* * *
ამასობაში, ცნობილი ხდება, რომ "ლევერკუზენის" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა "ვალენსიას" მცველი ანტონიო ბარაგანი. ამასთან, "ბაიერი" არ აპირებს უახლოეს ხანში ამ ფეხბურთელის შეძენას - გერმანული მხარე ზაფხულამდე მოიცდის და უფასოდ აიყვანს ესპანელს.
საქმე ისაა, რომ ვალენსიელები არ აპირებენ ბარაგანთან მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებას, რომელიც 2015 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში ბარაგანმა პრიმერაში 16 მატჩი ჩაატარა.
* * *
ასევე ირკვევა, რომ "ბაიერი" ვერ ახერხებს "რომასთან" მოლაპარაკებას ხორვატი მცველის, ტინ იედვაის კონტრაქტის გამოსყიდვის თაობაზე. ეს ფეხბურთელი რომაულ კლუბს ეკუთვნის, მაგრამ ამ სეზონში, იჯარის წესით, "ლევერკუზენის" რიგებში თამაშობს.
გერმანელებს მოსწონთ 19 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი და მასთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება სურთ, მაგრამ "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა აღნიშნა, რომ "რომა" არარეალურ თანხას ითხოვს ხორვატის სანაცვლოდ.
"მათ მიერ დასახელებული 10 მილიონი ევრო არარეალურია, - ამბობს "ბილდთან" კომენტარში ფიოლერი. - ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს "რომასთან". მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ იედვაისთან დაკავშირებით კარგი ინფორმაცია არ მაქვს. გონივრული გამოსავალი უნდა ვიპოვოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"