დეკემბრის მიწურულს გაუწყეთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ მზადაა, „ვოლფსბურგს“ ბოსნიელი გოლეადორის, ედინ ჯეკოს სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაუხადოს და რომ ინგლისელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჯეკო 5 იანვრამდე იყიდონ. სიახლე ჯერჯერობით მხოლოდ ისაა, რომ „ვოლფსბურგი“ ესპანურ შეკრებაზე (მარბელიაში) ედინის გარეშე გაფრინდა, მაგრამ მიზეზი იმისა, რის გამოც ბოსნიელი ესპანეთში ვერ გაფრინდა, არა „მანჩესტერ სიტიში“ ტრანსფერი ან ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებები, არამედ ის არის, რომ დიდთოვლობის გამო მისი გაფრენა ვერ მოხერხდა და ჯეკო ბოსნიაში ჩარჩა. „ვოლფსბურგის“ ოფიციალური განცხადებით, ედინ ჯეკო სარაეოვოდან მარბელიასკენ გეზს დღეს
მიუხედავად ამისა, მაინც გაურკვეველია, დარჩება თუ არა ბოსნიელი „ვოლფსბურგში“.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფეხბურთელის მრჩეველი ირფან რეჯეპაგიჩი „სიტისთან“ კონტრაქტის უკანასკნელ დეტალებს ათანხმებს, გერმანული პრესა იმასაც იტყობინება, რომ „ვოლფსბურგის“ სამეთვალყურეო საბჭომ მენეჯერ დიტერ ჰიონესს ჯეკოს გაყიდვის ნება დართო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი ბოსნიელი თავდამსხმელის ღირსეულ შემცვლელს იყიდის.
ამასობაში, გერმანულ და რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ვოლფსბურგი“ მოსკოვის „დინამოს“ გერმანელი ფორვარდის, კევინ კურანის ყიდვას აპირებს, რაზეც მოსკოვური კლუბის შეფებმა კატეგორიული უარი განაცხადეს. „დინამოს“ პრეზიდენტ იური ისაიევის თქმით, კურანი არ იყიდება. ყოფილ შალკელს მოსკოველებთაბნ კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული.
კლოზე რეალში?
ესპანური გაზეთი „ელ მუნდო დეპორტივო“ იტყობინება, რომ მადრიდის „რეალმა“ „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს დაადგა თვალი.
„სამეფო გუნდის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლოზეს ტრავმირებული არგენტინელი გოლეადორის, გონსალო იგუაინის შემცვლელად მოიაზრებს. ხსენებული გამოცემის ცნობით, მოურინიომ „რეალის“ ხელმძღვანელებს ახალი თავდამსხმელის ყიდვა კატეგორიულად მოსთხოვა. იგუაინი ნოემბერში დაშავდა და ახლახანს გაირკვა, რომ ლაზარეთში ყოფნა კიდევ სამი თვის მანძილზე მოუწევს. „ელ მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, კლოზესთან ერთად, „რეალში“ გადასვლის კანდიდატი ფრანკფურტის „აინტრახტის“ ბერძენი თავდამსხმელი თეოფანის გეკასიცაა.
.