ფელიქს მაგათი: ლევან ყენიას იმედი მაქვს!

AutoSharing Option

„შალკემ“ გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადება გუშინ დაიწყო და გელზენკირხენული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა 2011 წელს ჩატარებული პირველი ვარჯიშის შემდეგ „კიკერს“ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც „შალკეში“ მოსალოდნელ ტრანსფერებზე გულახდილად ისაუბრა. რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, „დესპოტმა ფელიქსმა“ ლევან ყენიას შესახებაც ისაუბრა. 

- ჰერ მაგათ, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ერიკ იენდრიშეკი „შალკეს“ დატოვებს. ზაფხულში დიდი იმედით ნაყიდ თავდამსხმელს საკმაოდ მარტივად ელევით. რატომ ვერ გაამართლა მან იმედები?
- დიახ, იენდრიშეკი დაგვტოვებს. მან „შალკედან“ წასვლის სურვილი გამოთქვა, რაც ჩემთვის მისაღებია. მე დღემდე ვფიქრობ,

რომ ერიკს „შალკეში“ თავის დამკვიდრება შეეძლო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა, რაღაც დააკლდა, ალბათ უფრო მონდომება. იენდრიშეკის გარდა ჯერ არავის უთქვამს, რომ „შალკედან“ წასვლა უნდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მასთან ერთად კიდევ რამდენიმე მოთამაშე დაგვტოვებს. 

- შეიძენთ თუ არა ახალ ფეხბურთელებს?
- სიმართლე გითხრათ, არავის ყიდვას ვაპირებთ, მაგრამ გამორიცხულიც არაფერია. 

- „შალკესთვის“ ყველაზე პრობლემატური მარცხენა მცველის პოზიციაა.
- გეთანხმებით, პირველ წრეში ეს პოზიცია ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური იყო, მაგრამ ახალი მარცხენა მცველის ყიდვაზე არ ვფიქრობთ. ლუკას შმიტცის იმედი მაქვს და თანაც, კრისტიან პანდერიც გამოჯანმრთელდა. გვყავს სერხიო ესკუდეროც, რომელსაც გერმანულ ფეხბურთთან შეგუება გაუჭირდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას მეორე წრეშიც უნდა მივცე შანსი.

- სათადარიგო მეკარე მათიას შობერს სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება. რას აპირებთ?
- ჯერ არ ვიცი, შობერის საკითხს გაზაფხულამდე გადავწყვეტ. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ საჩქარო არაფერია. ორი აზრი არ არსებობს, მათიასი იდეალური მეორე მეკარეა და ძალიან მინდა, რომ „შალკეში“ დარჩეს. მისი მომავალი კი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები მანუელ ნოიერის გარშემო. სხვათა შორის, ახალგაზრდა ლარს უნერშტალიც ძალიან პერსპექტიული კიპერია. 

- სხვა რეზერვისტების შესახებ რას გვეტყვით?
- სხვებთან ერთად თავის გამოჩენა, ვერც მარიო გავრანოვიჩმა შეძლო, არადა, ამ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ვამყარებდი და ჯერ კიდევ ვამყარებ. ბოლო დროს ვარჯიშებზე ძალიან მოუმატა და იმედი მაქვს, რომ მეორე წრეში თავს გამოიჩენს. იგივე ეხება ჩიპრიან დეაცსაც, მაგრამ მას გერმანული ენის სწავლა გაუჭირდა, ეს კი სერიოზული პრობლემაა.

- ამასობაში, ლევან ყენია გამოჯანმრთელდა.
- ლევანს ერთი წელი გაუცდა და ახლა გუნდის ახალწვეულივითაა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ვარჯიშებზე უდიდესი მონდომება ეტყობა, რაც ძალიან მახარებს. „აუგსბურგთან“ სათასო მატჩში განაცხადში პირველად შევიყვანე. მართალია, საუკეთესო ფორმისგან ჯერ შორსაა, მაგრამ უდიდესი გულმოდგინებით ვარჯიშობს და იმედი მაქვს, რომ მეორე წრეში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. სანამ ტრავმას მიიღებდა, ძალიან კარგ ფორმაში იყო და თუ გახსოვთ, მუდმივად ვათამაშებდი. ყენიას დიდი პოტენციალი აქვს და იმედია, მეორე წრეში ჩვენს წინა ხაზს გააძლიერებს. 

- ტიმ ჰოოგლანდი უკვე ჩამოწერილია?
- არა, ტიმის იმედიც მაქვს. ახლა აცუტო უჩიდა აზიის თასზე ითამაშებს და იმედი მაქვს, რომ ჰოოგლანდი დაცვის მარჯვენა ფლანგზე მას იდეალურად შეცვლის.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული