ავდიჩი ახალი ალმეიდაა!

AutoSharing Option

ბრემენის „ვერდერმა“ პორტუგალიელი თავდამსხმელი უგო ალმეიდა „ბეშიქთაშს“ რომ მიჰყიდა, მაშინვე ცხადი გახდა, რომ „მუსიკოსები“ იანვარში მის შემცვლელს აუცილებლად შეიძენდნენ და აი ისიც: ბრემენულმა კლუბმა „ელფსბორგიდან“ 22 წლის შვედი ფორვადი დენი ავდიჩი 2.5 მილიონ ევროდ იყიდა. „ვერდერს“ შვედი თავდამსხმელი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია, რადგან გუშინ საღამომდე უკანასკნელი დეტალები იყო შესათანხმებელი, მაგრამ ტრანსფერს ვერაფერი ჩაშლის, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ავდიჩმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და ბრემენულ კლუბს მოსამზადებელ შეკრებაზე გაჰყვა.


დენი ავდიჩი შვედეთში უნიჭიერეს თავდამსხმელად მიიჩნევა - მან წინა სეზონში 37

მატჩში 22 გოლის გატანა შეძლო. ბოსნიაში დაბადებულმა თავდამსხმელმა, რომელიც შვედეთის მოქალაქეა, „ვერდერში“ უგო ალმეიდა უნდა შეცვალოს. ავდიჩი ტანმაღალი (1.93 მეტრი) გოლეადორია ძლიერი დარტყმითა და შესანიშნავი საგოლე ალღოთი. „ვერდერთან“ ერთად, ავდიჩის ხელში ჩასაგდებად „შალკე“, „ბლექბერნი“, „უდინეზე“ და „რენი“ იბრძოდნენ.

„დენი ავდიჩი კლასიკური ტიპის ცენტრალური თავდამსხმელია. შესანიშნავად თამაშობს თავით და აქვს ჩინებული საგოლე ალღო. მას თავისი შესაძლებლობები შვედეთში უკვე დამტკიცებული აქვს და იმედია, გერმანიაშიც ბევრ გოლს გაიტანს. მან კლაუდიო პისაროსთან წესით იდეალური ტანდემი უნდა შექმნას“, - ეს „ვერდერის“ სპორტული დირექტორის, კლაუს ალოფსის სიტყვებია.


„ვერდერი“ შეკრებას თურქეთში, კერძოდ, ბელეკში გაივლის. მუსიკოსები სამ ამხანაგურ მატჩს გამართავენ: 5 იანვარს „ტრაბზონსპორს“ დაუპირისპირდებიან, 8 იანვარს მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ „დუისბურგს“, ხოლო ათში კი თურქულ „ესქიშეჰირს“ შეხვდებიან. ბრემენელთა მთავარმა მწვრთნელმა თომას შააფმა პირველ ვარჯიშზე რამდენიმე ფეხბურთელი მოისაკლისა: სათადარიგო მეკარე კრისტიან ფანდერი, მცველი სებასტიან ბიონიში, ნახევარმცველი ვესლი და მცველი ნალდო, რომელიც დიდი ხანია, ლაზარეთშია.



მერტეზაკერი ლივერპულში?
ამასობაში, ინგლისურმა გაზეთმა „სანდი მირორმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლივერპულს“ „ვერდერისა“ და გერმანიის ნაკრების მცველის, პერ მერტეზაკერის (კონტრაქტი 2012 წლამდე) ყიდვა უნდა. ხსენებული გამოცემის ცნობით, „ლივერპულის“ ერთ-ერთი მენეჯერი დამიენ კომოლი მერტეზაკერს „კაიზერსლაუტერნთან“ მატჩის (1:2) დროს აკვირდებოდა. „სანდი მირორის“ ცნობით, „ლივერპული“ მზადაა, მერტეში 10 მილიონი ფუნტი (11.6 მილიონი ევრო) გადაიხადოს. გაგახსენებთ, რომ ზაფხულში პერის ყიდვა ლონდონის „არსენალს“ უნდოდა და მერტეზაკერმაც სწორედ მაშინ თქვა, ოდესმე პრემიერლიგაში გადასვლა მინდაო.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული