გუსტავო ვიყიდეთ, რობენი ბრუნდება, მეტი რაღა გინდათ?

AutoSharing Option


ჩვენ ყველა ტიტულის მოგება გვინდა და უკან არაფერზე დავიხევთ!
ფილიპ ლამთან და ბასტიან შვაინშტაიგერთან ახალი კონტრაქტების გაფორმების შემდეგ, „ბაიერნის“ ხელმძღვანელებმა კიდევ ერთი სარფიანი საქმე გაჩარხეს: მიუნხენურმა კლუბმა „ჰოფენჰაიმიდან“ ნიჭიერი ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი ლუის გუსტავო 15 მილიონ ევროდ შეიძინა. უკვე გაირკვა, რომ გუსტავო რეკორდმაისტერში 30-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. კიდევ რას აპირებენ „ბაიერნის“ ბოსები? გააძლიერებენ თუ არა გუნდს კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელით? მიუნხენური გრანდის გეგმებზე „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყატარიდან ისაუბრა. მოგეხსენებათ, „ბაიერნი“ მეორე წრისთვის მოსამზადებელ შეკრებას სწორედ ყატარში გადის.


- ჰერ რუმენიგე, „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ყატარში გამგზავრების წინ თქვა, წინა ხაზში ახალი ფეხბურთელი გვჭირდებაო და გულშემატკივრებს დაპირდა, რომ იანვარში რეკორდმაისტერი თავდასხმაში გაძლიერდება.
- ჩემი აზრით, ვან გაალმა მორიგ ახალწვეულში არიენ რობენი იგულისხმა, რომელიც ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ გვიბრუნდება - გამოჯანმრთელებისა და ფორმის აღდგენის შემდეგ რობენი ხომ მართლაც ახალწვეულივით იქნება. ხუმრობა იქით იყოს და, იანვარში სხვა ფეხბურთელის ყიდვას აღარ ვაპირებთ. ლუის გუსტავოს ტრანსფერით „ბაიერნმა“ ბაზარზე აქტიურობა დაასრულა.

- ანუ, მას მერე, რაც ევერტონელმა ბეინესმა მიუნხენში გადმოსვლაზე უარი თქვა, ახალი ფლანგის მცველის შეძენაზე ხელი ჩაიქნიეთ?
- ჰო, ასეა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვაიძულებთ ბეინესს, რომ უფრო ბედნიერი იყოს, ვიდრე „ევერტონშია“. მიუნხენში გადმოსვლას მას ლივერპულში დარჩენა ურჩევნია, რაც მისი არჩევანია. ხომ იცით ცნობილი გამოთქვა, ძაღლს ნადირობა თვითონ უნდა უნდოდეს, ვერავინ ვერავის ვერაფერს აიძულებს.

- „ბაიერნი“ ედინ ჯეკოთიც იყო დაინტერესებული. არც „მანჩესტერ სიტისთან“ ჭიდაობას აპირებთ?
- ედინ ჯეკო ძალიან მაგარი თავდამსხმელია, მაგრამ მარიო გომესმა ამ სეზონის პირველ წრეში უდიდესი პროგრესი განიცადა და ჩვენ ამ უკანასკნელს ასი პროცენტით ვენდობით.

 

მეტიც, „ბაიერნი“ გომესით ძალიან კმაყოფილია.

- ახალწვეულ ლუის გუსტავოს საერთაშორისო არენაზე გამოცდილება არ გააჩნია და როგორ ფიქრობთ, რამდენად გააძლიერებს ის „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგისთვის?
- დარწმუნებული ვარ, რომ გუსტავო იდეალური შენაძენი და „ბაიერნისთვის“ ზედგამოჭრილი ფეხბურთელია, როგორც ბუნდესლიგისთვის, ისე ჩემპიონთა ლიგისთვისაც. თუ „ბაიერნი“ ფეხბურთელში ათ მილიონ ევროზე მეტს იხდის, ე.ი. ხელმძღვანელები ამ მოთამაშის შესაძლებლობებში ასი პროცენტით დარწმუნებულები ვართ. ლუის გუსტავო მშვენიერი საყრდენი ნახევარმცველია და თანაც, სხვა პოზიციებზეც შეუძლია თამაში – მაგალითად, ნახევარდაცვის ფლანგზე, დაცვის ფლანგზე ან დაცვის ცენტრში. მისი ყიდვა პირველ რიგში სწორედ ვან გაალს სურდა და ჩვენც დარწმუნებულები ვართ, რომ ბრაზილიელი „ბაიერნს“ მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

- როგორ მოახერხეთ „ჰოფენჰაიმთან“ შეთანხმების ასე სწრაფად მიღწევა?
- ტრანსფერის განხორციელება ორივე მხარეს სურდა. ჩვენ საკმაოდ პოზიტიური მოლაპარაკებები გავმართეთ „ჰოფენჰაიმის“ მფლობელ დიტმარ ჰოპთან, რომელიც ისედაც ხვდებოდა, რომ ლუის გუსტავოს შენარჩუნებას ვერ მოახერხებდა. ჰოპი უაღრესად სანდო, სერიოზული და სასიამოვნო ადამიანია, რომელიც ყველაფერს რეალურად აფასებს. ასე იყო ლუის გუსტავოს შემთხვევაშიც. პირდაპირ გეტყვით: ჩემი აზრით, ჰოპისნაირი ადამიანები ბუნდესლიგას ძალიან უხდებიან და სჭირდებიან. მასთან შეთანხმებას ორ დღეში, 30 დეკემბრიდან პირველ იანვრამდე მივაღწიეთ.

- მარკ ვან ბომელი „ბაიერნში“ რჩება?
- იმედი მაქვს, რომ დარჩება. ვან ბომელი „ბაიერნის“ ღირსეული კაპიტანია და ნამდვილად არ მინდა, რომ იანვარში დავკარგოთ. ასე რომ, ძალიან გამიხარდება, თუ სეზონს ჩვენთან ჩაამთავრებს.

- როგორ ფიქრობთ, რის მიღწევა შეუძლია „ბაიერნს“ ამ სეზონში?
- ყველა ტიტულის მოგება გვინდა და უკან არაფერზე დავიხევთ! არიენ რობენთან და ლუის გუსტავოსთან ერთად „ბაიერნი“ მეორე წრეში გაცილებით ძლიერი გუნდი იქნება. გვინდა, რომ ისევ გავიდეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მოვიგოთ გერმანიის თასი და ბუნდესლიგაში კი დორტმუნდის „ბორუსია“ წნეხის ქვეშ მოვაქციოთ.

- გჯერათ, რომ „ბაიერნს“ „დორტმუნდთან“ 14-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლია?
- მთავარია, „ბაიერნმა“ თავისი ფეხბურთი ითამაშოს და ყველაფერი შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: „ბაიერნი“ მეორე წრეში გაცილებით მეტ ქულას აიღებს. ფრანც ბეკენბაუერმა სწორად შენიშნა, ჩვენ „ბორუსიას“ იმდენს ვაქებთ და კიდევ იმდენს შევაქებთ, სანამ დორტმუნდელებს ჩავარდნა არ დაეწყებათ და ზუსტად ვიცი, რომ იურგენ კლოპის გუნდს კრიზისული პერიოდი დაუდგება.

- დავიდ ალაბა „ჰოფენჰაიმს“ სეზონის ბოლომდე ათხოვეთ. რატომ არ გაყიდეთ ავსტრიელი?
- იმიტომ რომ ამ ბიჭის გვჯერა, მისი იმედი გვაქვს. ალაბას აქვს იმის პოტენციალი, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს. ასეთი მოთამაშის გაყიდვა კი არ შეიძლება.

- ალბათ აღარ გინდოდათ იმ შეცდომის გამეორება, რომელიც მატს ჰუმელსის შემთხვევაში დაუშვით. ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ჰუმელსს 2012 წელს „დორტმუნდის“ დატოვება 8 მილიონ ევროდ შეუძლია და „ბაიერნი“ უკვე მზადაა, რომ მას კონტრაქტი შესთავაზოს. დაბრუნდება თუ არა ჰუმელსი მიუნხენში?
- ჩვენი მხრიდან ჰუმელსის თემის წინა პლანზე წამოწევა არ იქნებოდა კარგი საქციელი. დღესდღეობით „ბაიერნში“ ჰუმელსის საკითხი არ განიხილება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ „ბაიერნს“ შალკელი მანუელ ნოიერის გადაბირება უნდა. ფელიქს მაგათს თქვენთვის ხომ არ უცნობებია, რომ მზადაა, გერმანიის ნაკრების მეკარის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყოს?
- ახლა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. ფაქტი ის არის, რომ ამჟამად „ბაიერნს“ ჰანს-იორგ ბუტისა და თომას კრაფტის სახით ორი კარგი კიპერი ჰყავს. უბრალოდ დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული