფეხბურთელობისკენ გაუხსნა გზა.

მეგავარსკვლავობამდე ბოლო ნაბიჯი მას ლუის ვან გაალმა გადაადგმევინა, რის გამოც შვაინშტაიგერი მუდმივად იმეორებს, ცხოვრების ბოლომდე ლუისის მადლიერი ვიქნებიო. საქმე იმაშია, რომ როცა ვან გაალი „ბაიერნის“ მწვრთნელად დაინიშნა, გადაწყვიტა, შვაინშტაიგერი ფლანგიდან მოედნის ცენტრში გადაეწია და საყრდენ ნახევარმცველად გაემწესებინა. „ლუისი პირველი მწვრთნელია, რომელიც იმდენად მენდო, რომ ფლანგიდან ცენტრში გადამწია და ეს მეტად საპასუხისმგებლო პოზიცია ჩამაბარა“, - ამბობს შვაინი. 

ამის შემდეგ შვაინშტაიგერმა თავისი ახალი პლუსები გამოამჟღავნა. პირველი, რაც ყველამ შენიშნა, იყო ის, რომ შვაინშტაიგერს თურმე ძალიან ბევრი ორთაბრძოლის მოგება შეუძლია. ამასთან, გამოჩნდა ის, რომ ბასტიანს მშვნიერი პასების ჩამორიგება, შეტევების ცენტრიდან გაძღოლა და ბოლო პასის გაკეთება შეუძლია, რომ მას მოედნის მშვენიერი ხედვა აქვს და ა.შ. 

„შვაინი აღარ არსებობს, - შესაბამისია ული ჰიონესის ამასწინანდელი კომენტარიც, - ახლა ის ჰერ შვაინშტაიგერია!“ 

ვან გაალის იდეა მყისვე აიტაცა გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ლიოვმაც. პრინციპში, იოგის სხვა გზა არც ჰქონდა, რადგან შვაინშტაიგერმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე იმედები გადაჭარბებით გაამართლა და თანაც, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბუნდესგუნდს კაპიტანი ბალაკი დაუშავდა. შედეგი: შვაინშტაიგერმა 2010 წლის მუნდიალზე ბრწყინვალედ ითამაშა და სამი ხედირასთან ერთად, გერმანიის ნახევარდაცვის ცენტრში იდეალური ტანდემი შექმნა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბასტიანმა გერმანიას ბალაკის არსებობა დაავიწყა, მოგვიანებით კი, მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალურ სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. 

„ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებით მან უარი სტკიცა ჟოზე მოურინიოს, რომელიც ღიად აცხადებდა, ბასტიანი „რეალში“ უნდა გადმოვიყვანოო. შესაბამისად, ახლა ის არა მარტო „ჰერ შვაინშტაიგერი“, არა მარტო ზრდასრული ადამიანი, არა მარტო ჩამოყალიბებული მეგა ვარსკვლავი, არა მარტო „2010 წლის გერმანელი“ („კიკერის“ ვერსიით) არამედ, სრულყოფილი ბაიერნელიცაა.

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული