ძმები სხვადასხვა ნაკრებში, ეს ფანტასტიკურია - ინტერვიუ ჯერომ ბოატენგთან

AutoSharing Option
ფოტოზე: ჯერომ და კევინ-პრინს ბოატენგი ერთმანეთს მუნდიალზე მეტოქეებად შეხვდნენ

2011 წლის ზაფხულში "მანჩესტერ სიტიდან" მიუნხენის "ბაიერნში" გადასულმა ჯერომ აგიენიმ ბოატენგმა ნელ-ნელა პროგრესირება დაიწყო და დაახლოებით წელიწად-ნახევარია, მაღალ დონეზე თამაშობს.

ჯერომი ჯერ მხოლოდ 26 წლისაა. იგი რეკორდმაისტერისა და გერმანიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა, რაც მუნდიალზეც კარგად გამოჩნდა.

წარმოშობით განელი, მაგრამ ბერლინის მიდამოებში დაბადებული გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონი "ჰერტას" აღზრდილია, საიდანაც "ჰამბურგში" ამოჰყო თავი და სწორედ იქიდან წაიყვანა "სიტიმ", მაგრამ წარუმატებელი, ტრავმიანი ინგლისური პერიოდის შემდეგ, "ბაიერნს" მიაშურა და...

- ჯერომ ინგლისში თამაშისას თქვენ
გამოსცადეთ, რას ნიშნავს ზამთრის შესვენების გარეშე თამაში. რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ახლანდელი პაუზა?

- განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს ახლა იყო, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ. მიმაჩნია, რომ ზამთრის პაუზა აუცილებელია, რადგან ეს არის პერიოდი, როდესაც ფეხბურთელებს ამოსუნთქვისა და ენერგიის აღდგენის საშუალება აქვთ. დატვრთული წლის შემდეგ ეს ახლა მართლაც აუცილებელი გახლდათ.

- თუმცა საშობაო საახალწლო პერიოდამდე იმდენად ბრწყინვალე ფორმაში იყავით, რომ... ხომ არ გერჩივნათ ამჯერად შესვენების გარეშე გეთამაშათ?
- მადლობა კომპლიმენტისთვის. როდესაც კარგ ფორმაში ხარ, ყოველთვის გინდა რომ ასე დიდხანს გაგრძელდეს და პაუზები არ გსურს, მაგრამ თუ მომავალში გავიხედავთ და გავითვალისწინებთ იმას, რომ მთავარი მატჩები წინაა და ტიტულების ბედი აპრილსა და მაისში წყდება, ეს შესვენება დროული გახლდათ და ძალების აღდგენის დრო მოგვეცა.

- "ბაიერნში" ცენტრალური მცველი პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, თქვენს გარდა დანტე, მეჰდი ბენატია და ახლა უკვე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ჰოლგერ ბადშტუბერი უნდა ვახსენოთ. რამდენად დარწმუნებულნი ხართ იმაში, რომ ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად იქნებით?
- შევეცდები დავამტკიცო, რომ ძირითადში ადგილი მეკუთვნის და ის შევინარჩუნო. ვარჯიშებზე, როგორც ყოველთვის, ბოლომდე დავიხარჯები და მინდა, ისეთი სიტუაცია შევქმნა, რომ მწვრთნელს ძალიან გაუჭირდეს ჩემზე თვალის დახუჭვა.

Sportall.Ge

- ჩემპიონთა ლიგაზე 2012 წლის დეკემბერში წითელი ბარათი მიიღეთ, მოედნის ცენტრში უხეშობისთვის, მაგრამ დისკვალიფიკაციის შემდეგ, აბსოლუტურად სხვაგვარი მოთამაშე დაბრუნდით და საგრძნობი პროგრესი გქონდათ.. რა იყო ამის მიზეზი, რა მოხდა იმ პერიოდში?
- დიახ, გეთანხმებით, რომ პროგრესი ამ პერიოდიდან მაქვს. საკუთარ თავსა და თამაშს გარედან დავაკვირდი, დავფიქრდი და ყველაფერი შევაფასე. მწვრთნელის ასისტენტთან, პიტერ ჰერმანთან ერთად დამატებით ვვარჯიშობდი და იუპ ჰაინკესს ბევრს ვესაუბრებოდი. მას მერე მართლაც შევიცვალე.

- კიდევ თუ შეგიძლიათ მომატება?
- ყველა კომპონენტში. სწავლა არასდროს არ უნდა შეწყვიტო და ყოველთვის უნდა სცადო, რომ უკეთესი გახდე. იდეალური ნამდვილად არ ვარ და მომატება შემიძლია, იქნება ეს თავით თამაში, ვარდნა, პოზიციურად სწორად განლაგება თუ შეტევებში აქტიურობა.

- "ოქროს ბურთის" დაჯილდოვების ცერემონიაზე წლის გუნდიც დასახელდა, სადაც მოულოდნელად ვერ მოხვდით. ეს თქვენთვისაც სურპრიზი იყო?
- რომ მოვხვედრილიყავი სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ მე მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი და ეს ბევრად მეტს ნიშნავს ჩემთვის, ვიდრე სიმბოლური ნაკრები.

- ხშირად იხსენენებთ ბრაზილიაში თქვენს ტრიუმფს?
- რეალურად, სხვებს უნდათ ხოლმე ამაზე ჩემთან ლაპარაკი. მე არ ვარ იმ ტიპის ადამიანი, რომელიც სულ წარსულზე ფიქრობს. ჯერ ყველაფერი კარგად უნდა დაილექოს და წლების მერე ალბათ, სრულად გადავავლებ თვალს და გავიხსენებ ბრაზილიის მუნდიალს. ვფიქრობ, ასე ბევრად უფრო სწორი და სასარგებლო იქნება.

- სად არის ახლა თქვენი ოქროს მედალი?
- სახლში, კედელზე ჩამოვკიდე - ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება.

- წიგნში "ერთი ღამე რიოში" თქვენ დაწერეთ, რომ არგენტინასთან მოგებული ფინალის დასრულებისთანავე, საოცარი გრძნობები დაგეუფლათ. შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვითხრათ საფინალო სასტვენის მერე, თქვენს მიერ განცდილ შეგრძნებებზე?
- პირველ რიგში, უაღრესად ამაღლებული განწყობა მქონდა იმის გამო, რომ ჩემ გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე. შემდეგ გამახსენდა, როგორ ვიწყებდი ფეხბურთის თამაშს, ჩვენი ჭიშკრის წინ მამასთან ერთად, როდესაც 3 წლის ვიყავი. ასევე გამახსენდა განვლილი გზა და კარიერა, ჩემი კლუბები, გამიელვა ყველა მნიშვნელოვანმა, წარმატებულმა თუ პრობლემურმა ეპიზოდმა.

ეს პირადული და განსაკუთრებული მომენტი გახლდათ, რომლის სიტყვების გადმოცემაც შეუძლებელია.

- არის რამე ისეთი თქვენ კარიერაში, რასაც შეცვლიდით?
- არაფერი. არც ერთ ნაბიჯს და გადაწყვეტილებას არ ვნანობ. მათ შორის, არც მანჩესტერში გადაბარგებას, სადაც ერთწლიანი რთული და უიღბლო პერიოდი მქონდა, მუხლის ორი სერიოზული ტრავმა მივიღე. ყველაფერი სწორად გავაკეთე და ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. თანაც გზად ბევრს ვსწავლობ.

"ჰამბურგში" მარტინ იოლის ხელქვეით, მძიმე პერიოდი მქონდა, მაგრამ 2011 წლიდან მოყოლებული "ბაიერნში" ვარ და ცუდად არ გამოვიყურები, წარსულში მიღებული გამოცდილება გამომადგა.

- მუნდიალზე განას შეხვდით და თქვენი ძმის კევინ-პრინსის წინააღმდეგ მოგიხდათ თამაში. როგორია, როდესაც ძმები სხვადასხვა ნაკრებებში არიან?
- ერთი მხრივ, ეს ცოტა უჩვეულოა და მეორე მხრივ, ფანტასტიკურია. ძალიან კარგია, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს და ოჯახში ორი ისეთი წევრია, რომლებსაც ამ დონეზე შეუძლიათ თამაში.

- ამ უცნაურ სიტუაციაზე თუ გისაუბრიათ ერთმანეთში?
- დიახ, რა თქმა უნდა. უფრო მატჩის დაწყებამდე. თუმცა ჩვენ უკვე დიდი ხანია, გავითავისეთ ეს სიტუაცია. სხვათა შორის, პატარაობის დროსაც არასოდეს გვითამაშია ერთ გუნდში და არც შემდგომ დაგვიპირებია და გვიცდია, თუ "ჰერტას" პერიოდს არ ჩავთვლით.

- რისი მიღწევა შეუძლია "ბაიერნს" ამ სეზონში?
- ბევრის! ჩვენ სამი ტიტულის მოგების შანსს ვინარჩუნებთ და გვაქვს ამბიციები. ბუნებრივია გვაქვს პოტენციალი და რეალური შანსიც, მთავარია თავდაუზოგავი შრომა გავაგრძელოთ და ფორმის პიკში სწორ დროს შევიდეთ.

- გერმანიის ნაკრების მიზანი ევრო 2016-ზე მოხვედრაა. მსოფლიოს ჩემპიონატის მერე, გუნდში გარკვეული პრობლემებია. შეგიძლიათ სიტუაციის დროულად გამოსწორება?
- დიახ, რასაკვირველია. ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ, შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ, რაც შეიძლება მეტი ქულა ავიღოთ. შემდეგი შეკრებისას წესით, სრული და სასურველი შემადგენლობით უნდა ვიყოთ და დარწმუნებული ვარ, ვითარებას ბოლომდე გამოვასწორებთ.

- თქვენი აზრით, რატომ გაჩნდა გერმანიის ნაკრებში ეს პრობლემები?
- ყველას განსაკუთრებით უნდა მსოფლიოს ჩემპიონის დამარცხება, თანაც ჩვენც რამდენიმე შეცდომა დავუშვით. თუმცა მაგალითად, პოლონეთთან შეხვედრაში მიმაჩნია, რომ მეტოქეს ვჯობდით და არ გაგვიმართლა. თუმცა კიდევ უფრო უკეთ უნდა გვეთამაშა და მეტი მომენტი შეგვექმნა, იგივე ირლანდიასთან და განსაკუთრებით, შოტლანდიასთან.

P.S. ბუნდესლიგის XIX ტურში ჯერომი "შალკესთან" შეხვედრაში ძმას, კევინ პრინსს დაუპირისპირდა. ეს მატჩი არ გამოდგა მისთვის წარმატებული, მე-17 წუთზე ჯერომი უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის გააძევეს, "ბაიერნმა" კი ვერ მოიგო - 1:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული