ლუის გუსტავოს ნათლობა

AutoSharing Option

ორშაბათს ნაშუადღევს კონტრაქტს ხელი მოაწერა, საღამოს მენეჯერ კრისტიან ნერლინგერთან ერთად ყატარში გაფრინდა და ახალ თანაგუნდელებს შეუერთდა, სამშაბათს კი უკვე პირველად ივარჯიშა - გუშინ „ბაიერნში“ ბრაზილიელი ლუის გუსტავოს „ნათლობა“ შედგა.

დოჰაში ჩასატარებელ პირველ ვარჯიშამდე, საუზმის დროს 23 წლის ბრაზილიელ საყრდენს „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი ოფიციალურად მიესალმა და ლუის გუსტავოც ძალიან ბედნიერი ჩანდა. „ჰოფენჰაიმიდან“ 15 მილიონ ევროდ ნაყიდმა ნახევარმცველმა ინტერვიუებიც ჩამოარიგა და ყველას ერთსა და იმავეს ეუბნებოდა - „ბაიერნში“ თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და მიხარია, რომ ოცნება ამიხდაო.

გუშინვე, გუნდთან ერთად

ივარჯიშა არიენ რობენმაც, რომელსაც მიმდინარე სეზონში „ბაიერნის“ რიგებში არც ერთი თამაში არ ჩაუტარებია. ოღონდ, ჰოლანდიელი დრიბლიორი ჯერჯერობით მაინც სპეციალური პროგრამით ვარჯიშობს. თუმცა 26 წლის ჰოლანდიელი დღეს-ხვალ სრული დატვირთვით ვარჯიშს განაახლებს და შაბათს, დოჰას გუნდთან ამხანაგურ შეხვედრაში უნდა იასპარეზოს. შესაბამისად, რობენმა თამაში წესით ბუნდესლიგის მეორე წრის პირველ ტურშიც (15 იანვარს, ვოლფსბურგთან) უნდა შეძლოს.

სრული დატვირთვით ვერც მარიო გომესი ვარჯიშობს, რომელმაც ამ სეზონში 24 ოფიციალურ მატჩში 20 გოლის გატანა შეძლო. მარიო დეკემბრის მიწურულს, „შტუტგარტთან“ მატჩში (გერმანიის თასი) დაშავდა. გომესი სრული დატვირთვით ვარჯიშს მხოლოდ ხუთშაბათს მოახერხებს. შესაბამისად, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მეორე წრის სტარტს სრულ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს.

გუშინ „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს ინტერვიუ შემოგთავაზეთ, სადაც კალემ აღნიშნა, რომ „ბაიერნი“ იანვარში სხვა ახალი ფეხბურთელების ყიდვას არ აპირებს. გუშინ, ეს ინფორმაცია დოჰაში ჩასულმა ნერლინგერმაც დაადასტურა. მისი თქმით, ლუის გუსტავოს ტრანსფერით რეკორდმაისტერის სატრანსფერო აქტივობები იანვარში ამოწურულია. ნერლინგერმა ისიც თქვა, რომ თუ „ბაიერნის“ რომელიმე ფეხბურთელი უკმაყოფილოა და გუნდიდან წასვლა უნდა, შეუძლია, ეს გულახდილად თქვას და კლუბის ხელმძღვანელები მას ტრანსფერში ხელსაც შეუწყობენ, მაგრამ ნერლინგერის თქმით, წასვლის სურვილი ჯერ არც ერთ მოთამაშეს არ გამოუთქვამს.

 

საბოლოოდ გადაწყდა ისიც, რომ დიეგო კონტენტო და მარკ ვან ბომელი „ბაიერნში“ რჩებიან.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული