მაფიისგან აღებული 100 000 ევრო

AutoSharing Option

ბოხუმის პროკურატურა ყველა დროის ყველაზე დიდი საფეხბურთო სკანდალის გამოძიებას აგრძელებს. ბოხუმელებს ამ დღეებში გამოძიების ახალი დეტალები არ გაუხმაურებიათ, სამაგიეროდ, გერმანულ ჟურნალ „შტერნში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ „ზანკტ პაულის“ ყოფილ ფეხბურთელთან, 25 წლის რენე შნიტცლერთან, რომელიც აღიარებს, რომ მაფიისგან 100 000 ევრო აიღო, რის სანაცვლოდაც მას მეორე ბუნდესლიგის ხუთი მატჩის მანიპულირებაში უნდა მიეღო მონაწილეობა.

 

მისი თქმით, მაფიოზებმა შნიტცლერს „მაინცთან“ (ორი თამაშის), „ჰანზასთან“, „აუგსბურგთან“ და „დუისბურგთან“ თამაშების მანიპულირება მოსთხოვეს. ფეხბურთელი ამბობს, რომ ფული აიღო, მაგრამ მაფიის მოთხოვნა არ შეასრულა. არის თუ არა ეს სიმართლე, ამას

გამოძიება გაარკვევს, ფაქტი კი ის არის, რომ ხსენებული ხუთი თამაშიდან სამში მას მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია და მხოლოდ ერთ შეხვედრაში ითამაშა 90 წუთი.

 

შნიტცლერი აცხადებს, რომ ფული მას ვინმე „პაულმა“ გადაუხადა. „შტერნის“ ინფორმაციით, ეს არის ჰოლანდიელი მაფიოზი პაულ რ., რომელიც ბოხუმის პროკურატურის გამოძიებაშიც ფიგურირებს. ხსენებული ჟურნალის ინფორმაციით, პაულ რ. სკანდალის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურაა. შნიტცლერს „შტერნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მხოლოდ ამაზე არ უსაუბრია. ის აღნიშნავს, რომ მანიპულაციებსა და ტოტალიზატორში საკუთარი გუნდის მატჩებზე ფულის დადებაში არაერთი თანაგუნდელი თუ სხვა ფეხბურთელი ჰყავს შემჩნეული.

„ცხადია, ძალიან ბევრ ფეხბურთელს ვიცნობდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 70-80 პროცენტი მუდმივად ტოტალიზატორში თამაშობდა. ისინი ფულს არა მარტო თავიანთი გუნდების თამაშებზე დებდნენ, არამედ ფსონებს რომელიღაც ლიგების რომელიღაც თამაშებზეც ჩადიოდნენ და სხვათა შორის, ძალიან ხშირად იგებდნენ, - აცხადებს „ზანკტ პაულის“ ყოფილი ფეხბურთელი და იქვე დასძენს, - ფეხბურთელები აზარტული თამაშებით ისე ერთობოდნენ, რომ ბოლოს ეს ყველაფერი დიდ კომედიას დაემსგავსა. მაგალითად, „ლევერკუზენში“ ყოფნისას, ერთმა მოთამაშემ ვარშავის „ლეგიასთან“ მატჩის წინ თქვა, მოდი, ხუთას-ხუთასი ევრო ჩამოვიდეთ და აეროპორტში ვისი ჩემოდანიც პირველად გამოჩნდება, ჯეკ-პოტი იმან აიღოსო. ჯეკ-პოტმა დაახლოებით 10 000 ევრო შეადგინა და ეს ფული ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, რომლის გვარსაც არ დავასახელებ, მართლაც მოიგო.“

შნიტცლერი ბოლოს ნორდ-რაინ-ვესტფალენის ლიგის წარმომადგენელ „ვეგბერგ-ბეეკში“ თამაშობდა და ერთი მატჩი პირველ ბუნდესლიგაშიც აქვს ჩატარებული (მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მაისურით), „ზანკტ პაულიში“ თავის დროზე იმედები ვერ გაამართლა და გუნდიდან მალევე გაუშვეს. შნიტცლერი თვითონვე ამბობს, ერთხელ „ზანკტ პაულის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰოლგერ სტანისლავსკიმ მითხრა, პოტენციალით ბუნდესლიგის ფეხბურთელი ხარ, მაგრამ იმდენად უტვინო ხარ, რომ კრაისლიგაშიც ვერ ითამაშებო. დღეს შნიტცლერი უგუნდოდაა...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული